„თუ დასრულებული ნამუშევარი მომწონს, უკვე ესთეტიკურ სიამოვნებას განვიცდი…“

„რაც თავი მახსოვს, ვხატავ. საერთოდ, ნიჟარაძეებს ვისაც ვიცნობ, ყველა ხატავს. მამაჩემი და ბიძაჩემი მხატვრები არ არიან, მაგრამ კარგად ხატავენ. ხატვა არის ის, რაც ყოველთვის ყველაზე ძალიან მიყვარდა და სხვა პროფესიაზე არც მიფიქრია…“ – ხელოვანი ანა ნიჟარაძე.

– ფერწერა…11198693_849363205112733_1623620079_n
– ბავშვობიდან ავირჩიე ფერწერა. ხუთი წლის ვიყავი, როცა პირველი ნამუშევარი შევასრულე. დედას ახლაც შენახული აქვს. ზღაპრებს ვიგონებდი და შემდეგ პერსონაჟებს ვხატავდი. პირველად რა დავხატე არ მახსოვს, მაგრამ, მაშინ პრინცესების და გოგონების ხატვა მიყვარდა.
სკოლა ისე დავამთავრე, არ მივლია არც ხატვის წრეზე, არც მასწავლებელთან და ჩავაბარე იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლაში, სადაც ძალიან კარგი პედაგოგი მაკა გოცირიძე მყავდა. მან ძალიან ბევრი რამ მასწავლა. თუ რამე ვიცი, სწორედ მისი დამსახურებაა. თვითონ ძალიან ნიჭიერი მხატვარია. გარდა ამისა, ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სკოლა ძლიერი სასწავლებელი იყო და, არც სამხატვრო აკადემიაში გამიჭირდა ჩაბარება. მაგისტრატურა კი სარეკლამო გრაფიკის მიმართულებით დავამთავრე.
– ინსპირაციის წყარო…
– მიყვარს ბუნება. შემოდგომის ფოთლები, თოვლი, წვიმა, ყველაფერი, რაც ბუნებასთან არის დაკავშირებული შეიძლება  ჩემი ინსპირაციის წყარო აღმოჩნდეს. მაგრამ, არ მიყვარს ნატურიდან ხატვა. არასდროს არ ვშლი ბუნებაში მოლბერტს. ვხატავ მხოლოდ იმას, რაც ჩემს გონებაში, ფანტაზიაში და წარმოსახვაში არსებობს – არარეალური პეიზაჟები. მიყვარს ადამიანების ხატვაც, მაგრამ არა პორტრეტების. პორტრეტებს ბავშვობაში ვხატავდი.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდება…11118877_849363195112734_1562439412_n
– ჩემი გარემო სიმშვიდე და მუსიკაა. მუსიკა დიდ როლს თამაშობს ჩემს შემოქმედებაში და არაერთი ნამუშევარი შევქმენი მუსიკის ან ტექსტის შთაგონებით.
– ფერები…
– ფერები ჯერ წარმოსახვაშია და მერე ვცდილობ, გადმოვიტანო. პირადად მე ნაკლებად ვიყენებ ჭრელ და მკაფიო ფერებს. უფრო დამჯდარი და ცივი ფერები მიყვარს. ჩემს ესთეტიკაში ჯდება. უფრო მისტიკურია და მომწონს.
– გამორჩეული ნამუშევრები გაქვს?
– ბევრი ნახატი მაქვს, მაგრამ საკუთარი თავის მიმართ ძალიან კრიტიკული ვარ და რაც მე მომწონს არის, ალბათ 6-7 ნახატი.
გამორჩეულად კი სამი ნამუშევარი მიყვარს. ერთ-ერთი არის ჩემი სადიპლომო, რომელიც ნიკოლაძეში დავხატე. მოცულობით ეს ყველაზე დიდი ნახატია. მეორე არის არლეკინი ვიოლინოთი. საერთოდ, არლეკინის ხატვა ძალიან მიყვარს და მესამე არის ანგელოზი, რომელიც დაჩოქილია ოფელიასთან.
ზოგადად, ჩემს შემოქმედებას ჩემთვის სიმშვიდე მოაქვს. თუ დასრულებული ნამუშევარი მომწონს, უკვე ესთეტიკურ სიამოვნებასაც განვიცდი.
– გამოფენები და კონკურსები…
– ნიკოლაძის სამხატვრო სკოლაში და სამხატვრო აკადემიაში სწავლის პერიოდში ჯგუფურ გამოფენებში და კონკურსებში აქტიურად ვმონაწილეობდი. ვთვლი, რომ ყველა გამოფენა და კონკურსი საინტერესოა, რადგან ჩემთვის მთავარი მხოლოდ მონაწილეობაა. თუმცა თითოეულმა მათგანმა გარკვეული კვალი დატოვა ჩემს ცხოვრებაში, განვითარებაში და ერთგვარი სტიმულია. პერსონალური გამოფენა ჯერ არ მქონია, მაგრამ აუცილებლად გავაკეთებ. როგორც გითხარით, საკუთარი შემოქმედების მიმართ კრიტიკული ვარ და მინდა ისეთი ნამუშევრები მოვაგროვო გამოფენისთვის, რომლებიც ჯერ მე მომეწონება.
– ხელნაკეთი აქსესუარები…11128260_849363191779401_1533012778_n
– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა რაღაცების დაშლა და შემდეგ აწყობა. გარდა ამისა, როგორი აქსესუარებიც მე მომწონდა, არსად არ იყო. თავიდან ჩემთვის ვაკეთებდი, მაგრამ სხვებსაც ძალიან მოეწონათ. სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გვერდი გავაკეთე და ვყიდი. თან ჰობია, თან საქმე. უკვე ერთი წელია ვაკეთებ სხვადასხვა აქსესუარებს პოლიმერული თიხისგან. სწორედ, ამიტომ, ფერწერას ვეღარ ვუთმობ დროს.
– მინდა, რომ…
– მინდა არ ვიყო ზარმაცი და უფრო მეტი ვხატო. დროც ბევრი მქონდეს ხატვისთვის ცხოვრების მანძილზე. ძალიან სწრაფად გადის დრო და ვფიქრობ, ვერ მოვასწრებ იმ ყველაფრის შექმნას, რაც მინდა. მინდა, საქართველოში აფასებდნენ ფერწერას და საერთოდ ხელოვნებას. არ შეარჩიონ ნახატები იმის მიხედვით, რომ ავეჯს ან შპალიერს უხდება. კარგი იქნება, თუ შემოქმედებითი კუთხით დააფასებენ.

მზევინარ ხუციშვილი

11198674_849363215112732_2092214059_n

11208737_849363201779400_1495474296_n

11216390_849363208446066_441502687_n

11208969_849406935108360_1485496580_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები