ევროვიზიის სიმღერის 59-ე კონკურსში 37 ქვეყანა მონაწილეობს
2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ევროპის მაუწყებელთა კავშირში (EBU) განცხადებები 37 ქვეყნის საზოგადოებრივმა მაუწყებლებმა შეიტანეს. ეს ქვეყნებია: ალბანეთი (RTSH), სომხეთი (AMPTV), ავსტრია (ORF), აზერბაიჯანი (Ictimai TV), ბელორუსი (BTRC), ბელგია (VRT), დანია (DR), ესტონეთი (ERR), ფინეთი (YLE), საფრანგეთი (France 3), საქართველო (GPB), გერმანია (NDR), საბერძნეთი (NERIT), უნგრეთი (MTV), ისლანდია (RÚV), ირლანდია (RTÉ), ისრაელი (IBA), იტალია (RAI), ლატვია (LTV), ლიტვა (LRT), მაკედონია (MKRTV), მალტა (PBS), მოლდოვა (TRM), მონტენეგრო (RTCG), ჰოლანდია (AvroTros), ნორვეგია (NRK), პოლონეთი (TVP), პორტუგალია (RTP), რუმინეთი (TVR), რუსეთი (RTR), სან მარინო (SRMTV), ესპანეთი (TVE), შვედეთი (SVT), შვეიცარია (SRG SSR), დიდი ბრიტანეთი (BBC), უკრაინა (NTU), სლოვენია (RTVSLO). 2014 წლის ევროფესტივალს დაუბრუნდნენ პოლონეთი და პორტუგალია. კონკურსს მოგვიანებით შეუერთდა სლოვენია. 2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსს კოპენჰაგენი უმასპინძლებს. 59-ე ევროფესტივალის ნახევარფინალები 6 და 8, ხოლო ფინალი 10 მაისს გაიმართება. ევროვიზიის სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნისა და “დიდი ხუთეულის”: გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. კონკურსანტი ქვეყნები, 20 იანვარს, კენჭისყრის შედეგად, ნახევარფინალებში გადანაწილდებიან. 58-ე ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული დანიის წარმომადგენელი ემილიე დე ფორესტი გახდა. ამ გამარჯვებით დანიამ 59-ე ევროფესტივალის მასპინძელი ქვეყნის სტატუსი მოიპოვა. კოპენჰაგენი ევროვიზიის სიმღერის კონკურსებს 1964-სა და 2001 წლებშიც მასპინძლობდა.