„ქართველები ზარმაცები ვართ და გამოსავალს გაქცევაში ვხედავთ…“

„ყველგან, ნებისმიერ დროს და ადგილზე, სადაც თავისუფალ დროს გამოვძებნი, ვკითხულობ. ძალიან მიყვარს სეირნობა ძველ უბნებში და განსაკუთრებით მშრალი ხიდი. მოხალისედ ხშირად დავდივარ ბავშვთა სახლში და კათარზისში. ვაპირებ სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები და მხოლოდ ჩემს ქვეყანაში ვიცხოვრებ…“ – ჟურნალისტი ანა ლაშხელი-ონიანი.

– სამი პროფესია გაქვს…
– დიახ, ვარ ინგლისური ენის სპეციალისტი, ჟურნალისტი და ქართული ენის პედაგოგი. მართალია, დიდ დროს მოითხოვს, მაგრამ ჟურნალისტიკა უფრო მეტად მაინტერესებს და დოქტორანტურაშიც, ამ კუთხით მინდა გავაგრძელო სწავლა. ძირითადად, სოციალურ თემებზე ვწერ. დავწერე ბავშვთა სახლებზე, ბავშვების გაშვილების პრობლემაზე, რომელმაც ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. ვთვლი, რომ საქართველოში ეს თემა დიდი პრობლემაა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ბევრი ბავშვთა სახლია, გაშვილების საკითხი მაინც გართულებულია. წლები სჭირდება საბუთების შეგროვებას. დიდი სირცხვილია, როცა შვილის აყვანა უნდათ და ჩვენ ამის საშუალებას არ ვაძლევთ. მაწუხებს ეს თემა და, ზოგადად, მსგავსი პრობლემები. როცა შედეგს ვხედავ, სტიმულს მაძლევს, უფრო აქტიურად ვიმუშაო.
ამჟამად არ ვმუშაობ, სხვადასხვა საიტებთან ვთანამშრომლობ. თუმცა აღარც სჭირდებათ, რომ მე მივაწოდო მასალა, თვითონ მიაქვთ ჩემი გვერდიდან. ვიცი, რომ ერთი და ორი ადამიანი პრობლემას ვერ მოაგვარებს. მაგრამ ქვეყნიდან გაქცევას და პრობლემებზე თვალის დახუჭვას, საკუთარ ქვეყანაში დარჩენა და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე ფიქრი ჯობია.
– საერთოდ, წერა როდის დაიწყე?1624789_814031991979188_476242430_n
– წერა ბავშვობიდან დავიწყე. თუმცა არ მაქვს ამბიცია, რომ რამე მნიშვნელოვანს ან ღირებულს ვწერ. უბრალოდ, ვაკვირდები ცხოვრებისეულ თემებს და თავისუფალ დროს ვერთობი. უნივერსიტეტში ჩემს კედლის გაზეთს ვუშვებდი.
– უკვე სამი კრებული გაქვს გამოცემული…
– პირველი კრებული „მთვარის სევდა“, 17 წლის ვიყავი, რომ გამოვიდა. მაშინ პირველკურსელი სტუდენტი  ხშირად ვაწყობდი საღამოებს და თვითმმართველობამ დააფინანსა. უნივერსიტეტის საჩუქარია.
მეორე კრებული „მეოცე გაზაფხული“ უკვე საკუთარი სურვილით 20 წლისამ გამოვეცი. მესამე კრებულის „თეთრი და შავი“ პრეზენტაცია შარშან იყო. დღეს ვფიქრობ, რომ წიგნები ჩემთვის ცოტა ადრე იყო, მაგრამ მესამე კრებულიდან შემოსული თანხით პატარა ნიკოლოზს დავეხმარე. ყველა წიგნი გაიყიდა და თანხა მთლიანად მას გადვურიცხე.
– როგორ დაიწერა მოთხრობა „აკვანი“?
– მოთხრობა „აკვანი“ სამი წლის წინ დაიწერა. ჩემს მესამე კრებულშიც არის შესული. ალბათ, ინტერნეტის ბრალია, რომ ახლა მოჰყვა ასეთი გამოხმაურება.
მყავდა ძალიან საყვარელი მამიდა. რომელმაც ფაქტობრივად გაგვზარდა ოთხივე და-ძმა. მთელი თავისი ცხოვრება ჩვენ შემოგვწირა. ის იყო ჩემი მეორე დედა. როცა დავიბადე, სიმბოლურად აკვანი მიყიდა. მართალია, მე არ ვწოლილვარ, მაგრამ დღემდე ეს მერცხლებით მოხატული აკვანი ჩვენს ოჯახში ინახება, როგორც ერთ-ერთი საყვარელი ნივთი.  და ძალიან ლამაზია. მთელი ცხოვრება მაწუხებდა ეს თემა, რომ აკვანი უფუნქციოდ იდგა. სამი წლის წინ მამიდა გარდაიცვალა. დავჯექი და ორ საათში დავწერე ეს მოთხრობა.
ბევრი მწერს ამ მოთხრობის შესახებ. ძალიან დიდი სითბო და სიყვარული მოდის ადამიანებისგან. მინდოდა კრიტიკაც წამოსულიყო. მაინტერესებდა სხვისი თვალით დანახული საკუთარი თავი, მაგრამ პედიატრების პროფესიული რჩევების გარდა კრიტიკა არ წამოსულა. ისინი თვლიან, რომ ბავშვი აკვანში არ უნდა გაიზარდოს და ის დრო არ უნდა დაბრუნდეს. თუმცა ამ მოთხრობის მთავარი აზრი აკვანი არ არის. მოთხრობაში გადმოცემულია უფროს და უმცროს, მშობლებსა და შვილებს შორის არსებული პრობლემები. უბრალოდ, აკვანი მისდევს ხაზად. ვთვლი, რომ ბევრი უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს საქართველოზე, სიყვარულზე, მოხუცებზე, რომ ანალოგიური შედეგი არ მივიღოთ. ოჯახი პატარა ტაძარია, სადაც ჩვენ ვიზრდებით. თუ ამ პრობლემას დღეს ყურადღებას არ მივაქცევთ, ხვალ ჩვენც და ყველა მშობელი „კათარზისში“ აღმოვჩნდებით.
– საქველმოქმედო ფონდი „თბილი სამყარო“…11006067_814031988645855_534531927_n
– ბავშვობიდან ყოველთვის ყველაფერს ვუკავშირებდი ქველმოქმედებას. ჩემმა ოჯახმა დიდი ზემოქმედება მოახდინა ჩემზე, რომ საერთოდ რაღაცას ვაკეთებ. ეს მამის და, ზოგადად, აღზრდის დამსახურებაა. გარემო იყო ასეთი ოჯახში, წიგნთან ახლოს და სულ ვხედავდი, მამა როგორ ეხმარებოდა ადამიანებს, რაც უხაროდა და სიამოვნებას ანიჭებდა. უნივერსიტეტში უფრო აქტიურად ჩავები საქველმოქმედო საქმიანობაში. ხშირად დავდიოდით „კათარზისში“, ბავშვთა სახლებში და ვეხმარებოდით. ჩემი პატარა წრე მყავდა, ლიტერატურულ საღამოებს ვატარებდით და შემოწირულობებით ადამიანებს ვეხმარებოდით. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, გამიჩნდა სურვილი, უფრო სერიოზული სახე მიმეცა ამისთვის და  მეგობრებთან ერთად საქველმოქმედო ორგანიზაცია „თბილი სამყარო“ შევქმენი, რომელიც ხელოვანი ადამიანების გაერთიანებაა და დღემდე აქტიურად ვმუშაობთ. ვცდილობთ, დავეხმაროთ ბავშვებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. გვინდა რეგიონებშიც გავიდეთ და ადგილობრივ ოჯახებს  დავეხმაროთ. რაც მთავარია, თითოეული თეთრი დანიშნულების ადგილამდე მიდის.
– არ მონაწილეობ კონკურსებში…
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ძალიან მეზარება ნერვიულობა. მეორე, ვთვლი, რომ ხელოვან ადამიანს ჩარჩოები არ უნდა შეუქმნა და დაუწესო. ხელოვანი ადამიანის საზღვრები არ არსებობს. როგორც ჩიტს არ შეუძლია ცაში თავისი საზღვრები შემოხაზოს, ისე შეუძლებელია ხელოვანს გარკვეული ჩარჩოები ჰქონდეს. შემოქმედ ადამიანებს შორის შეჯიბრებაც არ მესმის. თუ ადამიანი კარგად წერს, ის არსად არ დაიკარგება. ბოლო დროს ძალიან ხშირად არიგებენ პრემიებს, თითქოს მათი ნება იყოს. სამწუხაროდ, ადამიანები ყველაფერს ვაუბრალოებთ, ყველაფერს ვუკარგავთ მნიშვნელობას და აზრს.
– ძალიან გიყვარს სვანეთი…11006080_814031985312522_770929056_n
– ჩემი ბავშვობა სვანეთს უკავშირდება. იქ გავიზარდე და ბავშვობის ყველა ლამაზი მომენტი, რაც მახსენდება, სვანეთს უკავშირდება. მთელი ცხოვრება მქონდა ქალაქისა და სოფლის ჭიდილი. სულ მაწუხებდა, როგორ უნდა მეცხოვრა ქალაქში, სადაც ჩიტები არ ჭიკჭიკებენ, ადამიანები ბევრნი არიან, ხეები არ არის. ყოველთვის სოფელში ცხოვრება მერჩივნა და დღესაც ვამბობ, რომ თუ სიბერემ მომიწია, აუცილებლად, იმ წლებს სოფელში გავატარებ. მაგრამ სვანეთში არ ვწერ. იქ ემოციები გროვდება, ვიძენ, ვივსები და წერისთვის დროს არ ვხარჯავ.
– გვარი – ლაშხელი-ონიანი…
– ონიანი არის ჩემი გვარი, ლაშხელი – ფსევდონიმი. ლაშხეთი სვანეთის ერთ-ერთი თემია, სადაც რამდენიმე სოფელი შედის და მე გავიზარდე. საკუთარი კუთხის მიმართ, ვეცადე ჩემი სიყვარული ასე გამომეხატა.
– ემოცია და ოპტიმიზი…
– ემოციური ვარ, როგორც პოეტი და ოპტიმისტი, როგორც ახალგაზრდა. თუ, ემოცია არ გაქვს, მაშინ ვერც დაწერ. ყველაფერი, რასაც ვწერ, არის სინამდვილე, რაც მართლა ვნახე და განვიცადე. ლექსი ლოცვასავით არის. შეიძლება ნებიმიერ დროს მოგინდეს წაიკითხო, მიიღო სიამოვნება, დაწყნარდე და დამშვიდდე. ამას თუ ვერ ახერხებს შემოქმედი, მაშინ აზრი არ აქვს წერას.
რაც შეეხება ოპტიმიზს, ორი შვილის დედა ვარ და უფლება არ მაქვს, ცხოვრებაზე ხელი ჩავიქნიო. ჩვენ ქართველები მიჩვეულები ვართ წუწუნს, რომ არაფერი გამოდის და მორჩა. სწორედ, ამის გამო, თუ ვინმე ნიჭიერი ადამიანი მყავდა, ყველა გაიქცა საქართველოდან. თუ ჩემს დას შეუძლია გერმანიაში კარგი ექიმი იყოს, რატომ არ შეუძლია იყოს აქ, თავისი ქვეყნისთვის. ძალიან გული მწყდება. სამწუხაროდ, ქართველები ზარმაცები ვართ და გამოსავალს გაქცევაში ვხედავთ. მაგრამ ყველა დაღმართს აღმართი მოჰყვება და იმედი მაქვს, გამოსწორდება ყველაფერი, რადგან გაქცევა არ არის გამოსავალი. აზროვნება უნდა შეიცვალოს, უნდა გავხდეთ უფრო შრომის მოყვარულები, დავრჩეთ საკუთარ ქვეყანაში და მას ვემხასუროთ. ხშირად მესმის, რომ უნდათ რომის, პარიზის ნახვა და შეიძლება დუშეთი ან სვანეთი არ ჰქონდეთ ნანახი. სირცხვილია, ვინმე რომ შეგეკითხება და საკუთარ ქვეყანაზე ვერაფერს ეტყვი. მე ძალიან მიყვარს ებრაელი ხალხი, ვაფასებ მათ, იმიტომ, რომ იციან საკუთარი ქვეყნის ფასი და ერთმანეთს პატივს სცემენ. ვთვლი, რომ ყველა ადამიანი ჰუმანური უნდა იყოს და ჩემთვის ასეთი ადამიანი ნელსონ მანდელაა. ვფიქრობ, ბევრი ნელსონ მანდელა სჭირდება საქართველოს. მეც მაქვს დეპრსიული დღეები, მაგრამ ეს დიდხანს არ გრძელდება. ყველაფერი კარგად იქნება, მთავარი მონდომებაა.
– უახლოესი გეგმები გაქვს?
– უახლოეს მომავალში ველოდები სპექტაკლს, რომელიც მოთხრობა „აკვანის“ მიხედვით დაიდგმება. ველოდები მოკლემეტრაჟიან ფილმს, რომელსაც ამავე მოთხრობის მიხედვით, ახალგაზრდა რეჟისორები გადაიღებენ. ეს ყველაფერი, ჩემგან დამოუკიდებლად მოხდა და, ჯერ ვერ ვხვდები, რა ხდება. ასევე, რამდენიმე პროდიუსერი დამიკავშირდა და ჩემს ლექსზე უნდათ სიმღერა ჩაწერონ, ვმუშაობ ახალ კრებულზე და ფონდის სახელით ძალიან ბევრ ღონისძიებას გავნახორციელებთ. თუმცა ყველაზე მთავარი გეგმა სწავლის გაგრძელებაა.

მზევინარ ხუციშვილი

10956211_814031978645856_1140975920_n

11005520_814031981979189_832249527_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები