„ზუგდიდის თეატრის უფროსი თაობა მხოლოდ ერთ რამეზე ვფიქრობთ, ნეტავ, კარგ თეატრს მოვესწრებოდეთ…“

„მე ფაქტობრივად თეატრში გავიზარდე. ჩემს მეზობლად, თითქმის სულ მსახიობები ცხოვრობდნენ და, შეიძლება ითქვას, მათი გავლენის ქვეშ ვიყავი. ძალიან დიდ დროს ვატარებდი თეატრში და სულ მაინტერესებდა, რა ხდებოდა ფარდის მიღმა. ალბათ, საკუთარი ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების სურვილმა – უფრო კარგად გამეცნო თეატრის შიდა სამზარეულო, გადამადგმევინა ნაბიჯი და თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავაბარე. დავამთავრე დათო კობახიძის ჯგუფი…“ – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობი ნანა ბუკია.

– მოზარდმაყურებელთა თეატრი…11134225_843048099077577_517135249_n
– 1993 წელს დავამთავრე თეატრალური უნივერსიტეტი და ჩემთვისაც მოულოდნელად მოზარდმაყურებელთა თეატრში დავიწყე მუშაობა. ჩემდა საბედნიეროდ, შესანიშნავ პიროვნებასთან და რეჟისორთან შალვა გაწერელიასთან მომიწია მუშაობა. მე რომ მივედი თეატრში, სპექტაკლ „კუკარაჩას“ აღდგენა მიმდინარეობდა. როგორც წესი, რეჟისორები ცდილობენ, ახალი მისული მსახიობი გამოსცადონ. შემიყვანეს რეპეტიციაზე და ყველას გასაკვირად ჩემი როლი ძალიან მალე მოვირგე. ბატონმა შალვამც აღნიშნა, რომ გაუცხოვების მომენტი არ მქონია. კარგი პერიოდი იყო, განსაკუთრებით მუმუშასთან მუშაობა საინტერესო და ერთგვარი გაკვეთილი იყო ჩემთვის. სამწუხაროდ, მაშინ მოზარდმაყურებელთა თეატრს თავისი შენობა არ ჰქონდა. შალვა გაწერელია კი ცდილობდა მთავრობასთან მოლაპარაკებას, მაგრამ მოხდა ისე, რომ იგი თეატრიდან წავიდა. სოლიდარობის ნიშნად, მაშინ ბევრი წავიდა თეატრიდან და მათ შორის მეც.
– ზუგდიდის თეატრი…
– 1996 წლიდან ვარ ზუგდიდის თეატრის მსახიობი. ზუგდიდში დავბრუნდი იმიტომ, რომ ზუგდიდელი ვარ და ოჯახი აქ ცხოვრობდა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი მიზეზი ის იყო, იმ დროს ზუგდიდის თეატრში არაფერი არ ხდებოდა. „მხედრიონის“ პერიოდი და, ზოგადად, ქვეყანაში რთული მდგომარეობა იყო. მაშინ ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დიმა ღვთისიაშვილი წამოვიდა და მეც გამოვყევი.
– 30 წელი სცენაზე და 50-მდე როლი… როგორ შეაფასებთ დღეს თქვენს შემოქმედებით გზას?
– ბოლო დროს ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და მე ჩემს შემოქმდებას რამდენიმე ეტაპად დავყოფდი. პირველი ეტაპი 1985 წლიდან იწყება და 1989 წლამდე გრძელდება, როცა მე ზუგდიდის თეატრში სტაჟიორად ვმუშაობდი. ჩემი პირველი როლი იყო, ლერი პაქსაშვილის სპექტაკლში „კომბლე“, სადაც ძროხის როლი ვითამაშე. ვფიქრობ, ძალიან კარგ სპექტაკლში ჩემთვის ყველაზე საყვარელი და დიდი როლი იყო, ბატონ ლერისთან მუშაობა კი – ერთ-ერთი გაკვეთილი.11156754_843048115744242_1322786402_n
ამ პერიოდში საინტერესო იყო მერაბ სვირავას სადიპლომო სპექტაკლში „თავადის ქალი მაია“ მუშაობა, სადაც დაფინოს როლს ვთამაშობ. სპექტაკლი რობერტ სტურუას ხელმძღვანელობით დაიდგა ზუგდიდის თეატრში და ჩვენთვის ერთგვარი მასტერკლასი იყო.
შემდეგ იყო სტუდენტობის პერიოდი, დათო კობახიძესთან მუშაობა, მოზარდმაყურებელთა თეატრი და ზუგდიდში დაბრუნება. აფხაზეთი, რომელიც ყველას გვტკიოდა და ჯემალ მონიავას სპექტაკლი „ჯვარცმული ბედნიერება“. ამ სპექტაკლში შესრულებული როლისთვის, 1997 წელს მოღვაწეთა კავშირის, საუკეთესო ახალგაზრდა ქალის როლის შესრულებისთვის პრემია მივიღე.
ამის შემდეგ, ვფიქრობ, როგორც მსახიობისთვის, ჩემთვის დიდი გამოცდა და გამოწვევა იყო, – 2014 წელს სიღნაღის თეატრში მურად ვაშაკიძემ მიმიწვია სპექტაკლისთვის „სიკვდილი და ქალწული“. ამ სპექტაკლში მუშაობა ორმაგი პასუხისმგებლობა იყო, რადგან იგი საქართველოში პირველად დაიდგა და მე გარკვეული პერიოდი შემოქმედებითი პაუზა მქონდა. შეიძლება ითქვას, რომ ამ როლით საკუთარ თავს დავუმტკიცე – კიდევ შემიძლია მუშაობა და სცენაზე საპასუხისმგებლო როლის თამაში.
– რა დაგხვდათ, ან რა აღმოაჩინეთ თეატრის ფარდის მიღმა?
– ჩემი მეზობელი იყო, ძალიან კარგი მსახიობი დაგმარა გოგიჩაიშვილი. მას რომ ვუყურებდი, ვხედავდი, რომ არასდროს არ ეცალა ოჯახისთვის, მისთვის თეატრის გარდა არაფერი არ არსებობდა. მაშინ პატარა ვიყავი და ეს ყველაფერი მიკვირდა. თეატრში რომ მივედი, ვნახე ძალიან დიდი შრომა. თეატრში რომ შედიხარ, ფარდის მიღმა შენ აბსოლუტურად სხვა ადამიანი ხარ. შენ უნდა გახდე გმირი, რომელსაც თამაშობ და უნდა დააჯერო მაყურებელს, რომ შენ ნანა არ ხარ. გაამართლა თუ არა მოლოდინმა? მე მგონი უფრო ადვილი მეგონა ყველაფერი, მაგრამ მიხარია, რომ არ დავთმე ეს პროფესია და დღეს თეატრი ჩემთვის ყველაფერია.
– რა მოიტანეს თქვენს ცხოვრებაში თქვენმა როლებმა?11160306_843048119077575_475593628_n
– ძალიან ბევრი რამ. შეიძლება ითქვას, სხვა კუთხიდან დამანახვა ადამიანები. როცა როლზე ვიწყებ მუშაობას, ვცდილობ, გავიგო იმ პიროვნების ცხოვრების სტილი. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთი ჩვენი, ყველას ტკივილია, მე მაინც ვერ განვიცდიდი ისე, როგორც სპექტაკლში „ჯვარცმული ბედნიერების“ თამაშის მერე გავითავისე. ამ სპექტაკლით ტკივილი გამიორმაგდა და მივხვდი, რას ნიშნავს საკუთარი სახლის, ახლობლების დაკარგვა. მე ვთვლი, რომ ყველა პერსონაჟი რაღაცას მაძლევს, მრავალფეროვანი ვხდები, სხვა კუთხით ვიხსნები და სულ სხვანაირად მაჩვენებს ცხოვრებას.
– საოცნებო როლი…
– ჩემი საოცნებო როლი არის „ანტიგონე“. რაღაც პერიოდი ვფიქრობდი, თითქოს „ანტიგონეს“ სურვილი სპექტაკლმა „სიკვდილი და ქალწული“ დამიკმაყოფილა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ „ანტიგონე“ ჩემს საოცნებო როლად დარჩება. თუმცა, მე ყველა როლი ძალიან, საკუთარი შვილებივით მიყვარს.
– რეჟისორები…11164091_843048135744240_45654495_n
– ბედნიერი ვარ, რომ მომიწია მუშაობა ლერი პაქსაშვილთან, დათო კობახიძესთან, რომელიც ჩემი პედაგოგი იყო და ბევრი რამ მასწავლა, შალვა გაწერელიასთან, მერაბ სვირავასთან, მურად ვაშაკიძესთან, ბადრი წერედიანთან. ვფიქრობ, რომ ყველა რეჟისორთან თავისებურად საინტერესოა მუშაობა. მათ ერთამნეთისგან განსხვავებული მუშაობის მეთოდი, ინდივიდუალური ხელწერა აქვთ. ამ მხრივ ძალიან გამიმართლდა, ბევრ რეჟისორთან მომიწია მუშაობამ და ყველამ თავისებური კვალი დატოვა ჩემში.
– მინდა, რომ…
– ბავშვობიდან მახსოვს, რომ ზუგდიდს ძალიან კარგი თეატრი, შემოქმედებითი დასი და მაყურებელი ჰყავდა. დღეს საქართველოში მეტ-ნაკლებად ყველა თეატრში არის პრობლემები, მაგრამ ჩვენნაირ მდგომარეობაში არც ერთი თეატრი არ არის. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ელემენტარულად საგრიმიოროც კი არ გვაქვს, მსგავსი განათების აპარატურა კი არსად აღარ არსებობს. ახლა პრემიერა მხოლოდ იმიტომ გადაიდო, რომ სპექტაკლში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელ მსახიობს სიცივის გამო ფილტვების ანთება დაემართა. ბოლო პერიოდში ხშირად მაქვს სურვილი, რომ თეატრში აღარ წავიდე, მაგრამ მივდივარ, რადგან მის გარეშე სიცოცხლე არ შემიძლია. თეატრი დედას ვერ შემიცვლის, მაგრამ ის ჩემი ოჯახია. მე თეატრი მტკივა, მიხარია და თეატრით ვცოცხლობ. ამიტომ, მინდა, რომ ზუგდიდში კარგი თეატრი მქონდეს.

მზევინარ ხუციშვილი

11164130_843048105744243_746599896_n

11173446_843048109077576_1506930563_n

11178536_843048102410910_935222308_n

11185645_843048122410908_1164275185_n

11185761_843048125744241_437731844_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები