"უკრაინასთან ომის დაწყება რუსეთისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება"

სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე უკრაინის კრიზისს აფასებს და მოვლენების განვითარებას პროგნოზირებს. როგორც თავდგირიძემ „კვირასთან“ საუბარში აღნიშნა, უკრაინა-რუსეთს შორის საბრძოლო მოქმედებების დაწყება მოსალოდნელი არ არის, ვინაიდან უკრაინასთან ომის დაწყება რუსეთისთვის დასასრულის დასაწყისი იქნება, მიუხედავად იმისა, ვისი გამარჯვებით დამთავრდება ეს ომი.
„სლავ ხალხს შორის ომი, მიუხედავად იმისა, ვისი გამარჯვებით დამთავრდება ის, რუსეთისთვის კატასტროფა იქნება. ამაზე მიანიშნებს საერთაშორისო საზოგადოების მკაცრი განცხადებებიც. ისინი პრინციპულ პოზიციებს გამოხატავენ. მათ აქვთ ბერკეტები რუსეთზე სამოქმედოდ, რადგან რუსეთი ღიად არ ჩაერიოს უკრაინის პოლიტიკაში, თუმცა ფედერალური ხელისუფლება ამას მუდმივად აკეთებს. მასშტაბურ ომზე საუბარი ჯერჯერობით რთულია ,“ – აღნიშნავს გიორგი თავდგირიძე.
მისი თქმით, პირველივე გასროლა მანევრის საშუალებას მოსპობს. ამ ეტაპზე, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება საკმაოდ გონივრულად იქცევა. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინას უკონტროლო ქმედებები არ წაუხალისებია, ისინი აკონტროლებენ საკუთარ ემოციებს და ულტრანაციონალური დაჯგუფებების ინტერესებს არ აკმაყოფილებენ, რაც ძალიან კარგია.
სამხედრო ექსპერტი ყირიმის მიერ ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის სახელმწიფო სტატუსით შეცვლის მოთხოვნასაც აფასებს და ამბობს, ამის შესაძლებლობა არსებობს, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს გახლეჩვის ხარჯზე.
„ვფიქრობ, უკრაინის ცენტრალური ხელისუფლება ცალკეულ ჯგუფებთან მოლაპარაკებებს უნდა შეეცადოს. ფაქტი, რომ ყირიმმა სახელმწიფო სტატუსი მოითხოვა ამაზე, ღიად მიდის საუბარი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს სახელმწიფოს გახლეჩვის ხარჯზე. ცენტრალურმა ხელისუფლებამ ყირიმისთვის გარკვეული სტატუსის მინიჭებისას ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები უნდა გაითვალისწინოს. ყირიმში რუსულენოვანი მოსახლეობის დიდი ნაწილი პოლიტიზირებულია, ფაქტობრივად სეპარატიზმი მათგან უფრო მოდის, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობისგან, რომლებიც ნახევარკუნძულის უკრაინულ ნაწილს წარმოადგენენ და ისტორიულად აქ სახლობენ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ძალიან ძნელია ლავირება, მაგრამ შესაძლებელია,“- აღნიშნავს ექსპერტი თავდგირიძე.
როგორც გიორგი თავდგირიძე „კვირასთან“ საუბარში აცხადებს, არც ნატო, არც ევროპა უკრაინა-რუსეთის საბრძოლო მოქმედებებისთვის მზად არ არის. ერთადერთი დახმარება, რომელიც შეიძლება აღმოუჩინონ უკრაინას, ეს ფინანსურია და ჩემი აზრით, ევროპის, ან რუსეთის მხრიდან სხვა ნებისმიერი ჩარევა ზედმეტი იქნება. მისი თქმით, მთავარია, საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის ღია აგრესია დაამუხრუჭოს.
„რუსეთზე იქნება ფინანსური ზეწოლა, რაც მას ბევრი მანევრის საშუალებას მოუსპობს. უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გამოირჩევა მაღალი საბრძოლო მომზადებით, მაგრამ როდესაც საუბარია საკუთარი ქვეყნის დაცვაზე, შეიძლება ძალიან სწრაფად მოხდეს ამ ძალების ტრანფორმაცია. ხშირად მესმის რუსული განწყობების შესახებ, როდესაც გარკვეული ძალები აცხადებენ, რომ უკრაინული საბრძოლო მომზადება დაბალია, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი შეფასებებია…,“ – აღნიშნავს თვდგირიძე.
რა როლის თამაში შეუძლია ნატოს უკრაინის კრიზისთან მიმართებაში და რამდენად სწორად მოიქცა კიევი, როდესაც დასახმარებლად ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს მიმართა? ამის შესახებ სამხედრო ექსპერტი ამბობს:
„უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ ნატოსგან შეუძლია მიიღოს გარკვეული საბრძოლო მასალა, ფინანსები, სადაზვერვო, საინფორმაციო და საზღვაო დახმარება . ის ტექნოლოგიური დახმარება, რომელიც შეუძლია ნატომ აღმოუჩინოს უკრაინას, რისი ლეგიტიმური უფლებაც აქვს, ფაქტობრივად, უკრაინას ფედერალურ ხელისუფლებასთან ბრძოლაში გადამწყვეტ უპირატესობას მიანიჭებს,“ – ამბობს გიორგი თავდგირიძე.
მისი თქმით, უკრაინის ხელისუფლება ამ ეტაპზე უნდა ეცადოს, მოიგოს დრო, ამ პერიოდში შეიმუშაოს სტრატეგიის ოპტიმალური ვარიანტი და რუსეთისა და ნაციონალური ძალების მოქმედებს მომზადებული შეხვდეს.

ნიცა ბუხნიკაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები