„სად არის თავისუფლების ზღვარი – სიზმარში თუ ცხოვრებაში…“

„ჩემი სტუდენტობის პერიოდი ძალიან რთული იყო. ჩემი მეგობრები და თანატოლები ავტომატებით დარბოდნენ, მე კიდევ ფუნჯებით სროლა ვისწავლე ტილოზე და დღესაც ასე ვისვრი. ჩემს სიმღერას ვმღერი. ვცდილობ, ჰარმონია მეტი იყოს ცხოვრებაში, დაპირისპირება კი არა, უბრალოდ ფერთა ჭიდილი, მონატრება, ნოსტალგია…“ – მხატვარი ლევან მოსიაშვილი.

– ხატვა არ გისწავლიათ…954567_839849062730814_602509553_n
– ბავშვობიდან ვხატავ, თუმცა სამხატვრო აკადემიაში არ მისწავლია და არც სპეციალური განათლება  მიმიღია. ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა მამაჩემმა, რომელიც პროფესიონალი მხატვარი იყო. მამამ ყველაზე მთავარი მომცა, თავისუფლებისკენ მიბიძგა და არ მაიძულა, ხატვა მესწავლა. ჩემი ინტერესი ბუნების მოვლენების მიმართ იყო. აგრარული უნივერსიტეტი დავამთავრე, შემდეგ კი – თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. ეს ყველაფერი დღეს ძალიან მეხმარება. შეიძლება არ მახსოვდეს აღარც ფორმულა, არც მგლების რაოდენობა ვიცოდე, მაგრამ ფოთლის ანარეკლს და წყლის ჩუხჩუხს ჩემს აბსტრაქციებშიც შეამჩნევთ. ეს ყველაფერი გადმოდის და ხელოვნებაში ილექება. ამასთან, ვარ ბიოლოგიის განხრით მეცნიერებათა დოქტორი. დიპლომი ეკოლოგიურ თემაზე დავიცავი, როგორ შეუძლიათ კაკლის ხეებს, დაიცვან დაბინძურებისგან ქალაქი.
– საფრანგეთი…
– ფერწერაში აქტიურად მუშაობა 20 წლის წინ დავიწყე. ჩემი პირველი მცდელობები და ნამუშევრები, საფრანგეთის საელჩოს ვათხოვე და მარსელში გამოფენაზე წაიღეს. ნამუშევრებმა აღიარება მალე მოიპოვეს და სამი პრიზი ერთდროულად მიიღეს. პირველ ნაბიჯს სხვა კონკურსები და გამოფენები მოჰყვა. ერთი წლის შემდეგ, დამიბარეს და მითხრეს, გვაინტერესებს, ვინ ქმნის ამ ყველაფერს. შეიძლება ითქვას, რომ საფრანგეთში ხელოვნებამ, ქართულმა სულმა მომახვედრა. დღესაც, რასაც ვქმნი, მათშიც ქართული სულია, ფრანგულად და სიზმრისეულად ასახაული.11115997_839849042730816_1895965068_n
ექვსი წლის წინ კი, საფრანგეთის მთავრობამ ოფიციალურად შემომთავაზა ცხოვრება და მუშაობა. ვარ საფრანგეთის რეზიდენტი. მივიღე ეს გამოწვევა, თუმცა ერთია, როდესაც რაღაცას აკეთებ, მეორეა, როცა დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია. ფაქტობრივად, შენს უკან შენი ერი, ისტორია და კულტურა დგას. საქართველოში წელიწადში ორჯერ-სამჯერ სტუმრად ჩამოვდივარ, მაგრამ ერთი თვე მაინც ვრჩები, მინდა აქაც რაღაც შევქმნა.
– როგორც ვიცი, თქვენს შემოქმედებაში „პერიოდები“ არსებობს…
– დიახ, მე ვუწოდებ პერიოდებს და საკმაოდ განსხვავებული პერიოდები მაქვს. მაგალითად, ვმუშაობდი ანიმალისტურ, პეიზაჟურ პერიოდში. დღეს მეხუთე პერიოდი მაქვს. მიხარია, როცა მნახველები მეუბნებიან, რომ ჩემი შემოქმედება მრავალფეროვანია. სასიამოვნო მომენტია, ამხელა შემოქმედებით სიჭრელეში რომ დაგინახავენ, აგიტაცებენ და დაგაჯილდოვებენ.
მართალია, რასაც ადრე ვქმნიდი, იმ ნამუშევრებს მარტივი ვუწოდე, თუმცა კი წლები შევალიე თითოეულ პერიოდს, ოთხი-ხუთი წელიც კი, რომ მიმეგნო. როგორც კარგ შვილს უნდა აღზრდა, ასევე, ნახატი უნდა გამოძერწო.
– გარემო, რომელიც მუშაობისთვის გჭირდებათ…11119029_839849046064149_341965828_n
– ჩემთვის ნებისმიერი გარემო საინტერესოა. ემოცია სწორედ გარემოდან მოდის. კომფორტული, იდეალური და აწყობილი გარემო ჩემში ემოციას ახშობს. მე ღია ცის ქვეშ ვხატავ, ხანდახან სეზანს ვიხსნებ – მეტი მზე ჩვენს სულებში, ჩვენს ნახატებში. მე ვთვლი, რომ ოთხ კედელში გამოკეტელი ხელოვანი ვერაფერს შექმნის, ენერგია ხომ უნდა მიიღო. აეროპორტშიც კი ვმუშაობ. ხანდახან საღებავები ჩამოურთმევიათ. ვფიქრობ, ყველა გარემო აუცილებელი და სათანადოა. მუზა ყველგან მოვა. ჩემი მუზა, ჩვენი ფოლკლორი, პროზა და პოეზიაა. ემოციაა ყველაფრის დედა, თუმცა ყველაზე რთული ყოფილა, განთავისუფლდე ყველაფრისგან და მხოლოდ შენი ემოცია დატოვო.
ასევე, ჩემთვის მუშაობის ყველა მეთოდი მისაღებია. ვიყენებ ყველანაირ საღებავს და ყველანაირ ფორმატს, მუყაოზეც ვხატავ, ხეზეც, თუმცა ტილოს ვანიჭებ უპირატესობას. მჩატეა მასალა და მგონია, უფრო იოლად ვქმნი, ვამბობ სათქმელს. დღევანდელი გადასახედიდან ეს ყველაფერი გამიიოლდა, რადგან შესაძლებლობა მეტი მაქვს. საღებავებს, მასალებს ევროპაში ვიძენ და ვთვლი ფუფუნებაში ვარ. სწორედ, ეს არის ხელოვანისთვის ფუფუნება.
– გამოფენა „ფრანგული სიზმარი“, რომელიც ეროვნულ ბიბლიოთეკაში 10 დღის განმავლობაში იქნება…
– 50-ზე მეტი პერსონალური გამოფენა  მარტო საფრანგეთში მოვაწყე. ეს საქართველოში მესამე მასშტაბური გამოფენაა და მინდა ტრადიციად ვაქციო. ამჟამად, სიზმრები ჩამოვიტანე, ბოლო პერიოდის მხატვრობა, რომლებსაც „ფრანგული სიზმარი“ დავარქვი და ნოსტალგია, აღტაცება არის საქართველოს მიმართ. სამშობლოს, ფესვების გარეშე ხე ვერ ხარობს და ადამიანი იხარებს? ეს ძალიან დიდი სტიმულია ადამიანისთვის, როცა იცი, სად არის შენი ბუდე, სად არიან შენი დიდი მშობლები დაკრძალულები, მისასვლელი გაქვს, კარზე დაუკაკუნებლად რომ შეხვალ, ეს მხოლოდ საქართველოშია. ამიტომ უნიკალური ერი ვართ ურთიერთობებით, ადამიანური სითბოთი, ნატანჯი და მრავლის მნახველი.11123547_839849059397481_1200543355_n
თითქოს ევროპაში ბევრია აღსაქმელი, მეტია გასაცნობი, მაგრამ, რაც დრო გადის და საქართველოს ხელოვნების ისტორიას ვეცნობი, ჩემთვის ახალ აღმოჩენებს ვაკეთებ. ვთვლი, რომ ჯერ კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს აღმოსაჩენი. თავმდაბალი და ნიჭიერი ერი ვართ, ყველა განზომილებით. არ ვიცი, მე რამდენად ნიჭიერი ვარ, ალბათ უბრალოდ ღმერთი მწყალობს, რომ ბევრს მოსწონს ის, რასაც ვქმნი – სიზმრისეულს. რომ გავიღვიძებ, ის ემოცია და ფერები გადმომაქვს, რაც სიზმარში მქონდა. როგორც სიზმარი იკარგება რამდენიმე წუთში, ასეა ფერწერაც. მალევე უნდა თქვა სათქმელი. ნამუშევრებში არ უნდა იგრძნობოდეს სიტკბო, შენეული სიმძაფრე, სიღრმე უნდა იყოს. წარმატებაა, როცა შენ შეგიძლია ბოლომდე აკეთო და ბოლომდე დაიხარჯო.
ამ გამოფენით მინდა ქართველი მნახველი დავაფიქრო, სად არის თავისუფლების ზღვარი. ის სიზმარშია თუ ცხოვრებაში.
– ნამუშევრებს გაყიდით?
– რაღაც ნაწილს შემიძლია შეველიო, თუმცა დიდი ტკივილით. ბოლო პერიოდში ვცდილობ, ჩემი ნამუშევრები ნაკლებად გაიყიდოს. ძალიან ბევრი გავყიდე და გავაჩუქე, ახლა მინდა, რომ რაღაც დარჩეს ჩემს მეგობრებს, ქალაქს და არ იყოს კერძო კოლექციებში თუ მუზეუმებში მიმოფანტული.
– თქვენ ხართ ეროვნული ბიბლიოთეკის მეგობართა ჯგუფის ხელმძღვანელი…
– დიახ, შარშან ამირჩია ეროვნულმა ბიბლიოთეკამ და ჰუმანიტარულ პროექტებს ვახორციელებ საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდასაჭერად არა მხოლოდ საქართველოში, არამედ საფრანგეთის რესპუბლიკაშიც.
მინდა, ყველამ იპოვოს გზა, თავისი ნიშა, თავისუფლება და ბედნიერად იგრძნოს თავი საქართველოში. დროებითი სამსახურების გამო მთავარი ხაზი არ დაკარგონ. მთავარია ნიჭი, რაც მოყვებათ.
ქართულ ემიგრაციას კი ბევრი რამ შეუძლია გაუკეთოს თავის ძირძველ ქვეყანას, თავის აკვანს და, ეს შორიდან არ უნდა ხდებოდეს მხოლოდ სიტყვებით. მე ვფიქრობ, ერთიანობა უნდა გვქონდეს.

მზევინარ ხუციშვილი

11124793_839849056064148_1493487154_n

11146062_839849036064150_1329124045_n

11148978_839849049397482_61410474_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები