რუსეთის საბჭომ პუტინის მოთხოვნა უკრაინაში ჯარის შეყვანის შესახებ დააკმაყოფილა

  ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა უკრაინაში რუსეთის სამხედრო ნაწილების გამოყენების შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭომ რამდენიმე წუთის წინ საგანგებო სხდომაზე დააკმაყოფილა. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი სხდომის მიმდინარეობისას საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მოადგილე, გრიგორი კარასინი იყო, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა წაიკითხა. რის შემდეგაც სხდომის წევრებმა მიმართვას კენჭი უყარეს. სხდომამ ერთხმად დაუჭირა მხარი პუტინის მოთხოვნას და გადაწყვეტილება მიღებისთანავე ამოქმედდა. სხდომაზე სიტყვით საბჭოს ყველა იმ კომიტეტის თავმჯდომარე გამოვიდა, სადაც პრეზიდენტის მოთხოვნა კენჭისყრამდე განიხილებოდა. ყველა მათგანმა ერთმნიშვნელოვნად განმარტა, რომ ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა გამართლებულია და მხარდაჭერას იმსახურებს.
შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს განცხადებით დღეს მიმართა. „უკრაინაში შექმნილი ექსტრაორდინალური მდგომარეობიდან გამომდინარე, იქ მყოფი ჩვენი თანამემამულეებისა და სამხედრო ნაწილების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, რომლებიც ყირიმიში საერთაშორისო შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რუსეთის კონსტიტუციის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის 102-ე მუხლის თანახმად, მივმართავ რუსეთის ფედერაციის საბჭოს, რათა რუსეთის ფედერაციის სამხედრო ნაწილები გამოყენებულ იქნას უკრაინის, კერძოდ ყირიმის ტერიტორიაზე, იმისათვის, რომ მოვახდინოთ უკრაინაში საზოგადო-პოლიტიკური მდგომარეობის ნორმალიზაცია“,– აღნიშნულია პუტინის მიმართვაში. რუსეთის ფედერაციის საბჭოს პალატის სპიკერმა ვალენტინა მატვიენკომ დღეს უკრაინაში რუსული ჯარის კონტინგენტის შეყვანა დასაშვებად მიიჩნია, თუმცა დასძინა, რომ გადაწყვეტილება რუსეთის პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები