ნემცოვის მკვლელობას ხოდორკოვსკი, ნავალნი და სობჩაკი ეხმაურებიან

რუსეთის ხელისუფლების ოპოზციონერის ბორის ნემცოვის მკვლელობას მიხაილ ხოდორკოვსკი, ალექსეი ნავალნი და ქსენია სობჩაკი ეხმაურებიან.
თითოეული მათგანი სოციალურ ქსელში ბორის ნემცოვისადმი გამოსამშვიდობებელ სტატუსს აქვეყნებს. „ბორისის მკვლელობა – სიმწარეა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის. ჩვენ ყველას გვიყვარდა ის. ხალასი და ძალიან კარგი ადამიანი“, – ასე ეხმაურება ყოფილი პოლიტპატიმარი მიხაილ ხოდორკოვსკი რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ბორის ნემცოვის მკვლელობას. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პირად პატიმრად წოდებულმა ხოდორკოვსკიმ ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა. ასევე სოციალურ ქსელში ეხმაურება ნემცოვის გარდაცვალებას ამჟამად პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნი: „ახლახანს, ბიჭებისგან, რომლებიც პაემანზე მოვიდნენ, გავიგე, რომ ნემცოვი მოკლეს. შოკში ვარ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ბორისი ჩემს სანახავად რამდენიმე დღის წინ იყო. როგორც ყოველთვის ენერგიული, სიცოცხლით სავსე, გეგმებით. ეხუმრა პოლიციელებს, მხიარულად ესაუბრა მათ, უხსნიდა, თუ რატომ უნდა დაეჭირათ მათ „გაზაფხულის მარშისათვის“ მხარი. ბროშურები აჩუქა. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ მას მეტად ვერ ვნახავ. შემზარავი ტრაგედიაა და დანაკარგია ყველა ჩვენგანისთვის. ბორია ძალიან კარგი და წესიერი ადამიანი იყო. იყო ნამდვილი პოლიტიკოსი და წესიერი ადამიანი – ასეთი რამ იშვიათია. ვერსიებზე, საკმარისი ინფორმაციის უქონლობის გამო ვერაფერს ვიტყვი, იმედი მაქვს მასთან გამომშვიდობების საშუალებას მომცემენ“. „კარგად ვიცნობდი და ძალიან მიყვარდა. მას უყვარდა სიცოცხლე და იყო ნამდვილი დემოკრატი და ძალიან წესიერი ადამიანი“, – წერს, ასევე სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი ქსენია სობჩაკი. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ბორის ნემცოვი წუხელ მოსკოვის ცენტრში, მოსკვორეცკის ხიდზე მოკლეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები