„სანამ მოვკვდები, მანამდე მაინც დაიწყოს თეატრის რეაბილიტაცია…“

„არაჩვეულებრივი მსახიობი“ – ასე აფასებენ კოლეგები. საკუთარი ოსტატობით კი ყველას თავს ამახსოვრებს. თეატრის უხუცესი მსახიობი ზემფირა გუნია 54 წელია სცენაზე დგას და თავისი მოღვაწეობით ამდიდრებს ზუგდიდის შალვა დადიანი სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს.

 – ჩემს ოჯახში თითქმის ყველა თეატრში მუშაობდა. შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობიდან, ჯერ კიდევ ფოთის თეატრიდან, სცენაზე ვდგავარ. ფაქტობრივად, თეატრში გავიზარდე. ამიტომ თეატრი ყოველთვის ძალიან მიყვარდა. რთულია გადმოვცე ეს გრძნობა და ემოცია. მახსოვს, სკოლიდან თეატრში რომ მივყავდით, სპექტაკლის დასრულების შემდეგ, შენობიდან გამოსული ბავშვები, თეატრის უკანა მხარეს გავრბოდით, რომ გვენახა, როგორ გამოდიოდნენ მსახიობები თეატრიდან.11003972_815399135175807_2058123209_n
– როგორ მოხვედით ზუგდიდის თეატრში?
– ბიძაჩემი ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორი იყო. გახსოვთ ალბათ, საბჭოთა კავშირის დროს, უმაღლეს სასწავლებელში რომ ჩაგებარებინა, სამუშაო გამოცდილება უნდა გქონოდა. სკოლა რომ დავამთავრე, ბიძასთან წამოვედი თეატრში და მოკარნახედ დავიწყე მუშაობა. სამი წელი ვიმუშავე. ერთ-ერთ სოფელში გასტროლზე ვიყავით, რომ მსახიობი ავად გახდა. რადგან ტექსტი ვიცოდი, რეჟისორმა სოლომონ ყიფშიძემ როლზე მე ჩამსვა. ეს იყო ჩემი პირველი როლი სპექტაკლში „მინდვრის დედოფალი“.
– 54 წელი თეატრის სცენაზე…
– თეატრში ერთხელ რომ მოხვდები, ძალიან რთულია სხვაგან წახვიდე. თეატრში რომ მოვედი, ძალიან ბევრი კარგი მსახიობი დამხვდა. უფროსი თაობისგან დიდ სითბოს და ყურადღებას ვგრძნობდი. ისეთი დამოკიდებულება იყო, თითქოს თანასწორნი ვიყავით. ჩვენს თეატრში ყოველთვის ასე იყო.

საბჭოთა კავშირის დროს უფრო აქტიურად ვმუშაობდით. ყველგან დავდიოდით გასტროლებზე, მათ შორის სოფლებში. სამწუხაროდ, ახლა ყველგან განადგურებულია კლუბები, აღარ არსებობს აბონემენტი, იშვიათად გავდივართ. მაშინ ასეთი წესი იყო, წელიწადში 4-5 სპექტაკლი უნდა დაგვედგა და დღემდე 100-მდე როლი ვითამაშე.11003988_815399145175806_1579871852_n
– შეგიძლიათ რომელიმე როლი გამოარჩიოთ?
– თითოეული სახე რაღაცას გაძლევს და გასწავლის. წლების განმავლობაში მე ვითამაშე სახასიათოც და დრამატული როლებიც და ჩემთვის ყველა ერთნაირად საყვარელია. ყველა როლში რაღაც გაქვს ჩადებული.
– რეჟისორი, რომელმაც თქვენს თეატრალურ მოღვაწეობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა…
– თემურ ჩხეიძე რომ თეატრში მოვიდა, მე უკვე შტატიანი მსახიობი ვიყავი. მის ყველა სპექტაკლში ვითამაშე და ძალიან ბედნიერი ვარ.  ხშირად ვიმეორებ, თუ მე სცენაზე სწორად ვდგავარ, ეს თემურ ჩხეიძის დამსახურებაა. ახლა კი თეატრში გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდა სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანი. არაერთი კარგი სპექტაკლი დადგა, მათ შორის „ხორუმი ქართული ცეკვაა“. ეს სპექტაკლი საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში ვითამაშეთ.
– მაყურებელი…
– პრემიერის წინ, როგორც წესი, ძალიან ვღელავ, დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ შეგხვდება მაყურებელი პირველ შესვლაზე. უნდა ვთქვა, რომ გამორჩეული და ძალიან კარგი მაყურებელი გვყავს. ორი წლის წინ, თეატრს საიუბილეო წელი ჰქონდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ვიყავით გასტროლებზე. ბოლო სპექტაკლი ზუგდიდის თეატრში ვითამაშეთ და მაშინ ვთქვი, მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ ამდენი წელი სცენაზე გვიტანს. სულ სხვა შეგრძნებაა, ქუჩაში რომ გახვალ და მაყურებელი გცნობს.11004735_815399141842473_454897110_n
სიამოვნებით ვთამაშობ საბავშვო სპექტაკლებში. ყველაზე განსხვავებული მაყურებელი ბავშვები არიან. მახარებს მათი შეძახილები და მხიარულება. მათთან ერთად მეც მიხარია. ახლაც ვმუშაობთ, ო ჰენრის მოთხრობის „ყვითელკანიანთა ბელადის დაბრუნება“ მიხედვით, ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი სპექტაკლს დგამს.
– წლებია თეატრს პრობლემები აქვს…
– ახლა თეატრში საცოდაობაა. მხოლოდ სცენაზე და დარბაზში არ წვიმს, სხვა ყველა ოთახი განადგურებულია, თეატრი ნახევრად დანგრეულია. არ გვაქვს საგრიმიორო…
საშინელებაა რომ ვუყურებ. სულ ვამბობ, სანამ მოვკვდები მანამდე მაინც დაიწყოს თეატრის რეაბილიტაცია, იმედი მექნება, რომ თეატრს ეშველება. მსახიობები საკუთარ თავებს არ ვჩივით, ეს ჩვენი საქმეა და უნდა ვიმუშაოთ, მაგრამ მაყურებელია ცოდო. სცენაზე ფარდა რომ გაიხსნება, საშინელი სიცივე გადის დარბაზში. ძნელია ამას უყურო. ძალიან უნდა გიყვარდეს თეატრი, რომ ამ პირობებს გაუძლო. ხშირად მიკვირს ახალგაზრდა მსახიობების, რომლებსაც შეუძლიათ წავიდნენ, მაგრამ არ მიდიან. ადამიანი ერთხელ თუ დადგა თეატრის სცენაზე, მერე ვერსად ვერ წავა. თუმცა ძალიან განვიცდით, რომ ბევრი ახალგაზრდა მიდის რეგიონიდან და აღარ ბრუნდება. თეატრსაც და რეგიონსაც სჭირდება მომავალი თაობა. იმედი გვაქვს, დაიწყება თეატრის რეაბილიტაცია და მოგვარდება ეს პრობლემები.

 მზევინარ ხუციშვილი

ფოტოები ზუგდიდის თეატრის არქივს ეკუთვნის

11004961_815399128509141_600645887_n

11007681_815399155175805_811486011_n

11008898_815400081842379_163409354_n

11012322_815400085175712_1235035136_n

11014787_815399151842472_110313786_n

11016486_815399138509140_1049287584_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები