უკრაინის პოზიცია თუ სააკაშვილის პირადი შეფასებები – ვისი სახელით „ლანძღავს“ ექსპრეზიდენტი საქართველოს მთავრობას
ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით კრიტიკა და მწვავე განცხადებები ახალი არ არის, თუმცა მას შემდეგ, რაც სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა, მისი მხრიდან იგივე ტონით საუბარი დაბნეულობას იწვევს.
უკრაინის ხელისუფლების პოზიცია თუ მიხეილ სააკაშვილის პირადი შეფასებები – როგორ შეიძლება იქნას აღქმული საქართველოს ექსპრეზიდენტის და, ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელძღვანელის მიერ საქართველოს მთავრობის კრიტიკა.
საქართველოს ექსპრეზიდენტს და უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელს საქართველოს მთავრობის გაკრიტიკების “ტრადიცია” არც “რუსთავი 2“-ის გადაცემა “არჩევანისთვის“ მიცემულ ვრცელ ინტერვიუში დაურღვევია.
“ქართული სახელმწიფოს შემქმნელები დღეს დაპატიმრებულები არიან”… “შეუძლებელია გაბანძებამ მიიღოს შეუქცევადი ხასიათი… შეუძლებელია საქართველოს გადაქცევა კერძო ზოოპარკად“… “ვერავის ტვინში ვერ ჩავიხედავ და მაგათი აზროვნება ჩემთვის გაუგებარია…” , – აღნიშნული განცხადებები მან სწორედ “არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა.
აღიქმება თუ არა საქართველოს ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის მიერ მათი მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები უკრაინის პოზიციად? აქვს თუ არა მიხეილ სააკაშვილს, როგორც უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის სტატუსის მქონე პირს, პარტნიორი ქვეყნის ხელისუფლების სალანძღავი ლექსიკით გაკრიტიკების უფლება? შეუქმნის თუ არა მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს საფრთხეს?
ამ და სხვა კითხვებს “კვირასთან“ საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, უმრავლესობის დეპუტატი, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ანი მიროტაძე, “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით დარჩიაშვილი, პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი და ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პასუხობენ.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებმა ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს.
ზალკალიანი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებაში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პოზიცია არ ემთხვევა უკრაინის ხელისუფლების პოზიციას, თუმცა, ვარაუდობს, რომ თუ უკრაინა ყურადღებით არ მოეკიდება საკითხს, შესაძლოა, ურთიერთობებში კრიზისის ნიშნები გაჩნდეს.
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მოადგილე შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით მეტი ყურადღების გამოჩენისკენ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებასაც.
“არჩევანისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის განცხადებები რეალობას აცდენილი იყო, ძალიან ბევრი სიცრუე თქვა. არ მგონია, რომ ის ქართულ – უკრაინული ურთიერთობების გაღრმავებაზე და ხელშეწყობაზე ფიქრობდეს, ის მხოლოდ საკუთარ პიარზეა გადასული და ფიქრობს, როგორ ისარგებლოს მდგომარეობით, რომ საქართველოს ხელისუფლებაში დაბრუნდეს. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არ არის უკრაინის მთავრობის წევრი, მისი განცხადებები უნდა იყოს მოზომილი. უკრაინის ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს. ურთიერთობებში კრიზისის ნიშნები არ უნდა გაჩნდეს. უკრაინა არის ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს არაერთი მიმართულებით“, – განუცხადა “კვირას“ ზალკალიანმა.
პოლიტოლოგი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი კახა გოგოლაშვილი ფიქრობს, რომ თუ სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლების მისამართით რიტორიკას არ შეცვლის, უკრაინის პრეზიდენტისგან დამსახურებულ საყვედურს მიიღებს.
პოლიტოლოგის თქმით, სააკაშვილს საქართველოს ექსპრეზიდენტის სტატუსი განცხადებების კეთებისას სრულ თავისუფლებას არ აძლევს, რადგან მას პარალელურად უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოსტი უკავია. გოგოლაშვილი სააკაშვილს პასუხისმგებლობის გააზრებისკენ მოუწოდებს.
“სააკაშვილმა ასე თუ გააგრძელა, პოროშენკოსგან ადრე თუ გვიან დამსახურებულ საყვედურს მიიღებს. სააკაშვილი არ არის თავისუფალი ექსპერტი. ცხადია, მას ძალიან გაუჭირდება ჩვეულ რეჟიმში თუ ვეღარ გააკრიტიკებს საქართველოს არსებულ მთავრობას, თუმცა უნდა გაიაზროს, რომ მეტი თავშეკავება მართებს. მას უნდა გაეაზრებინა, რომ რაღაცებზე თავის შეკავება მოუწევდა, თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობას თანხმდებოდა“,-აცხადებს გოგოლაშვილი.
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დავით დარჩიაშვილის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გამოთქმული კრიტიკა წარმოადგენს მისი და მისი გუნდის პოზიციას. თუმცა, როგორც დარჩიაშვილი აცხადებს, ის ფაქტი, რომ პოროშენკომ სწორედ მიხეილ სააკაშვილს ჩააბარა მისი მრჩეველთა საბჭოს ხელმძღვანელის პოზიცია, მეტყველებს იმაზე, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოს ხელისუფლების მიერ სააკაშვილისთვის წაყენებულ “ცილისმწამებლურ“ ბრალდებებს არ ეთანხმება.
ოპოზიციონერი დეპუტატი ფიქრობს, რომ არა მიხეილ სააკაშვილი, არამედ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები უქმნიან საფრთხეს ქვეყანას.
“მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული მწვავე განცხადებები ეს არის მისი და მისი გუნდის, და არა უკრაინის პრეზიდენტის, ბატონი პოროშენკოს პოზიცია. თუმცა ის ფაქტი, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეობა სწორედ მას ჩააბარა, მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ჩვენი გუნდის მისამართით გამოთქმულ ცილისმწამებლურ განცხადებებს არ იზიარებს და აცნობიერებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების მისამართით პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს. ოფიციალურ ურთიერთობებზე ნეგატიურ გავლენას არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ მოქმედი მაღალჩინოსნების უპასუხისმგებლო განცხადებები ახდენს“, – განუცხადა “კვირას“ დარჩიაშვილმა.
დეპუტატი ანი მიროტაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებაში უკრაინის მთავრობის პოზიციად არ არის აღქმული. მისი თქმით, საქართველოს არსებული ხელისუფლების უსაფუძველო კრიტიკა სააკაშვილის სტილია. ანი მიროტაძე ფიქრობს, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესების საზიანოდ მოქმედებს და მისი განცხადებებიც ამის დადასტურებაა.
“მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა საკუთარი სახელით, ეს არის მისი ჩვეულებრივი სტილი, ეს არის იმ ანტიკამპანიის გაგრძელება, რომელიც მან ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლის შემდეგ საერთაშორესო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ წამოიწყო. მისი ქმედებები აზიანებს ჩვენი ქვეყნის ინტერესებს. ის დაინტერესებულია ჩვენი ხელისუფლების წარუმატებლობით. უკრაინა რჩება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად. უნდა ვაღიაროთ, რომ დღეს ჩვენს ურთიერთობებში გარკვეული უხერხულობა არსებობს, თუმცა ეს არის ძალიან მცირეხნიანი გაუგებრობა. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ უკრაინის ინტერესებში არ შედის საქართველოს ხელისუფლების ლანძღვა“, – განუცხადა “კვირას“ ანი მიროტაძემ.
მარიამ ზედგინიძე