ის, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, მტკნარი სიცრუეა”,- ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ახალგაზრდა მასწავლებლის, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ადამიანი საკუთარ ქმედებებზე პასუხს საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე აგებს.
„აღნიშნულ უმძიმეს ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ და პროკურატურამ გაავრცელეს განცხადება. მიმდინარეობს გამოძიება, არაერთი პირია დაკავებული შესაბამისი მუხლებით და მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება. შესაბამისად, შსს და პროკურატურა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დანაშაულის ჩამდენმა თითოეულმა პირმა კანონის წინაშე აგოს პასუხი.
რაც შეეხება კითხვას იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმე ვინმეს მფარველობს, ეს არის მტკნარი სიცრუე. ყველა ადამიანი მის მიერ ჩადენილი ქმედებისთვის იმ მტკიცებულებებზე დაყრდნობით აგებს პასუხს, რაც საქმეშია”, – განაცხადა დარახველიძემ.
ცნობისთვის, ახალგაზრდა მასწავლებელს, გიგა ავალიანს თავს 1-ელ ოქტომბერს დაესხნენ, რის შედეგად მიღებული დაზიანებებითაც ის კლინიკაში 24 ოქტომბერს გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე ორი პირი ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძეა დაკავებული. გაბაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გიორგი რიკაძეს კი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის პირველი ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება და ჩადენილია მძიმე დანაშაული) გათვალისწინებული ბრალდება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.