გოჩა ვერტიაკოვი: მესამე მსოფლიო ომი არ დაიწყება

საქართველოს საზღვაო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი და საზღვაო ძალების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, ექსპერტი სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებში გოჩა ვერტიაკოვი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, მოკლევადიან პერიოდში დასავლეთს არ გააჩნია ისეთი ბერკეტები, რომ რუსეთის ხელისუფლებაზე რაიმე სახის გავლენა მოახდინოს. როგორც სამხედრო ექსპერტმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, რუსეთს ყირიმში საბრძოლო მოქმედებების დაწყება არ სჭირდება,  რადგან ტერიტორიის 95%-ს აკონტროლებს.
„რუსეთს არ სჭირდება საბრძოლო მოქმედებების დაწყება, ვინაიდან ყირიმს 95%-ით ისედაც აკონტროლებს; ეს სცენარი ალბათ გათვლილი ექნებოდათ და შესაბამისადაც მოქმედებენ თამამად და უკან არ დაიხევენ. მოკლევადიან პერიოდში დასავლეთს არ გააჩნია ისეთი ბერკეტები, რომ მოახდინოს რუსეთის ხელისუფლებაზე რაიმე სახის გავლენა; გრძელვადიანი პერიოდისთვის კი, ყოვლად შესაძლებელია საფინანსო სანქციები, დიპლომატიური იზოლაცია და მუდმივი პოლიტიკური ზეწოლა, რომელიც ეკონომიკაზე იმოქმედებს, მაგრამ ეს დროში გაწელილი იქნება. როგორც მოგეხსენებათ, “ზამთარი საკამოდ ცივი გახდა ევროპაში“, –  განაცხადა გოჩა ვერტიაკოვმა.
მისი თქმით, პოლიტიკურ იზოლაციას მოსკოვის ამჟამინდელი ხელისუფლებისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ექნება და ეს განსაკუთრებული გამაღიზიანებელი ფაქტორი ვერ იქნება, რადგან მათ გააჩნიათ კონკრეტული გეოპოლიტიკური, გეოეკონომიკური, თუ სხვა სამხედრო-პოლიტიკური ინტერესები და მას ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავენ.
ვერტიაკოვმა რუსეთის მიერ ყირიმში გადაგმული მკვეთრი ნაბიჯები კიევისა და თბილისის ევროპულ არჩევანს დაუკავშირა და საქართველოსა და უკრაინას შორის გარკვეული პარალელები გაავლო.
“რუსეთი ნატოს სამხედრო ბლოკის სახით საფრთხეს   ხედავს და შესაბამისად, საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია; შესაბამისად, მოსკოვის ხელისუფლება ცდილობს არ დაუშვას, ან არ მოხდეს თბილისის და კიევის გაწევრიანება ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკში. რაც შეეხება პარალელებს და მოქმედების სცენარებს, შემიძლია გითხრათ, რომ ყველა ქვეყანა, მათ შორის აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ასეთივე ალგორითმს იყენებდნენ: პრობლემა-დაძაბულობა-სამხედრო ინტერვენცია-პოლიტიკური მოგვარება და ბოლო 30 წლის განმავლობაში ამის უამრავი მაგალითი დაგროვდა,“ –  განაცხადა „კვირასთან“ ინტერვიუში გოჩა ვერტიაკოვმა.
საზღვაო ძალების შტაბის ყოფილი უფროსი მესამე მსოფლიო ომის შესაძლობასაც შეეხო. მისი განცხადებით, მიუხედავად რუსეთის მიმართ ჩინეთისა და თურქეთის მხარდაჭერისა, მესამე მსოფლიო ომი ვერ მოხდება.
„ჩინეთის გარდა, რუსეთს ასევე ნატოს წევრი ქვეყნის – თურქეთის რესპუბლიკის პრემიერმაც დაუჭირა ღიად მხარი. ნებისმიერ შემთხვევაში, მესამე მსოფლიო ომი ვერ მოხდება, ვინაიდან ამის თავი არავის აქვს – თვით რუსეთსაც კი!
ამერიკის პრეზიდენტმა უნდა შეამციროს შეიარაღებული ძალები პირველი, თუ მეორე მსოფლიო ომის დასაწყისის მდგომარეობამდე; ამის გარდა, არსებობს ჩრდილოეთ კორეის პრობლემა, რომლებმაც დღეს ორი ბალისტიკური რაკეტა გაუშვა (ჯერ კიდევ აზუსტებენ, თუ რა ტიპის რაკეტები იყო); მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე მდგომარეობა ძალიან რთულია და რუსეთთან დაპირისპირება არავის აძლევს არანაირ უპირატესობას. ზეწოლა დიპლომატიურად შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ საქართველოს მაგალითზე, შემიძლია ვთქვა, რომ ეს დიდ შედეგს  არ მოიტანს“ – განაცხადა გოჩა ვერტიაკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები