თურქეთის სანაპიროსთან მიგრანტებით სავსე ნავი ჩაიძირა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 14 ადამიანი დაიღუპა.
თურქეთის სანაპირო დაცვის ინფორმაციით, ინციდენტი ეგეოსის ზღვაში მოხდა. მაშველებმა რამდენიმე ადამიანის გადარჩენა შეძლეს, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.
ავღანელმა კაცმა, რომელიც დახრჩობას გადაურჩა, ინციდენტის შესახებ სამაშველო სამსახურს შეატყობინა. ავღანეთის მოქალაქემ დახმარების სამსახურს განუცხადა, რომ რეზინის ნავზე 18 ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა ნავი მალევე ჩაიძირა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნავი საბერძნეთის მიმართულებით მიცურავდა და მასზე, ძირითადად, აზიისა და აფრიკის ქვეყნებიდან ჩამოსული მიგრანტები იმყოფებოდნენ.
თურქეთი ერთ-ერთ მთავარ მარშრუტად რჩება იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც ევროპაში მოხვედრას ზღვით ცდილობენ.
მიმდინარე წლის 16 ოქტომბრის მონაცემებით, თურქეთში 122 000-ზე მეტი მიგრანტია დაკავებული.