პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებთან ერთად, ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული საგამოფენო სივრცეები დაათვალიერა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო გამოფენაში საქართველო წელს საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა მსგავსი სახის მასშტაბურ ღონისძიებებში მონაწილეობის მნიშვნელობას ქვეყნის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალის წარმოჩენის თვალსაზრისით.

“ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ექსპორტის ზრდა, გაფართოება ჩინეთის მიმართულებით, ზოგადად, ჩვენი სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამ კუთხით ამ გამოფენაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია. გავესაუბრეთ ქართველ მეწარმეებს და მათი მხრიდანაც მოვისმინეთ, რომ არის მზარდი ინტერესი ჩინური კომპანიების მხრიდან, რომ მეტი ქართული პროდუქტი შეიტანონ ჩინეთში. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას და ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ, გაეცნონ საქართველოს მრავალფეროვან ტრადიციებს, კულტურას, ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ისტორიას, ასევე ქართულ სამზარეულოს და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის მასტერკლასებში. ქართული საგამოფენო სივრცეები სტუმრებს ღვინის დეგუსტაციას და კულტურულ ღონისძიებებსაც სთავაზობს.

საერთაშორისო გამოფენაზე 40-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი.

საქართველო ჩინეთის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაში უკვე მერვედ მონაწილეობს. გამოფენას ყოველწლიურად 150 ქვეყნიდან 200 000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები