პუტინ-ობამას შორის კიდევ ერთი სატელეფონო საუბარი შედგა

  აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ერთსაათიანი სატელეფონო საუბარი შედგა, რა დროსაც ობამამ განაცხადა, რომ რუსეთის ქმედებები უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა, რამაც ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად რამდენიმე საპასუხო ნაბიჯის გადადგმამდე მიგვიყვანა. მისი თქმით, არსებობს სიტუაციის დიპლომატიური გზით გადაჭრის შესაძლებლობა რუსეთის ინტერესების, უკრაინელი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის გათვალისწინებით.
“ეს გზა ითვალისწინებს უკრაინისა და რუსეთის ხელისუფლებას შორის პირდაპირი დიალოგის გამართვას, საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით. საერთაშორისო დამკვირვებლები უზრუნველყოფენ უკრაინის ყველა მოქალაქის, მათ შორის ეთნიკური რუსების უფლებების დაცვას”, – აღნიშნულია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აშშ-ის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რუსეთის ჯარები დაუბრუნდნენ თავიანთ ბაზებს და აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა, ერთობლივი ძალისხმევით, მხარს დაუჭერს უკრაინელ ხალხს მაისის საპრეზიდენტო არჩევნების მომზადებაში. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ობამამ ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი გააგრძელებს დისკუსიებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან, უკრაინის ხელისუფლებასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა მიუახლოვდნენ ამ მიზნებს. როგორც კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აშშ-რუსეთის ურთიერთობები არ უნდა ემსხვერპლოს ცალკეულ, თუნდაც ძალიან მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემებს. ვლადიმერ პუტინმა ბარაკ ობამას განუცხადა, რომ რუსეთს არ შეუძლია უგულებელყოს ყირიმის მოთხოვნები დახმარების თაობაზე და რუსეთი ადეკვატურად მოქმედებს. აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის ეს მეორე სატელეფონო საუბარი იყო უკრაინის კრიზისის თაობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები