უნდა შეიფაროს თუ არა საქართველომ სირიაში მცხოვრები ასურელი ოჯახები – არაერთგვაროვანი შეფასებები

ბოლო რამდენიმე დღეა განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა ქართული საზოგადოების გულისტკივილი და ემოციური შეფასებები სირიაში მიმდინარე მოვლენებზე, კერძოდ, იმ პრობლემაზე, რომლის წინაშეც იქ ასურელი მოსახლეობა დგას. სოციალურ ქსელებში უამრავი გაზიარება და კომენტარი მოჰყვა შემზარავ ვიდეოებს, სადაც სირიაში მცხოვრები უმწეო პატარები დახმარებას ითხოვენ.

19 აპრილს, 17:00 საათზე თბილისში, პარლამენტის შენობის წინ ასურელი ქრისტიანების მხარდამჭერი აქციაც გაიმართება. აქციის მთავარი გზავნილია, დაიგმოს ის ძალადობრივი ქმედებები, რაც დღეს სირიაში ხდება. აქციის ორგანიზატორები ჟურნალისტები ნინო ლაბარტყავა და ლიზა გეგეჭკორი არიან. თუმცა, როგორც თავად აცხადებენ, ამ შემთხვევაში ჩვეულებრივი მოქალაქეების სტატუსით მართავენ აქციას. 11164124_363707323835457_1880913048_n

როგორც “კვირასთან“ საუბრისას ნინო ლაბარტყავამ განაცხადა, აქცია არ ატარებს პოლიტიკურ ან რელიგიურ ხასიათს.
მისი თქმით, აქციის მიზანია, დაგმოს სირიაში მიმდინარე პროცესები. ლაბარტყავას თქმით, აქციაზე იგეგმება ხელმოწერების შეგროვება და მთავრობის სახელზე განცხადების შეტანა, რომ ხელისუფლება შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმაროს იმ პირებს, რომელთაც ასურელი ბავშვების შვილად აყვანის სურვილი აქვთ.

“ჩვენ ძალიან გვტკივა ის, რაც ხდება სირიაში. ასურელ ბავშვებს გამოვუცხადებთ სოლიდარობას და დავგმობთ იმ სისასტიკეს, რაც იქ ხდება. ფაქტია, რომ ამ ბავშვებს ქრისტიანობის გამო ხოცავენ, ჩვენ იგივე რეაქცია გვექნებოდა, თუ სხვა აღმსარებლობის ბავშვებს სწორედ რელიგიის გამო გაუსწორდებოდნენ. ჩვენი მთავრობის მიმართ გვაქვს თხოვნა, რომ შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმაროს იმ პირებს, რომელთაც ასურელ ბავშვებზე მზრუნველობის სურვილი გამოთქვეს. კვირას, აქციაზე შევადგენთ განცხადებას შესაბამისი მოთხოვნით და შეგროვდება ხელმოწერები, რომლითაც მივმართავთ ჩვენს მთავრობას. პირადად მეც და ლიზა გეგჭკორიც მზად ვართ, რომ შევიფართ ასურელი ბავშვები. ვიმედოვნებთ, რომ 19 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ბევრი ადამიანი მოვა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენ არ მივეკუთვნებით არცერთ ორგანიზაციას, პოლიტიკურ პარტიას, არ ვართ არასამთავრობო ორგანიზაცია. ჩვენ ვართ ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეები, თუმცა – პროფესიით ჟურნალისტები. ვაწყობთ ამ აქციას იმისთვის, რომ გამოვხატოთ სოლიდარობა იმ ასურელი ოჯახების მიმართ, რომლებიც გენოციდის მსხვერპლნი არიან“,- აღნიშნა ნინო ლაბარტყავამ “კვირასთან“ საუბრისას.

ინტერნეტსივრცეში ასევე შეიქმნა პეტიცია სახელწოდებით – „საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები“.11157013_363707510502105_1309944378_n

ამონარიდი პეტიციის ტექსტიდან: ასურელ ქრისტიან ოჯახებს, მათ შორის ბავშვებს, ხოცავენ და ცოცხლად წვავენ ექსტრემისტი მუსულმანები. ეს ხდება ჩვენგან ძალიან ახლოს – ერაყის და სირიის ტერიტორიაზე. ვთხოვთ საქართველოს მთავრობას, შეიფაროს ეს ოჯახები საქართველოს ტერიტორიაზე. საქართველოს მოქალაქეები კი აღმოვუჩენთ მათ ჰუმანიტარულ დახმარებას. სოციალურ ქსელში ადამიანების საკმაო რაოდენობამ ასურელი ბავშვების შვილად აყვანის სურვილიც კი გამოთქვა. რამდენად შესაძლებელია, რომ საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები, ან მოხდეს ხელშეწყობა ხელისუფლების მხრიდან ქართველ ოჯახებში ასურელი ბავშვების დასახლებისა.

“კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის“ თავმჯდომარის ზაალ კასრელიშვილის განცხადებით, ქართული საზოგადოების სურვილი, რომ ასურელ ბავშვებს დაეხმარონ, მისასალმებელია, თუმცა სურვილის განსახორციელებლად უამრავი პროცედურაა გასავლელი.
კასრელიშვილის თქმით, ბავშვებისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა ვერ მოხერხდება მხოლოდ საქართველოს ინიციატივით, რადგან ამას სპეციალური – საერთაშორისო თანამეგობრობის ეგიდი სჭირდება. რაც შეეხება კიდევ ერთ სურვილს- საქართველომ შეიფაროს ასურელი ოჯახები, კასრელიშვილი აცხადებს, რომ პეტიციის პათოსს ნაწილობრივ იზიარებს, თუმცა აცხადებს, რომ ემოციური გადაწყვეტილებებით შესაძლოა, მომავალში უარყოფითი შედეგები დადგეს.11117938_363707553835434_1228236237_n

“სირიაში რაც ხდება, ეს არ არის მხოლოდ ერთი ერის ტრაგედია, ეს მსოფლიოს ტრაგედიაა. კარგია, რომ ქართული საზოგადოება ამ ყველაფერზე რეაგირებს და დახმარების სურვილს გამოთქვამს, მაგრამ თუნდაც ჰუმანიტარული სახის დახმარების გაგზავნას უამრავი პროცედურა სჭირდება, თუნდაც გაეროს ჩარევა. ასეთი ჰუმანიტარული ღონისძიებები ერთობლივი ძალისხმევით საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ხორციელდება, რადგან არსებობს დადგენილი ნორმები. ამ ნორმების გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ის ტვირთები, რომლებსაც საქართველო გააგზავნის, დანიშნულების ადგილამდე ვერ მივა. აქ უნდა იყოს კონკრეტული ეგიდი. რაც შეეხება პეტიციას, ვფიქრობს, ადამიანურად სწორია, თუმცა ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებების მიღება არ შეიძლება. ჩვენ ქვეყნის შიგნით გვყავს 500 ათასამდე დევნილი. ჩვენი ქვეყნის რესურსები ვერ გაწვდება ამდენ ლტოლვილ ოჯახს. უნდა ვეცადოთ, სხვა რესურსებით მაქსიმალურად დავეხმაროთ ასეთ ოჯახებს“, – აღნიშნა “კვირასთან“ ზაალ კასრელიშვილმა.
კასრელიშვილი გამოეხმაურა “რუსეთის ჯავახკის დიასპორის” განცხადებასაც.
“რუსეთის ჯავახკის დიასპორა” საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს, სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლას და დროებით დასახლებას ხელი არ შეუშალოს.
ამის შესახებ ორგანიზაციამ რამდენიმე დღის წინ განცხადება გაავრცელა. “თხოვნით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და მის გულკეთილ ხალხს – იძულებითი იმიგრაციის შემთხვევაში, ხელი არ შეუშალოს სამცხე-ჯავახეთის მხარის ტერიტორიაზე სირიელი სომხების ჩამოსვლასა და დროებით ბინადრობას. გთხოვთ განიხილოთ მატერიალური დახმარების აღმოჩენის შესაძლებლობა იძულებით გადმოსახლებული პირებისათვის,” – ნათქვამია “რუსეთის ჯავახკის დიასპორის” განცხადებაში.
ზაალ კასრელიშვილი “რუსეთის ჯავახკის დიასპორის” ხელმძღვანელებს ურჩევს, სირიელი სომხების ჩამოსვლის თხოვნით არა საქართველოს, არამედ სომხეთის ხელისუფლებას მიმართონ, რომ ისინი სევანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაასახლონ. “ჯობია, რომ სირიელი სომხები არა საქართველოში, არამედ სომხეთში, სევანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩაასახლონ, სწორედ იქ, სადაც IX-X საუკუნეებში კომპაქტურად ჩასახლებული ეთნიკური ქართველები ცხოვრობენ. მათ ახლა სომხური გვარები აქვთ, მაგრამ ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ისინი ეთნიკურად ქართველები არიან. “რუსეთის ჯავახკის დიასპორას” ასევე ვურჩევ, სირიელი სომხები რუსეთში სომხებით დასახლებულ ანკლავში ჩაიყვანონ“,-აღნიშნა კასრელიშვილმა.
სამხედრო ექსპერტი, თადარიგის პოლკოვნიკი ასურელი ოჯახებისთვის თავშესაფრის მიცემის იდეას სკეპტიკურად უყურებს.

“რა ისტერიკაა და რას ვითხოვთ? გასაგებია, რომ ადამიანებს სტკივათ მეორე ადამიანის სატკივარი, მაგრამ ასირიელებს ფიზიკურად როგორ უნდა დაეხმაროთ? კონკრეტულად როგორ ხედავთ ამას? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ჰუმანიტარული მისია ეკლესიის ან თუნდაც მხოლოდ საქართველოს მთავრობის ორგანიზებული? თუ კარები გავხსნათ და ვისაც სად რამე გაუჭირდება, აქ ჩამოირბინოს? წარმოგიდგენიათ როგორი დახვედრა და პატრონობა სჭირდება ლტოლვილთა ნაკადს? საკუთარი ლტოლვილებისთვის ვერ მიგვიხედავს და სად ვძვრებით? მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ გულწრფელების გვერდით უბრალოდ სეირის მოყვარულთა ჟივილ-ხივილი უფრო ძალუმად ისმის“,-აცხადებს გიორგი თავდგირიძეც.
ჟურნალისტი, პროფესორი თამარ ბელქანია “კვირასთან“ თემაზე საუბრისას ამბობს, რომ ასურელი ბავშვების საქრთველოში ჩამოსაყვანად მხოლოდ საზოგადოების სურვილი არ კმარა – საჭიროა სახელმწიფო ნება.

თამარ ბელქანია ფიქრობს, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაგმოს სირიაში შექმნილი ვითარება, თუმცა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებაა საჭირო. მისი თქმით, ემოციური გადაწყვეტილებების მიღება არ უნდა მოხდეს.
“ადამიანების ჩამოსახლება ქვეყანაში ასე მარტივად არ ხდება, ეს უნდა იყოს სახელმწიფო ნება, სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი, მხოლოდ ბავშვებს ვერ ჩამოვასახლებთ, მათ ჰყავთ ოჯახები, ვინ არიან ეს ოჯახები, რამდენად იქნება ეს ნაბიჯი სახელმწიფოსთვის უსაფრთხო, რამდენად სურთ მათ სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე დასახლება? იქნებ სჯობს, რომ ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ, მკაცრად დავგმოთ ის, რაც ხდება სირიაში, რომ შეწყდეს გენოციდი, რომელიც რელიგიური ნიშნით ხორციელდება. ჩვენ იძულებით გადაადგილებული ათასობით მოქალაქე გვყავს ქვეყნის შიგნითც. თუ სახელმწიფომ ფსიქოლოგებთან, კონფლიქტოლოგებთან, ეთნოლოგებთან, პოლიტოლოგებთან, ფილოსოფოსებთან ერთად არ შეიმუშავა პოლიტიკა ამ საკითხთან მიმართებაში, ეს ასე მარტივად ვერ მოხდება და მეჩვენება ძალიან ემოციურ გადაწყვეტილებად. ამიტომ სჯობს ემოციამ უკანა პლანზე გადაინაცვლოს და წინა პლანზე გადმოინაცვლოს მეტმა გონივრულმა გადაწყვეტილებამ, რომ არ დაზარალდეს ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები. ჩვენს ქვეყანაში სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ძალიან კარგად ცხოვრობენ, არავის არ ვდევნით, უბრალოდ ჩვენი პოზიცია უნდა იყოს -“არა კაც ჰკლა“ და ყოველთვის უნდა დავგმოთ ძალადობრივი ქმედებები“,-აღნიშნა “კვირასთან“ თამარ ბელქანიამ.
საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ასურელი ქრისტიანებისთვის თავშესაფრის მიცემის თაობაზე, უცნობია. თუმცა გუშინ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გუბაზ სანიკიძემ ხელისუფლებას სირიელი, ერაყელი ქრისტიანებისა და იეზიდების დახმარებისკენ საჯაროდ მოუწოდა.
„ქართველი ხალხი, ხელისუფლება თუ ოპოზიცია, ყველანი ერთად უნდა ვიყოთ ამ საქმეში, რადგან ჩვენ ვალი გვაქვს ამ ხალხის მიმართ როგორც ისტორიიდან, ისე სამომავლოც. ქართული ქრისტიანობა იშვა ანტიოქიის ქრისტიანობის წიაღიდან. მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, რომ ცოტა მეტი ვიფიქროთ ამ ადამიანებზე. საქართველო უნდა ჩაერთოს ჰუმანტარულ პროცესებში. საქართველომ უნდა აჩვენოს თავისი სახე როგორც ქვეყანამ, რომელიც ზრუნავს ადამიანებზე ქვეყნის გარეთაც. საუბარია აღმოსავლეთის ქრისტიანებზე და იეზიდებზე. იეზიდური წარმოშობის ბევრი მოქალაქე გვყავს. ქართულმა სახელმწიფომ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, სპეცსამსახურებმა, შსს-მ ცოტა მეტი უნდა ვიფიქროთ ამასთან დაკავშირებით. უფრო მეტი ყურადღება გვჭირდება”, – განაცხადა სანიკიძემ. 974681_363707523835437_2060805560_n
საქართველოს ვიცე-პრემიერის კახა კალაძის განცხადებით კი, მთელმა მსოფლიომ უნდა აიმაღლოს ხმა ამ საშინელების წინააღმდეგ და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ასირიელი ქრისტიანების ტრაგედიის აღსაკვეთად.
“ის, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება, არის დანაშაული კაცობრიობის წინაშე. სამწუხაროდ, უტოპიაა ომის, მტრობის, ტერორიზმის გარეშე ჩვენი ცივილიზაციის არსებობა, მაგრამ მთელმა მსოფლიომ, ყველა სახელმწიფომ თუ სულიერმა ლიდერმა და ხელმძღვანელმა, ყველა კეთილი ნების და შეგნების ადამიანმა – კონფესიის და პოლიტიკური პოზიციის მიუხედავად, უნდა აიმაღლოს ხმა ამ საშინელების წინააღმდეგ და მაქსიმალური ძალისხმევა მიმართოს ასირიელი ქრისტიანების ტრაგედიის აღსაკვეთად. არის მომენტები, როცა პოლიტიკა, გეოგრაფიული მდგომარეობა, საკუთარ სახლში მშვიდად ყოფნა მეასეხარისხოვანია და მდუმარებით დანაშაულის თანამონაწილე ხდები!”, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება საქართველოს საპატრიარქოს პოზიციას, საპატრიარქოს პრესმდივან მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებით, ასირიელი ქრისტიანებისთვის დახმარების გაწევა საპატრიარქოს პრეროგატივა არ არის.botkoveli
როგორც “აქცენტს”ბოტკოველმა განუცხადა, “დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას რომ კარი გავუღოთ, ეს შესაძლოა, სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს“. “ეს საკითხი საპატრიარქოს პრეროგატივა არ გახლავთ. ამაში ვერ ჩავერევით. დევნა ბევრ ქვეყანაში მიმდინარეობს და ყველას კარი რომ გავუღოთ, ეს შესაძლოა, სახელმწიფოსთვის სასურველი არ იყოს. ჩვენს მთავრობას აქვს ალბათ გარკვეული გეგმა. რაც შეეხება იმას, ვაპირებთ თუ არა რაიმე ინიციატივით მივმართოთ საქართველოს მთავრობას, აღნიშნულზე ინფორმაცია არ მაქვს. არ ვიმყოფები საქართველოში და არ ვიცი საპატრიარქოში რაიმე ინიციატივას განიხილავენ თუ არა”, – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.
ცნობისთვის, 2014 წელს გააქტიურებული “ისლამური რესპუბლიკის” მებრძოლები განსაკუთრებული სისატიკით უსწორდებიან ერაყსა და სირიაში მცხოვრებ ქრისტიან მოსახლეობას. 2015 წლის თებერვლის ბოლოს ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონში მდებარე ქრისტიანული სოფლიდან 150-ზე მეტი ადამიანი გაიტაცა. გარდა ადამიანების გატაცებისა და წამებისა, “ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტები ქრისტიანულ ქალაქებს ანადგურებენ. სირიაში შექმნილი უმძიმესი ვითარების გამო, ოთხ მილიონზე მეტი სირიელი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა. 2011 წელს დაწყებულ სამოქალაქო ომს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2015 წლის მონაცემების მიხედვით, უკვე 220,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, რომელთაგან 10,808 ბავშვია ხოლო 6,907 ქალი.

მარიამ ზედგინიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები