„არასდროს არაფერი არ მთავრდება არსად, სადაც სიცოცხლე არ მთავრდება…“

„სკოლაში ვწერდი ლექსებს, ჩანახატებს და ძალიან მინდოდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩამებარებინა. სკოლა რომ დავამთავრე, ერთი წელი ენგურჰესის ადმინისტრაციის გაზეთში „ენგურის ჩირაღდანი“ ვიმუშავე. მინდოდა პრაქტიკა მიმეღო და უფრო მეტი გამეგო ამ პროფესიის შესახებ, რამდენად სწორ არჩევანს ვაკეთებდი. ამ გაზეთის რედაქტორები თავის დროზე იყვნენ – თამაზ ჭეიშვილი და თემურ ცაგურია. პროფესია ფაქტობრივად არჩეული მქონდა, მაგრამ ძალიან ადრე, 18 წლისამ შევქმენი ოჯახი და დავიწყე ბიბლიოთეკაში მუშაობა. თუმცა, წერა არასდროს შემიწყვეტია. პარალელურად დავიწყე მომზადება, რომ ჩამებარებინა. უკვე ორი შვილი მყავდა და დასწრებულ ფაკულტეტზე ჩემი სწავლა შეუძლებელი იქნებოდა, რადგან ჟურნალისტიკის ფაკულტეტს არ ჰქონდა დაუსწრებელი განყოფილება, ჩავაბარე ფილოლოგიის ფაკულტეტზე“. – ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის დირექტორი მაია კალანდია.

– 90-იანი წლები…
– როდესაც  1990 წლის ოქტომბერში საქართველოში პირველი მრავალპარტიული არჩევნები ჩატარდა და ზვიად გამსახურდია ხელისუფლებაში მოვიდა, ინსტიტუტი უკვე დამთავრებული მქონდა და 1991 წლის მარტის თვეში ზუგდიდის რაიონის კულტურის განყოფილების გამგედ დავინიშნე.10994695_812169788832075_152167857_n
ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ზუგდიდში სამხედრო საბჭოს იურისდიქცია არ გავრცელდა და 1993 წელს, საომარი მოქმედებების პერიოდში, სამსახურში გამოუცხადებლობის გამო გამათავისუფლეს.
ჩემი მეუღლე სპორტსმენია, იარაღს კარგად ფლობდა და ერთ-ერთი მათგანია, ვინც ზუგდიდი „მხედრიონისგან“ გაათავისუფლა. დაიწყო ძალიან რთული პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. ჩემს მეუღლეს საქართველოში არ დაედგომებოდა და 11 წლის განმავლობაში საქართველოში არ იყო. ამ წლების განმავლობაში ალბათ, მხოლოდ სამჯერ ვნახე. ეს იყო ჩვენი იძულებითი დაშორება და ცხოვრების საუკეთესო წლების ცალ-ცალკე ყოფნის პერიოდი, რომელმაც მეც, მასაც და ბავშვებსაც დიდი კვალი დაგვაჩნია. მაგრამ მადლობა ღმერთს, არასდროს გავბოროტებულვართ. ეს იყო პერიოდი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ გაიარა. ჩემი სახლი მდებარეობს იქ, სადაც „მხედრიონმა“ 27 ოჯახი გადაწვა და ჩემი სახლი რატომღაც გადარჩა. მთელი წლის განმავლობაში სოფელში იყო კვამლის და უბედურების სუნი. ვმუშაობდი დამლაგებლად, რადგან ჩემს ოჯახსაც ისე უჭირდა, როგორც მთელ საქართველოს.
– მუშაობდით აფხაზეთშიც…
– 2000 წელს, როდესაც საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების ჩამოყალიბება დაიწყო, გავიარე ტრენინგები და, მეგობართან ერთად, რომელიც აფხაზეთში ცხოვრობდა, აფხაზების დახმარებით ჩამოვაყალიბეთ არასამთავრო ორგანიზაცია. ეს იყო საოცარი პერიოდი, როცა დაკარგულ აფხაზეთში სამი წელი ვიმუშავე. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ, მათ შორის, გადავარჩინეთ ჩემი მეგობრის უნიკალური ქართული ბიბლიოთეკა.
„ვარდების რევოლუციის“ დროს, მე სოხუმში ვიყავი  და იქიდან ვადევნებდი თვალს მოვლენებს.11008945_812169802165407_1073108829_n
2003 წელს, როდესაც „ნაციონალები“ ხელისუფლებაში მოვიდნენ, მე ჯერ კიდევ აფხაზეთში ვმუშაობდი. გიგი უგულავა რომ დაინიშნა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად, მან ვაკანსიები გამოაცხადა და მეც მივიღე მონაწილეობა. ამიყვანეს რიგით თანამშრომლად, ორი თვის შემდეგ კი  განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსად გადამიყვანეს. სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციაში 2010 წლის ჩათვლით ვიმუშავე. 2010 წლიდან დღემდე ვარ თეატრის დირექტორი.
– წლების განმავლობაში სხვადასხვა თანამდებობაზე და სამსახურში იყავით, ყველაზე კარგად სად გრძნობდით თავს და რა გასწავლათ ამ წლებმა?
– როდესაც შემოქმედებასთან და ხელოვნებასთან მქონდა ურთიერთობა, როდესაც გიორგი უშიკიშვილი სვანეთის ფოლკლორის ჩანაწერებს აკეთებდა პოლიკარპე ხუბულავასთან ერთად, მე ამ პროექტის  თანამონაწილე ვიყავი, იმდენად, რამდენადაც ხელს ვუწყობდი. როდესაც ვაკეთებდით შემოქმედებით საღამოებს, ფესტივალებს, ვეხმარებოდი ამ ადამიანებს მატერიალურად, ტექნიკურად რომ კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შესულიყო და არ დაკარგულიყო ეს ყველაფერი. შემიძლია გავიხსენო ასეთი ფაქტიც. ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში მდებარეობს XI საუკუნის ეკლესია, რომელიც საბერძნეთში მდებარე ეკლესიის მეტოქია და სავალალო მდგომარეობაში იყო. მეწყერი რომ ჩამოწვა, საკურთხევლის უკანა კედლის უკან მხოლოდ ერთი მეტრი დარჩა. 2008 წლის ომის შემდეგ, თითქმის არ არსებობდა საშუალება, რომ მილიონნახევარი თანხა გამოყოფილიყო. მეგობრებთან ერთად ბევრი ვიბრძოლე და ეკლესია გადავარჩინეთ.11004415_812169812165406_1888819968_n
წლებმა კი ის მასწავლა, რომ, რაც არ უნდა მოხდეს ცხოვრებაში, ყველაფერი ჩაივლის, შენ კი ადამიანად უნდა დარჩე. ეს ჩემი ცხოვრება იყო და მე ის უნდა გამევლო.
 – რა არის თქვენთვის თეატრი?
– ჩემი თეატრთან ურთიერთობა მმართველის თანამდებობით არ დაწყებულა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ თელავის და ზესტაფონის თეატრების გარდა, ყველა თეატრის რეპერტუარს ვიცნობ, რადგან სტუდენტობის პერიოდიდან ყველა თეატრის მაყურებელი ვიყავი. თეატრის მმართველის თანამდებობასთან ერთად სხვა შემოთავაზებაც მქონდა, მაგრამ მე თეატრი ავირჩიე. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რა ბიუჯეტი მხვდებოდა, ვიცოდი, როგორი არეული იყო კოლექტივი სხვადასხვა მიზეზთა გამო. თეატრი არის ცოცხალი, შემოქმედებითი ორგანიზმი, სადაც შენ შეგიძლია განვითარდე, და თუ ბრძოლის უნარი გაქვს, გინდა, რაღაც გაკეთდეს, ამას შეძლებ.
– როგორც ამბობენ, თეატრებში მმართველის თანამდებობამ გაამართლა…
–  მეც ასე ვფიქრობ, რადგან რეჟისორს არ უნდა ჰქონდეს მოკიდებული ზურგზე მენეჯერის ტვირთი. მას ამისთვის არ სცალია. ამასთან, იშვიათად მეგულება ადამიანი, რომ ორივე საქმეს ერთნაირად გააკეთებს. თუ, რეჟისორი არის წარმატებული მენეჯერი, ის ვერ იქნება კარგი რეჟისორი. წარმოგიდგენიათ, თემურ ჩხეიძე იყოს რეჟისორი და თან არკვევდეს, მუშა როდის წავიდეს, მოვიდეს, სად ჩაიტანოს საშტატო განრიგი და ა.შ. ეს უბრალოდ შეუძლებელია. ვფიქრობ, გავა დრო და რაღაცები ისევ შეიცვლება, რეჟისორს არ აჰკიდებენ ისეთ რთულ მოვალეობას, როგორიც თეატრის მენეჯმენტი და მარკეტინგია. პირიქით, მას ყველანაირად ხელს უნდა უწყობდნენ, ხელის გულზე უნდა დაულაგონ ყველაფერი, რომ იმუშაოს, იყოს მხოლოდ მსახიობებთან, რეპეტიციაზე და დარბაზში.
– ქალბატონო მაია, წლებია უკვე, თეატრის შენობას რეაბილიტაცია სჭირდება. რატომ ვერ მოხერხდა ამ პრობლემის მოგვარება?
– ეს არ არის შენობა, რომელსაც ჩვეულებრივი რეაბილიტაცია სჭირდება. ეს არის შენობა, რომელიც თავიდან ბოლომდე განადგურებულია.
შენობა 1947 წელს აშენდა. მინიმალური რეაბილიტაცია 1971 წელს ჩაუტარდა და მის შემდეგ, ამ შენობას აწვიმს, ათოვს, სხვა ტექნიკურ პირობებზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ჩვენთან არქივში, 1971 წელს საბჭოთა კავშირის კულტურის სამინისტროსა და საქართველოს კულტურის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ჯგუფის დათვალიერების ოქმი დევს, სადაც წერია, რომ ზუგდიდის თეატრში მოძველებულია განათების აპარატურა და საჭიროებს სასწრაფო განახლებას.10994685_812169798832074_1264206138_n
დღესაც, 44 წლის შემდეგ, თეატრი ამავე განათების აპარატურით აგრძელებს მუშაობას. გავაგზავნეთ არაერთი წერილი, განცხადება გუბერნატორთან, გამგებელთან სამინისტროში, თუმცა დღემდე თეატრის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება. წინა კარი ჩაკეტილია, ვერ შევდივართ, მხოლოდ რამდენიმე ოთახში შეიძლება შესვლა. კარი, ფანჯარა, დამპალია, ჩანგრეულია და ყველაფერი ერთმანეთზე უარეს მდგომარეობაშია. ფაქტობრივად, შენობა ადამიანის სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაშია. მაგრამ ჩვენ არ ვიცი, რატომ, მაინც ვმუშაობთ. წინასაარჩევნოდ, ყველა ყველაფრის პირობას იძლევა. არჩევნებამდე ნიკა რურუა იყო ჩამოსული და შეგვპირდა, რომ 2013 წელს დაიწყებდნენ მუშაობას. ვერ გეტყვით, რამდენად შეასრულებდნენ პირობას. შემდეგ უკვე ახალი ხელისუფლება გვპირდებოდა, რომ შენობას გადახურავდა. მოვამზადეთ გადახურვის პროექტი, მაგრამ, როგორც ხედავთ, არაფერი შეიცვალა. შემდეგ გამოჩნდა სამხრეთ კორეის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შემოთავაზება ერთ-ერთი შუამავლისგან. რამდენადაც ვიცი, ეს პროცესი ზოგჯერ შეჩერდა, ხან გაგრძელდა და დღევანდელ ეტაპზე არ ვიცი, რა მდგომარეობაშია. ამას ხელისუფლების თანხმობა სჭირდება, რადგან ძალიან დიდ თანხებზეა საუბარი. უკვე ერთი წელია და დღემდე ველოდებით გადაწყვეტილებას.
შენობას შიგნით ხელს ვერ მოკიდებ, შეიძლება თავზე დაგენგრეს. ერთი წლის წინ იატაკი ჩაინგრა და ჩვენი სამხატვრო ხელმძღვანელი მეორე სართულიდან, ოთხ მეტრ- ნახევრის სიმაღლიდან ჩავარდა. მადლობა ღმერთს, გადარჩა, თუმცა ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება ანალოგიური დაემართოს. მიუხედავად ამისა, შარშან ოთხი სპექტაკლის პრემიერა გვქონდა და მაყურებელიც გვყავს.
– როგორ ფიქრობთ, რა არის თანამედროვე ქართული თეატრის პრობლემა…
– ერთი სიტყვით ამის თქმა  ჩემთვის შეუძლებელია. ქართული თეატრი, ზოგადად, ძალიან მაღალი ცნებაა. თეატრი ის ადგილია, სადაც მაყურებელს უნდა სთავაზობდნენ ყველაზე აქტუალურს და პრობლემატურს, რაც საზოგადოებაში ხდება. თუნდაც, შექსპირით, რეჟისორმა მე, მაყურებელს უნდა დამანახოს საკუთარი თავი და ინდენტიფიცირება უნდა გაუკეთოს იმას, რაც მე მჭირს, რაც ზოგადად ხდება. სამეფო უბნის თეატრი დღეს პირდაპირ პასუხობს იმას, რაც საზოგადოებაში ხდება.
– ფილმი „მშვიდობის ფერები“…
– ფილმი „მშვიდობის ფერები“ შექმნილია პროექტის „სამშვიდობო გადაძახილი აფხაზ ხალხს“ ფარგლებში, ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრისა და განათლებისა და განვითარების ცენტრ „აკადემუსის“ პარტნიორობით. პროექტის მხარდამჭერია ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთობლივი ინიციატივა COBERM-ი.
სპექტაკლის რეჟისორი ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი წერედიანია. ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი მე ვარ. ბავშვებთან ერთად ჩვენი თეატრის მსახიობები მონაწილეობენ.
მე არ ვარ აფხაზეთიდან, მაგრამ ჩემთვის ბავშვობა და აფხაზეთი ინდენტურია. მამიდაჩემის, ბიძაჩემის, სახლების სუნი, ლიმონი, ზღვის ხმაური, – ეს არის ის, რაც მუდმივად თან მდევს და, რომელსაც ვერ ვიშორებ. მე ხშირად დავდივარ აფხაზეთში, და როდესაც ენგურის ხიდს გავდივარ, გავივლი იმ ავადსახსენებლ საბაჟოს, მუდმივად ვტირი. კვირაში ორჯერ რომ გადავიდე, ცრემლებს მაინც ვერ ვიკავებ.
ფორუმ თეატრის წარმოდგენა, იცით, რა ფორმატის არის, ბავშვებმა, მონაწილეებმა მინიმალური სცენარი უნდა შექმნან, მაგრამ, როდესაც ის ფართო აუდიტორიამ უნდა ნახოს, მხოლოდ მათ ვერ მიენდობი.
როდესაც დავჯექი,  უკვე ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. რაც მაწუხებდა, სწორედ ის გადმოვიდა სცენარში.  ამ სპექტაკლის კულმინაციაა, როდესაც აფხაზი გოგონა ასიდა აშბა გიორგი მარშანიას თავისი მშობლების სახლის სურათს აძლევს. მე ვთვლი, რომ სახლი, სადაც დაიბადე, ბავშვობა, ხე, ეზო, შენი ქალაქი – არ არის მატერიალური ქონება. ის ჩვენი სულია, რომელიც აფხეზეთში და აფხაზებთან დაგვრჩა. ფილმში საოცარი მუსიკაც არის, რომელიც ჩემმა მეგობარმა გოგიტა მაისურაძემ სპექტაკლ „სტუმარ-მასპინძელისთვის“ დაწერა.
რაც შეეხებათ ბავშვებს. ახალგაზრდა და მოზარდი, თვითონ გაძლევს გარკვეულ ენერგიას, საით უნდა წახვიდე. ჩვენს შემთხვევაში სწორედ ასე იყო. ჩემი მეგობარი მადონა ჯაბუა ფორუმ თეატრის სპეციალისტია. ბავშვებთან ერთად რომ დავიწყეთ მუშაობა, მათგან ძალიან დიდი ენერგია და მხარდაჭერა მივიღეთ. ბავშვები, რომლებიც პროფესიონალი მსახიობები არ არიან, არიან ძალიან გულწრფელები. ისინი არიან კრეატიულები. ეს არის სეგმენტი, რომელმაც ყველაზე უკეთესად იცის, რა უნდა და არის სარკე საზოგადოების. ახალგაზრდები შურისმაძიებელნი არ არიან, ისინი ფიქრობენ, წავიდნენ წინ. მე კიდევ ვაპირებ სხვა პროექტების გაკეთებას და აუცილებლად ისევ ახალგაზრდებთან ვიმუშავებ.
– ქალბატონო მაია, თქვენ თეატრიდან მიდიხართ…
– იცით, რაღაც ყოველთვის მთავრდება და რაღაც იწყება. შეიძლება ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მაგრამ როდესაც დაიწყებ სხვაზე გადაბრალებას, მაშინ შენ მართალი არ ხარ. როდესაც ურთიერთობა არ ეწყობა, თუნდაც ცოლ-ქმარს შორის, იქ, ყველაფერი უნდა დამთავრდეს. ახსნა-განმარტებას, ვინ, რა დააშავა, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. მე მივდივარ იმიტომ, რომ ვთვლი, ჩემს ცხოვრებაში რაღაც ეტაპი დამთავრდა. დრამა თერაპია სწორედ იმას გულისხმობს, რომ პრობლემა არა მარტო შენი, მეორე მხრიდანაც დაინახო. შეიძლება დრო გავიდეს და, ის ადამიანი, ვის გამოც მივდივარ, მიხვდეს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე გადაწყვეტილება მივიღე. თვის ბოლომდე ჩემს საქმეებს მოვრჩები, ვისარგებლებ კუთვნილი შვებულებით და 1 აპრილიდან თეატრს დავტოვებ. თუმცა ძალიან გული მწყდება. ხუთი წლის წინ, თეატრში რომ მივედი და რაღაცები მივალაგე, დავდგი სკამი, მაგიდა, დავჯექი და ვფიქრობდი, რომ ეს იყო ადგილი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი. მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ ხდება. მოვიდა დრო და მივდივარ.

 

მზევინარ ხუციშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები