ბარაკ ობამა რუსეთის ხელისუფლებას აფრთხილებს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა რუსეთს აფრთხილებს. ობამას განცხადებით, უკრაინაში სამხედრო ძალებით შეჭრის შემთხვევაში, რუსეთს ქმედება ძალიან ძვირი დაუჯდება.
ობამამ აღნიშნული განცხადება ყირიმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა. ყირიმში უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ადმინისტრაციული შენობა და ორი აეროპორტი აიღეს. მათ რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი არ აქვთ, თუმცა როგორც უკრაინის ხელისუფლება აცხადებს ისინი რუსი სამხედროები არიან.
„ დესტაბილიზაცია და დამოუკიდებელი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის შელახვის მცდელობა არ შედის არც რუსეთის, არც უკრაინისა და არც ევროპის ინტერესებში“, – განაცხადა ბარაკ ობამამ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრ ტურჩინოვმა რუსეთი ყირიმის მიმართ სამხედრო აგრესიაში დაადანაშაულა. მან რუსეთის პრეზიდენტს, პროვოკაციების შეწყვეტა მოსთხოვა და მოლაპარაკებების დაწყება შესთავაზა.