თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრში, თბილისის მე-18 საერთაშორისო სტუდენტური კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების დაწყებისას, ფესტივალის დირექტორმა ჯაბა სიხარულიძემ და სამხატვრო ხელმძღვანელმა დათო ჯანელიძემ, ფესტივალის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის საპატიო „ამირანი“ გადასცეს სარაევოს კინოსკოლის პროფესორს, კინორეჟისორ ნენად დიზდარევიჩს (სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა) და მიუნხენის უმაღლესი კინოსკოლის პროფესორს, 40-მდე ფილმის დამდგმელ ოპერატორს აქსელ ბლოკს (მიუნხენი, გერმანია HHF).
ღონისძიებაზე გამოვლინდნენ საკონკურსო კინოპროგრამის და ფიჩინგ ფორუმის გამარჯვებულები
2025 წლის ჟიურის წევრებმა (ლევან კიტია – კინორეჟისორი, პროდიუსერი /საქართველო/; რადოსტინა ნევიკოვა – თეატრისა და კინოს ეროვნული აკადემიის პროფესორი, ანიმაციური კინოს რეჟისორი /სოფია, ბულგარეთი/ და ნენად დიზდარევიჩი – სარაევოს კინოსკოლის პროფესორი, კინორეჟისორი, სცენარისტი, კინოპროდიუსერი /სარაევო, ბოსნია და ჰერცოგოვინა/ ) – 12 ქვეყნის 17 კინოსკოლის 25 ფილმიდან შემდგარი საკონკურსო პროგრამიდან გამარჯვებულები გამოავლინეს: ფესტივალის გრანპრი:
▪︎ „ტყე” – რეჟ. ჯიმ ობმანი, მილ პოგოლსკი, ვანესა ჩუ (HFF/გერმანია)
საუკეთესო მხატვრული ფილმი:
▪︎ „შთამომავლობა” – რეჟ. ემილ ალექსანდროვი (NATFA/ ბულგარეთი)
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი:
▪︎ „კარაოკე ბორბლებზე” – რეჟ. სუბლაშ ჯა (სატაიაჯ რეის კინოს და ტელევიზიის ინსტიტუტი, ინდოეთი)
საუკეთესო ანიმაციური ფილმი:
▪︎ „მარია” – რეჟ. იან პისკაჩი (FAMU/ ჩეხეთი)
სტუდენტური ჟიურის წევრებმა ბარბარა რიკაძემ, ანუკა თალაკვაძემ და თინათინ ასათიანმა სტუდენტური ჟიურის პრიზი გადასცეს ფილმს:
▪︎ „ნეონაცისტი” – რეჟ. ანა მარია აივაზოვი (TAFU /საქართველო)
ღონისძიებაზე, ასევე, გაიცა სპეციალური დიპლომები იმ კინოპროფესიების მიხედვით, რომლებიც ისწავლება კინოსკოლებში:
საუკეთესო ხმის რეჟისურა:
▪︎ „ნაპერწკლები” – რეჟ. მარტა ალექსიევა, რაიან დიმიტროვი (NATFA/ ბულგარეთი)
საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარი:
▪︎„სიბნელეში” – რეჟ. მეთიუ შეროუ (ENSAV/ საფრანგეთი)
საუკეთესო რეჟისურა:
▪︎„ხარების ძახილი” – რეჟ. ნელსონ ალგომედა (DFFB/ გერმანია)
ჟიურის სპეციალური პრიზი გადაეცა:
▪︎„მანია”- რეჟ. მარიამ გიორგაძე (TAFU/საქართველო)
ფესტივალის ფარგლებში გამართული ფიჩინგ ფორუმის ჟიურიმ (კინორეჟისორები: გიორგი ოვაშვილი, თათია ახალშენაშვილი და მარია სიჩანინი) მონაწილე პროექტებიდან შემდეგი გამარჯვებულები გამოავლინა:
I ადგილი
✦ ნინი ბიბილეიშვილი / პროექტი: „ქვა ვიბრაციის გარეშე“
II ადგილი
✦ ლინა აქულაშვილი / პროექტი: „დათუნა და კარალიოკის ხე“
III ადგილი
✦ ნიკა ოდიშელიძე / პროექტი: „კრავაი და ზაზა“
გამარჯვებულებს გადაეცათ ფულადი ჯილდოები, რომლის მეშვეობითაც უნდა განავითარონ პირველი ფილმის პროექტი.
საპრიზო ფონდი შედგა საქართველოს კულტურის სამინისტროს, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის და თბილისის მერიის მხარდაჭერით.
კიდევ ერთი პრიზი გადასცა საუკეთესო პრეზენტაციისთვის საქართველოს ანიმატორთა ასოციაციამ „საქანიმა“. 5000-ლარიანი ჯილდო (ტექნიკური ხელშეწყობა) ანიმაციური ფილმის წარმოებისთვის გადაეცა ნუცა ლემონჯავას პროექტს „პალენგენეზია“.
1980-იან წლებში დაარსებული და 2007 წელს აღდგენილი ფესტივალი აერთიანებს საკონკურსო კინოპროგრამას, ინდუსტრიულ პლატფორმას „ფიჩინგ ფორუმი“ და პროფესიული მასტერკლასების ციკლს. 2025 წელს ფესტივალი 21-25 ოქტომბერს გაიმართა.
ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები