„ვფიქრობ, ყველაზე მაგარი პროფესია ავირჩიე…“

„საერთოდ, ყოველთვის უცნაური პროფესიები მომწონდა. ვარ სპორტსმენი. დავდიოდი კარატეზე და კინბოქსზე. სკოლა რომ დავამთავრე გადავწყვიტე, მფრინავი გავმხდარიყავი…“ – მფრინავი მაგდა ქააძე.

– კარატე…
– ბავშვობაში, ზოგადად, ძალიან ცელქი ვიყავი. ძალიან მინდოდა კარატეზე სიარული და მშობლებს სხვა გზა არ დავუტოვე, იძულებულნი გახდნენ, სპორტის ამ სახეობაზე შევეყვანე. მე ზემო ალვანში ვცხოვრობდი და ჩვენთან არ იყო კარატეს წრე. ბიძაჩემა ქველო ალვანში წამიყვანა და ორი წელი ვიარე. რამდენჯერმე ტურნირზე გავედი.
-კინბოქსი…
-კარატეს ეს ჯგუფი დაიშალა. დაახლოებით ერთ თვეში კინბოქსის წრე გაიხსნა. აქ სამი წელი ვიარე. საქართველო, შავი ზღვის თასიც მოვიგე. უნივერსიტეტში რომ ჩავაბარე და თბილისში გადმოვედი, სანამ თეორიის კურსს გავდიოდით ფედერაციაში, გოჩა ჯავახიასთან დავდიოდი. აქაც რამდენჯერმე გავედი საქართველოს ტურნირზე, მაგრამ მერე უნივერსიტეტშიც მეუბნებოდნენ ლექტორები, არ გინდა, არ იჩხუბო, რამე არ დაიზიანო, მფრინავი ხარო. ამიტომ, გადავწყვიტე თავი დამენებებინა.
– სპორტს საერთოდ დაანებე თავი?11079346_836166253099095_1335465040_n
– სპორტს დავანებე თავი, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჯანმრთელობის კომისია, რომელიც მუდმივად გვამოწმებს. ჩხუბის დროს შეიძლება ტრავმა მივიღო, რომელიც ჩემს ჯანმრთელობას საფრთხეს შეუქმნის. ამიტომ, არჩევანის გაკეთება მომიწია.
– ყველაზე საინტერესო ტურნირი…
– აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირზე ვიყავი და ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის. გარდა იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა წარმოვადგინეთ, კარგი შედეგებით დავბრუნდით. ძლიერი და კარგი სპორტსმენები იყვნენ ჩამოსულები. მაშინ, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი და ძლიერი ემოციების ქვეშ აღმოვჩნდი.
– საქართველოს საავიაციო უნივერისტეტი…
– ვერ გეტყვით, რომ ბავშვობიდან ვოცნებობდი მფრინავობაზე, მაგრამ სკოლა რომ დავამთავრე და გადავწყვიტე უმაღლესი განათლების მიღება, აღმოჩნდა, რომ ეს ერთადერთი პროფესია იყო, რომელიც მაინტერესებდა.
ჩემი ძმაც საფრენოსნოზე სწავლობდა. მე რომ ჩავაბარე, ის უკვე მეორე კურსზე იყო. ასე თუ ისე გარკვეული შეხება მქონდა ამ დარგთან. ვხედავდი, რას და როგორ სწავლობდა.
– პირველი ემოცია…11149075_836166243099096_614211514_n
– თეორიულმა და პრაქტიკულმა კურსმა გარკვეული გამოცდილება მომცა. პრაქტიკა ყველაზე საინტერესო იყო, ბევრი რამ შევიძინე და დიდი გამოცდილებაც მივიღე. განსაკუთრებით ვისწავლე ის, რომ ყურადღებით უნდა ვიყო და არაფერი არ გამეპაროს. ერთი გახვედით, ყველაფერი უნდა დავინახო და ვაკონტროლო.
პირველად ინსტრუქტორთათ ერთად ავფრინდი, მაგრამ ვერ გადმოვცემ, ისეთი ემოცია იყო. სასწავლო თვითმფრინავს ორი შტურვალი აქვს, ერთ-ერთს ინსტრუქტორი აკონტროლებს. მიუხედავად ამისა, რომ ჩამოფრინდები, გგონია, ყველაფერს შენ აკეთებ და ძალიან მაგარი ხარ. მერე და მერე ხვდები, რომ მაშინ ისნტრუქტორის მოქმედებას ყვებოდი. პირველი ფრენის შემდეგ, ერთი კვირა ჰაერში ვიყავი. ძალიან ძლიერი ემოცია მქონდა. მაშინ მივხვდი, რომ ყველაზე მაგარი პროფესია ავირჩიე. რაც მთავარია, სწორად ავირჩიე და საკუთარი თავი ვიპოვე.
– შენი აზრით, როგორი უნდა იყოს მფრინავი?
– ვფიქრობ, უნდა იყოს მოწესრიგებული, ჭკვიანი, ყველა იმ უნარ-ჩვევას ფლობდეს, რაც სჭირდება იმისთვის რომ, როცა აფრინდება, მშვიდობიანად დაფრინდეს.
– რისკი და პასუხისმგებლობა…11149047_836166246432429_42021810_n
– რისკი დიდია, თუმცა, ზოგადად, მსოფლიოში თვითმფრინავი ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტად არის აღიარებული. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, აუცილებლად სათანადოდ უნდა მოემზადო, რომ ასეთი პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო.
– უნივერსიტეტი დაამთავრე…
– დიახ, ახლა დავამთავრე საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი და საბუთებს ვაკეთებ. ძალიან მინდა სამსახური და იმედი მაქვს, გამოჩნდება რამე.
ჩვენ არ გვყავს სამოქალაქო მფრინავი გოგოები. ახლა ორმა დავამთავრეთ და ორივეს დიდი სურვილი გვაქვს, ვიმუშაოთ. ჩვენ პირველი ქართველი ქალები ვიქნებით სამოქალაქოში.

მზევინარ ხუციშვილი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები