რუსული მედია ნემცოვის მკვლელობის სხვადასხვა ვერსიას აჟღერებს
ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის გამოძიებაში რამდენიმე ვერსია გამოიკვეთა. როგორც რუსული მედია იუწყება, მკვლელობის ვერსიებად ნემცოვის პოლიტიკური აქტიურობა, რუსეთში დესტაბილიზაციის მოწყობის მცდელობის მიზნით დაგეგმილი პროვოკაცია და პირადი ცხოვრების გამო ეჭვიანობის ნიადაგზე მკვლელობა განიხილება. რუსული მედია აქტიურად წერს ბოლო დროს ნემცოვის ვიზიტებზე უკრაინაში. მათი ინფორმაციით, ნემცოვი აქტიურად ხვდებოდა უკრაინის „ომის პარტიის“ წარმომადგენლებს, რის გამოც ისინი არ გამორიცხავენ, რომ ნემცოვი უკრაინის მხარის რაიმე კონკრეტულ დავალებას ასრულებდა, თუმცა შემდგომ მოსკოვში დესტაბილიზაციის მიზნით მოკვლა გადაწყდა.
მკვლელობის კიდევ ერთ ვერსიად მისი პირადი ცხოვრება და ეჭვიანობის მოტივი სახელდება. გამომძიებლებმა მისი მკვლელობის სურათიც შეადგინეს, რომლის თანახმადაც 27 თებერვლის საღამოს ნემცოვმა 23 წლის უკრაინელ მოდელ გოგონასთან – ანა დურიცკასთან ერთად რესტორანში ივახშმა. რესტორანი მათ 23:00 საათზე დატოვეს და ვასილევსკის ქუჩის მიმართულებით ფეხით გაემართნენ. ისინი ხიდზე გავიდნენ, იქიდან კი „მწვანე მოედნის“ მიმართულებით უნდა წასულიყვნენ, როდესაც მათ უკან თეთრი ფერის უცხოური მარკის ავტომობილი გაჩერდა. ავტომობილიდან ცეცხლი პირდაპირ ნემცოვის მიმართულებით გახსნეს, რა დროსაც მას 4 ტყვია მოხვდა ზურგში.
რუსი პოოლიტიკოსი შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა, მის თანმხლებ გოგონას კი რაიმე დაზიანება არ მიუღია. სამართალდამცავებს მკვლელობის სურათის შექმნაში სწორედ ნემცოვის თანხლები გოგონა დაეხმარა. მანქანა, რომელიც უკრაინელმა მოდელმა აღწერა, ქუჩის გარე კამერებმა დააფიქსირეს. მანქანა მკვლელობის შემდეგ 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრაობდა, რომ ვინმეს ყურადღება არ მიეპყროთ, მოგვიანებით კი მისი კვალი გაქრა. რუსი სამართალდამცავები თეთრ „ფორდ მონდეოს“ ამ დრომდე ეძებენ. მიუხედავად იმისა, რომ საქმეში რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საუკეთესო გამომძიებლები ჩაერთნენ, ეჭვმიტანილები ამ დრომდე არ დაუკავებიათ.