„პროფესიული განათლება ის სეგმენტია, რომელსაც შეუძლია ბევრი ადამიანი წარმატებით დაასაქმოს…“

„ბავშვობიდან მიყვარს მოგზაურობა. მქონდა ინტერესი ისტორიული ძეგლებისადმი და სიძველეებისადმი, ამიტომ დავამთავრე ისტორიის სპეციალობა, ეთნოგრაფიისა და არქეოლოგიის მიმართულებით. აგრეთვე, დავამთავრე სასულიერო აკადემია – ღვთისმეტყველების ფაკულტეტი. ორივე სპეციალობა არის ძალიან საინტერესო, ტევადი და სიღრმისეული. დღესაც, დრო რომ მაქვს, ვცდილობ, თვალი ვადევნო მიმდინარე მოვლენებს.“ – საზოგადოებრივი კოლეჯის „სპექტრის“ დირექტორი მათე ტაკიძე.

– თქვენი სპეციალობით მუშაობდით?
– დიახ. ვიმუშავე როგორც არქეოლოგიაში, ისე ეთნოგრაფიაში. მაქვს გაკეთებული სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ დავამთავრე, რადგან ბევრ სხვა პროექტზე დავიწყე მუშაობა. ვკითხულობდი ლექციებს, როგორც საქართველოს ეკლესიის ისტორიაში, ისე, ზოგადად, ისტორიაში. წლების განმავლობაში ვიყავი სასულიერო სემინარიის სწავლული მდივანი, პრორექტორი.

ვიმუშავე ფიჭვნარსა და გონიო-აფსაროსის ციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს, სადაც ჩვენი ხელმძღვანელი პროფესორი ამირან კახიძე იყო. ეს იყო ბედნიერი პერიოდი, რადგან ძალიან საინტერესოა, როდესაც ქვედა ფენებში ჩადიხარ და უშუალოდ ხდები იმ ისტორიის მონაწილე, რომელიც საუკუნეების მიღმა არსებობდა. ჩემს ხელში ძალიან ბევრმა ისტორიულმა შრემ გაიარა და თითოეული ნატეხის აღმოჩენა უდიდესი ბედნიერება იყო. როცა ექსპერტები იკვლევდნენ, რომელი საუკუნის იყო ესა თუ ის აღმოჩენა, იქმნებოდა სურათი, რომ საქართველო ოდითგანვე იყო ადგილი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა კულტურები შემოდიოდა. ყოველდღიურად ბევრ საინტერესო დეტალებს ვნახულობდით. დღეს კი ეს ყველაფერი წარმოდგენილია ფიჭვნარისა და ბათუმის არქეოლოგიურ მუზეუმში, რომელიც თავისი ექსპონატებით და აღმოჩენებით საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმია. ეს არის აგრეთვე არქეოლოგიური კვლევის ცენტრი, სადაც მეცნიერები მუშაობენ. როდესაც ბათუმში ვარ, ყოველთვის ვცდილობ, მუზეუმში შევიარო და თვალი გადავავლო მიმდინარე პროცესებს. ხშირად მიმყავს ჩემი უცხოელი სტუმრებიც. ვცდილობ მათ ქართული კულტურა გავაცნო.11004050_813014208747633_1394651015_n
– ძალიან ბევრ პროექტზე მუშაობთ…
– ჩვენ შევქმენით ხელოვნების ფონდი „წმინდა ანდრიას ჯვარი“, რომელმაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით დაიწყო არა მხოლოდ კიბოს მიმართულებით მუშაობა, არამედ სხვადასხვა მიმართულების პოპულარიზაცია – მხატვრობა, მუსიკა, ეთნოგრაფია, ფოლკლორი. აგრეთვე, ვმუშაობთ აფხაზეთის თემაზე. გავაკეთეთ არაერთი და მრავალფეროვანი ღონისძიება როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. ახლა იდეა გვაქვს, გერმანიაში აფხაზეთის თემაზე კონფერენცია ჩავატაროთ, რადგან,არიან დაჯგუფებები, რომლებიც ამბობენ, რომ აფხაზები ქართული წარმოშობის არ არიან. გვინდა, ჩავიყვანოთ ქართველი მეცნიერები და ევროპელებთან ერთად ადგილზე მოხდეს ამ საკითხის განხილვა.
გვაქვს ფესტივალი „მემკვიდრეობა“, რომელიც ახალგაზრდა ხელოვანებს ხელს უწყობს, საკუთარი თავი წარმოაჩინონ და საზოგადოებას შემოქმედება გააცნონ. ამაზე მთელი ჯგუფი მუშაობს. ყველა მიმართულებას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს და ყოველდღიურად საინტერესო მუშაობა მიმდინარეობს.
2015 წელს გავმართავთ საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ბათუმში გაიხსნება, მაგრამ გვინდა მთელი საქართველო მოიცვას. ასევე, დაგეგმილი გვაქვს საბერძნეთსა და გერმანიაში ქართული კულტურის დღეები, სადაც წარმოდგენილი იქნება ფილმები, რამდენიმე ქართველი ახალგაზრდა პოეტი და მწერალი. სამწუხაროდ, ბავშვებს, რომლებიც უცხო ქვეყნებში დაიბადნენ ,ან ადრეულ ასაკში წავიდნენ ემიგრაციაში, ავიწყდებათ ქართული ენა და მოწყვეტილნი არიან ქართულ გარემოს. ვფიქრობ, ქართული კულტურის დღეები მათთვის კარგი საშუალება იქნება, გაეცნონ თანამედროვე ქართულ კულტურას და გაიგონ, რა ხდება საქართველოში.
– პროექტების გარდა, საზოგადოებრივ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორი ხართ…961455_813014225414298_1383328067_n
– გარდა იმისა, რომ ვმუშაობდი სასულიერო აკადემიაში, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, წლების განმავლობაში რექტორის მრჩეველი ვიყავი. ჩემი კონკრეტული მიმართულება იყო კომუნიკაციები და საზოგადოებასთან ურთიერთობა.
საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი“ ტექნოლოგიური და საინჟინრო მიმართულებისაა. სამწუხაროდ, პროფესიული განათლება საქართველოში პოპულარული არ იყო და დღესაც ქართულ დამსაქმებელთა ბიზნესბაზარზე  კვალიფიციური სპეციალისტების მიწოდების დიდი პრობლემაა. 90-იანი წლების შემდეგ, ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ თაობები, რომლებმაც დაამთავრეს უმაღლესი სასწავლებლები, აქვთ დიპლომები, პროფესია, მაგრამ არ აქვთ სპეციალობები, მათ არ იციან ის, რაც დაამთავრეს.
პირველი კონცეფცია, რაც ჩვენ დავსახეთ,  ბიზნესთან ურთიერთობა იყო. გავაკეთეთ მცირე ტიპის ვორქშოფი ბიზნესთან ურთიერთობის. პირველი შეხვედრა მარტივი არ იყო, მაგრამ შინაარსობრივი აღმოჩნდა. შემდეგ ინდივიდუალურად დავიწყეთ მუშაობა და პირველი შედეგებიც უახლოეს პერიოდში მივიღეთ. შემოვიყვანეთ ძალიან ბევრი კომპანია, რომლებმაც პროექტის განვითარებაში ინვესტიციები ჩადეს, რაც გულისხმობდა ახალი ლაბორატორიების აღჭურვას, სილაბუსების სტანდარტებისა და პროგრამების გაკეთებას, მოდიფიცირებას, პედაგოგების გადამზადებას როგორც ადგილზე, ისე გერმანიაში, უკრაინაში, უცხოელი ექსპერტების ჩამოყვანას. ახლა ვაპირებთ საერთო საცხოვრებლის, სასტუმროს და დიდი ტრენინგცენტრის შექმნას. პროექტი მზად გვაქვს და უახლოეს დღეებში დავიწყებთ. საერთო საცხოვრებელი რეგიონებიდან ჩამოსული ახალგაზრდებისთის იქნება. გვინდა ნიჭიერ ადამიანებს ხელი შევუწყოთ. თანამედროვე ტრენინგცენტრში კი მუდმივად გვეყოლება ექსპერტები. სასტუმროც სწორედ მათთვის გვჭირდება, რომ გერმანიიდან, უკრაინიდან, ბალტიის ქვეყნებიდან ჩამოსული ექსპერტები მივიღოთ.
მე მიდა ვუთხრა მოსახლეობას, რომ ჩვენ დღეს კოლეჯში 28 მიმართულება გვაქვს. გვაქვს საშუალება, სტუდენტებს შევასწავლოთ ის თანამედროვე ტექნოლოგიები, რომლებიც ევროპის ქვეყნებში არის განვითარებული. ახლა გადავდივართ ახალ მიმართულებაზეც. ეს არის ორი სეგმენტი – მოდულარული და დუალური განათლების სისტემა. ვფიქრობ, ორივე ძალიან საინტერესოა და ქვეყანამ განათლების სისტემაში ეს მოდელები უნდა განახორციელოს. თუ ჩვენ ამ მოდელით არ წავალთ, ბიზნესის ჩართულობა ნაკლები იქნება.
19 თებერვალს გვაქვს კონფერენცია – თანამშრომლობა სამშენებლო პროფესიული განათლების განვითარების საქმეში, სადაც მოწვეულნი არიან ექსპერტები, რომლებიც განათლების საკითხებზე მუშაობენ, დონორები, მეწარმეები, ბიზნესმენები, სახელმწიფო სტრუქტურები, ის ადამიანები, რომლებსაც დღეს აწუხებთ და უნდათ განათლების სისტემაში გარკვეული ცვლილებები მოხდეს. მე ვფიქრობ, რომ პროფესიული განათლება გახლავთ სწორედ ის სეგმენტი, რომელსაც შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანი დაასაქმოს წარმატებით. შიდა კვლევევებით 70 პროცენტამდე გვაქვს უკვე დასაქმება.10984803_813014205414300_1590896957_n
– როგორც ვიცი, კოლეჯში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც სწავლობენ…
– ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი პრინციპი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის განათლების ხელშეწყობა და გარემო პირობების შექმნაა. ამ საკითხთან დაკავშირებით, განათლების სამინისტრომ ნორვეგიის მთავრობასთან ერთად უკვე დაიწყო წარმატებული პროექტი.
ჩვენ ორი წელია ვმუშაობთ ამ მიმართულებით და 12 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გვყავს. ვცდილობთ მათთვის მაქსიმალურად ხელსაყრელი გარემო შევქმნათ. სოციალური მუშაკების დასკვნის საფუძველზე ვაკეთებთ, რით, რა კუთხით შეიძლება დავეხმაროთ. ნორვეგიის მთავრობასთან ერთად მაისის თვეში კოლეჯში ლიფტის მშენებლობას ვიწყებთ, რაც შექმნის იმის პირობას, რომ  უნივერსალურად ადაპტირებულ გარემოში ვიქნებით.
სამწუხაროდ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი დღესაც არ არის მზად ამ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, მაგრამ სტიგმა, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისგან იზოლირებულ გარემოში უნდა იყვნენ, დაინგრა. ისინი ჩაკეტილ სივრცეში აღარ არიან. ბოლო ორმა წელმა გვაჩვენა, რომ ძალიან ბევრ ადამიანს  სურს, განათლება მიიღოს და დამოუკიდებლად იცხოვროს. ისინი გვაწვდიან საინტერესო იდეებს, რომლებსაც ვახორციელებთ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ მათ შეცოდება კი არა, დახმრება და გარემო პირობების შექმნა სჭირდებათ.

მზევინარ ხუციშვილი

11007438_813014212080966_529435060_n

11008961_813014222080965_1938866404_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები