“დაკავებულ იქნა ჩინეთის 3 მოქალაქე – აღნიშნული პირები ცდილობდნენ, საქართველოში უკანონოდ შეეძინათ რადიოაქტიური ნივთიერება “ურანი“, რაშიც მზად იყვნენ, გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი” – პროკურორი

“დაკავებულ იქნა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 3 მოქალაქე. აღნიშნული პირები ცდილობდნენ, საქართველოში უკანონოდ შეეძინათ რადიოაქტიური ნივთიერება “ურანი“, რაშიც მზად იყვნენ, გადაეხადათ 400 000 აშშ დოლარი”, – ამის შესახებ პროკურორი, ელიზბარ გოზალიშვილი აცხადებს.

როგორც პროკურორი განმარტავს, მიუხედავად მათი განზრახვისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციული ღონისძიების შედეგად მოხდა აღნიშნული პიროვნებების დაკავება.

“დღევანდელ სასამართლო პროცესზე სასამართლომ განიხილა აღკვეთის ღონისძიების შუამდგომლობა და სამივე ბრალდებულს შეუფარდა პატიმრობა. იცნობდნენ ერთმანეთს, დაკავშირებული პირები იყვნენ და საქართველოში ჩამოსული იყვნენ სწორედ რადიოაქტიური ნივთიერება „ურანის“, რომელიც ასევე წარმოადგენს ბირთვულ მასალას, შესაძენად. მათ აღნიშნული განზრახვა ვერ მოიყვანეს სისრულეში, ვინაიდან მოხდა მათი განზრახვის გამოვლენა და პრევენციულად მათი დაკავება“, – განმარტა პროკურორმა.

ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე მსჯელობა დასრულებულია.

სუს-ის ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში რადიოაქტიური ნივთიერების შეძენას 400 000 დოლარად გეგმავდნენ, შემდეგ კი რუსეთის გავლით, ჩინეთში მის უკანონო ტრანსპორტირებას აპირებდნენ.

უწყების ცნობით, დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, საქართველოში ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები ჩამოიყვანა და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება.

საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები