„ჩვენ გვჯერა, ათი წლის შემდეგ უემბლის სცენაზე დავუკრავთ…“

 მუსიკა, ხელოვნების სახე, რომელიც სინამდვილეს ასახავს, მუსიკალური მხატვრული ფორმებით აქტიურად ზემოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე. მუსიკას შეუძლია კონკრეტულად და დამაჯერებლად გადმოსცეს ადამიანთა ემოციური მდგომარეობა. იგი გამოხატავს გრძნობებთან დაკავშირებულ განზოგადოებულ იდეებს.
ცხადია, რატომ აქვთ ადამიანებს მიდრეკილება მუსიკისადმი. მათ სურთ, თავიანთი გრძნობები, სათქმელი, მსმენელამდე ხელოვნების გზით მიიტანონ. საქართველოში ენთუზიაზმით სავსე უამრავი ბენდია. ხშირად, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გამოსვლებისას, ჯიუტად აგრძელებენ ხელოვნების იმ გზას, რომელიც სულ არაა ია-ვარდით მოფენილი.
ჯგუფი The Mins ქართველი ნიჭიერი მუსიკოსებით დაკომპლექტებული პროგრესიული როკჯგუფია. მათ შეძლეს და მუსიკის ამ ჟანრში პირველებმა Tbilisi Event Hall -ში სოლო კონცერტი გამართეს. თუ როგორ მივიდნენ ისინი ამ წარმატებამდე, ბენდის ვოკალისტი ზვიად მღებრიშვილი გვიამბობს.

– პირველი ნაბიჯები მუსიკისკენ11139597_835728173142903_220972226_n
– ეს ის პერიოდი იყო, როდესაც ჯერ კიდევ 15 წლის, უნივერსიტეტის სცენაზე ვოცნებობდი, სწორედ ისე, როგორც დღეს უემბლის სცენას ვუყურებ. მერე დედაჩემმაც მითხრა, შემესწავლა გიტარა. ჩემს მასწავლებელს მოსწონდა როკი და უსმენდა, მაგრამ რატომღაც პირველად სიმღერა „ციცინათელა“ გამარჩევინა. ბევრი შრომა და მონდომება სჭირდება, რომ დაეუფლო ამ ინსტრუმენტს. ერთი-ორჯერ ვიფიქრე კიდეც, სულ შევშვებოდი ამ საქმეს.
ერთი წლის მერე  ელექტრონული გიტარა ვიყიდე და დროთა განმავლობაში შევიძინე გარკვეული უნარებიც.  ძალიან ზარმაცი ვიყავი. საათობით რომ სხედან და გიტარას ხელიდან არ აგდებენ, ასე  ნამდვილად არ ვყოფილვარ. უბრალოდ, ამ ასაკიდანვე არ მომწონდა ქავერების დაკვრა. ჩემთვის ვიჯექი, რაღაცებს ვიგონდებდი და რაც გონებაში  მომდიოდა იმას ვუკრავდი.
– უნივერსიტეტის პერიოდი
– თავიდან  საავიაციო უნივერსიტეტში ჩავაბარე და  იქ ჩემი საქმე ცოტა მძიმედ დაიწყო. არავინ ინტერესდებოდა მუსიკით. მოვინდომე კონცერტის ჩატარება და გამოვიდა რაღაც კატასტროფა.
მერე წავაწყდი შავი ზღვის უნივერსიტეტის ბუკლეტს, სათაურით Drum Set. იქ რომ მივედი, სულ სხვა სურათი დამხვდა. აღმოჩნდა, რომ მუსიკალური კლუბი საერთოდ არ არსებობდა, იყო ერთი ფანდური და დოლი. იქ ვნახე ერთი ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი ველაპარაკე ჩემს გეგმებზე.  ისეთი მონდომება დაინახა ჩემში, რომ დაგვაფინანსეს. შევიძინეთ აპარატურა და იქ ვმართავდით ცოცხალი მუსიკის კონცერტებს.
– ჯგუფი The Mins-ი…
– ჯგუფი The mins-ი  არის პროექტი, რომელიც მე დავიწყე. ჩემი ძმა ბასისტია და მისგან მაშინვე თანხმობა მივიღე. ინტერნეტით გავიცანი შოთა, რომელიც კლავიშზე უკრავს. შოთამ გაგვაცნო დრამერი დანიელი.
– არსებობს მოსაზრება, რომ არ არსებობს ხელოვანი, რომელიც სხვას არ ბაძავს, ან უბრალოდ გავლენის ქვეშ არ ექცევა. ამ საკითხზე ჯგუფ The mins- როგორი დამოკიდებულება აქვს?11128144_835728169809570_1748403420_n
– ბევრისგან გამიგია, მოდი, ახლა არავის აღარ მოვუსმენ და გავლენისგან დაზღვეული ვიქნებიო. მაგრამ სულ რომ არაფერს მოვუსმინო, მოსმენილიდან მაინც ავიღებ რაღაც ელემენტებს. ახალი ჟანრი ასე იქმნება – რაც ახლა ხდება ბაზარზე, უსმენ და მანამდეც უსმენდი, მერე კი უკვე ქმნი იმას, რასაც ჰქვია ახალი ჟანრი. იმდენ ჯგუფს ვუსმენ, რომ  რომელიმე ერთის გავლენის ქვეშ ვერ ვექცევი, ოღონდ ესთეტიკა,  რა თქმა უნდა,  დაცული უნდა იყოს.  ჩემზე გავლენა მოახდინა: Pink Floyd-მა, Massive Attack-მა, ასევე Muse-მ და Placebo-მ. დანიელს და შოთას  Porcupine Tree მოსწონთ. შესაბამისად, ჯგუფში გემოვნების მხრივ, მრავალფეროვანი სურათი იქმნება. ყველა რომ კონკრეტულად ერთ ჯგუფს ვუსმენდეთ, მაშინ ყველაფერი  იმ ერთს დაემსგავსებოდა. ჩვენ ვუკრავთ პროგრესივს, ამ ჟანრს ყური ძნელად იღებს. ამიტომ, ვცდილობთ, რომ სმენადი გახდეს. მაგალითად, Radiohead-ი, ჯგუფი, რომელიც ორიენტირებულია არა მარტო ხარისხიან პროდუქტზე, არამედ მუსიკაზე, რომელიც მასებისთვისაც მისაღები იქნება. თუ  ჩვენს ახალ ტრეკებს გადახედავ, ნახავ, რომ უფრო ხმაზე და ჟღერადობაზეა ორიენტირებული.
– პირველი ალბომი
– ამჟამად ვმუშაობთ ალბომზე, ვაკეთებთ არანჟირებებს. ეს მთელი პროცესია, რომელიც ჩვენს სიმღერებს ბევრად მრავალფეროვანს ხდის. არ მომწონს, როდესაც მხოლოდ ბასი, დრამი და გიტარა ჟღერს. ზოგ ადგილას ვამატებთ ორკესტრს, ვცდილობთ, ავიღოთ ბუნებრივი ხმები, მაგალითად, რკინის მირტყმის ხმა, ხრეშის დაყრის თუ სხვა. კიდევ ნაყიდი გვაქვს 50-იანების მიკროფონი, რომლითაც ვოკალი უნდა ჩაიწეროს. ჩვენი მიზანია, ჯგუფმა შექმნას თავისი ჟღერადობა. არსებულ ჩანაწერთან სინთეზში მოექცეს ისეთი ხმა, რომელზეც იტყვი: „ აქ სწორედ ეს ხმა მჭირდება!“. პროგრესივ-როკს აუცილებლად სჭირდება ბევრი ექსპერიმენტი.
– ყოველდღიური ცხოვრება, საქართველო და ბენდი11129743_835728176476236_946962708_n
– მე, შოთა და ზაზა ვმუშაობთ. დანიელს მოწაფეები ჰყავს. ძირითადად, დილით ვმუშაობთ და საღამოს ვრეპეტიციობთ. რომ არ ვმუშაობდეთ, უბრალოდ აზრი არ ექნებოდა ჩვენს არსებობას.  ოთხი  წელი უამრავ ხარჯს ვიღებთ, რის ამოღებაზეც არც ვფიქრობთ.
სახელმწიფო აღარ აფინანსებს კონცერტებს, პროექტი Tbilisi New Commers დაიხურა. შესაბამისად, ახალგაზრდა ბენდებს არ გააჩნიათ სტიმული. თითქმის ყველაფერი გაჩერებულია. კონცერტების გაკეთება ჩვენით გვიწევს, რაც უამრავ ხარჯთან არის დაკავშირებული. ადამიანები, რომლებიც ცდილობენ, მუსიკით იშოვონ ფული, იღუპებიან, იმიტომ რომ ვალდებულნი არიან, დაუკრან ის, რაც ხალხმა ზეპირად იცის. ქართველ ერს კი გარდაცვლილი მუსიკოსების სიმღერები მოსწონს. თუნდაც, ირაკლი ჩარკვიანს თავიდან არავინ უსმენდა, როგორც კი გარდაიცვალა, სიმფონიები შექმნეს, თითქმის ყველა კონკურსში მის სიმღერებს მღერიან. ალტერნატიული მუსიკის მამად აღიარეს, ანუ სანამ არ მოკვდები, იქამდე დაფასებაზე არც უნდა იფიქრო.
უსმენენ  წინა თაობის სიმღერებს, თითქოს, სიახლის მიღების შიში აქვთ. არადა უცხოეთში პირიქითაა, რაც უფრო ახალ მუსიკას უსმენ, უფრო თანამედროვედ ითვლები.
– რჩევა ახლად შექმნილი  ბენდებისთვის11131879_835728166476237_1752450704_n
– უამრავი ბენდი დაიშალა, მაშინ, როდესაც უკვე სახელი მოიხვეჭეს. ეს ინდუსტრია ძალიან რთულია, რაც არ უნდა ბევრი ფული გქონდეს, დიდი იმედგაცრუების გარეშე წარმოუდგენელია მოხვდე მუსიკალურ ინდუსტრიაში. ამას წლები სჭირდება. ფულით აიმაღლებ ცნობადობას, მაგრამ უმჯობესია, ხარისხი აიმაღლო. ჯერ რაღაც დონეზე მაინც უნდა გახდე ინსტუმენტალისტი. ისეთი ადამიანები უნდა გყავდეს გვერდში, რომლებიც გეტყვიან: „ცუდი ხარ! ვერ მღერი!“, – ეს ყოველივე რჩება გონებაში, და საკუთარ თავში იწყებ იმ ძალების მოძიებას, რომლებიც განვითარებენ. ბევრი მეუბნებოდა, რომ ვერ იმღერებო. ამიტომ გადავწვიტე, უბრალოდ ბევრი მემუშავა, უნდა მიაჩვიო ყელის იოგები, გახდნენ უფრო დამჯერები. კონცერტების ჩატარებაც მნიშვნელოვანია, რათა დაძლიო სცენის კომპლექსები. სარეპეტიციოში ნელ-ნელა ხალხის შემოყვანით რომ დაიწყო, ეს უკვე კარგია. „პრასვეტზე“ გარანტიას ვერავინ მოგცემს. ჩვენი ბენდი ორიენტირებულია, წავიდეს სხვა ქვეყნებში, ჩაატაროს „ლაივები“ და რაღაც გზა მონახოს. ფულზე ფიქრს აზრი არ აქვს, თუ რაღაც დონეს არ მიაღწიე. და კიდევ ერთი, აუცილებლად უნდა გჯროდეს ზღაპრების, რაღაც დიდის, შორეულის. მაშინ, როდესაც წარმოიდგენ, რომ ის გამოგივა, მის გზაზე გასავლელ ნაბიჯებს უბრალოდ წინ მიყავხარ.

 ლექსო მიგრიაული

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები