ტიმოშენკო მოსკოვში, პუტინთან ჩავა

იულია ტიმოშენკო მოსკოვში პუტინთან შესახვედრად ჩავა.  უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი რუსეთის პრეზიდენტთან რამდენიმე საკითხს განიხილავს: უკრაინის კრიზისის დარეგულირება, ყირიმის საკითხი და რუსეთის სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრის ალბათობა.
ტიმოშენკოს დაგეგმილი ვიზიტის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში უკრაინის „ნაციონალური გადარჩენის სახალხო კომიტეტის“  წარმომადგენელმა პაველ ნუსმა გაავრცელა. ფეისბუქზე მან აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია გადამოწმებას საჭიროებს, თუმცა ის აქვე ასახელებს მოლაპარაკების კონკრეტულ თარიღსაც. ნუსის თქმით, ტიმოშენკოსა და პუტინის შეხვედრა  3 მარტს  შედგება.  ის ასევე წერს, რომ მოსკოვში ყოფილი პრემიერ-მინისტრის გარდა, უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობის შემსრულებელი  ალექსანდერ ტურჩინოვი და ახლადარჩეული პრემიერი არსენ იაცენიუკი გაემგზავრებიან.
აღსანიშნავია, რომ პაველ ნუსის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ოფიციალურ მოსკოვს ჯერ არ დაუდასტურებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები