ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ჯოკია ბოდოკიას აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
პროკურორ მალხაზ გეწაძის განცხადებით, ჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან, ნათია მახარაშვილისგან აიღო.
როგორც პროკურორმა საქალაქო სასამართლოში ბოდოკიას აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული პროცესის საქმის დაწყებამდე განაცხადა, “დარიოუშს” სასტუმრო თაბუკაშვილის ქ. 32-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე უნდა აეშენებინა, რის მფარველობასაც შპს-ს ხელმძღვანელს ბოდოკია დაჰპირდა. გეწაძის თქმით, საქმეში არის ვიდეომტკიცებულებებიც. თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი ჯოკია ბოდოკია შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე 11 თებერვალს დააკავეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ, ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ, ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს.