ჯონ ქერი რუსეთს მოუწოდებს, სამხედრო ნაწილები ბაზებში დაუყოვნებლივ დააბრუნოს
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დააბრუნოს რუსეთის სამხედრო ნაწილები ბაზებში.
„შეერთებული შტატები რუსეთის უკრაინაში შეჭრას, მისი ტერიტორიების ოკუპაციას, ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას გმობს. 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის თანახმად, ეს რუსეთის მიერ აღებულ ვალდებულებებს ეწინააღმდეგება – დაიცვას და პატივი სცეს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთის ეს ქმედება მსოფლიოს მშვიდობას და უკრაინის მთელს რეგიონს საფრთხის წინაშე აყენებს” , – ნათქვამია ჯონ ქერის განცხადებაში.
შეერთებული შტატების მდივანი აცხადებს, რომ ის პირადად ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრე ტურჩინოვს და მას აშშ-ის სახელით სრული მხარდაჭერა აღუთქვა.
“ჩვენ პირველივე დღეს განვაცხადეთ, რომ პატივს ვცემთ უკრაინისა და რუსეთის ისტორიულ კავშირებს და გვესმის ფედერალური ხელისუფლების შეშფოთების, უკრაინაში მცხოვრები ეთნიკური რუსების უსაფრთხოებაზე ზრუნვის თვალსაზრისით, თუმცა მიგვაჩნია, რომ ფედერალურმა ხელისუფლებამ ეს არ უნდა გააკეთოს უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის ხარჯზე.
თუკი, რუსეთის ხელისუფლება დაძაბულობის განმუხტვისთვის, არ მიიღებს კონკრეტულ ზომებს, ეს რუსულ-ამერიკული ურთიერთობების შედეგებსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მის მიმართ დამოკიდებულებაზე აუცილებლად აისახება“ – აცხადებს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი.