„დედაქალაქში მოქმედი საბავშვო პარკები ბავშვებისთვის სახიფათოა“

გაზეთი “კვირის პალიტრა” თბილისის სკვერების პრობლემებზე სტატიას აქვეყნებს. როგორც გამოცემა წერს, სკვერებში გართობის მსურველი ბავშვები ჯაჭვზე შემორჩენილ პლასტმასის ნაჭრებს ეკიდებიან.
„თბილისის რამდენიმე სკვერში რომ გაისეირნოთ, გუნების გამოკეთების ნაცვლად, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდეთ. უმრავლეს საბავშვო სკვერში დამტვრეული და დაჩეხილ-დანაკუწებული საქანელები დაგხვდებათ. პატარებიც შექმნილ გარემოსთან შეგუებას ცდილობენ და  საქანელაზე გართობის ნაცვლად, ჯაჭვზე შემორჩენილ პლასტმასის ნაჭრებს ეკიდებიან.
დამტვრეულ სათამაშოებთან ერთად, სკვერებში სხვადასხვაგვარი საყოფაცხოვრებო ნარჩენებიც ყრია და სილაში ბოთლები თუ ცელოფანის პარკებია მიმოფანტული. ბუნებრივია, მოუწესრიგებელი და მოუვლელი პარკები მშობლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა“,- წერს გაზეთი.
სტატიაში ერთ-ერთი მშობელი აცხადებს, რომ პრობლემის მოგვარების იმედი მას არ აქვს. მისი განცხადებით, ასეთ ვითარებაში ბავშვების ასეთ სკევერებში წაყვანას მათი “ოთხ კედელში” გამოკეტვა სჯობს. „ორი პატარა მყავს და კორპუსის ახლოს, სკვერში ხშირად გამომყავს, მაგრამ ბოლო დროს პარკები იმდენად დანაგვიანდა, მიჭირს გარკვევა, ბავშვისთვის ოთხ კედელში გამოკეტვა ჯობია, თუ დანაგვიანებულ სილაში თამაში.
საქანელები, ჩამოსასრიალებელი, აიწონა-დაიწონა – ყველა სათამაშო დამტვრეულია და ყურადღებას არავინ აქცევს. ყველაფერთან ერთად პლასტმასის განადგურებული სათამაშოები საშიშ ნივთებად იქცა, რადგან კუთხეები ბასრი აქვს და შეიძლება ბავშვს თვალში მოხვდეს. ვინ აგებს ამაზე პასუხს?!“,- აცხადებს მშობელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები