ზუგდიდში 21 წლის ქალზე, თამარ ბულიაზე ძალადობის ბრალდებით მისი ქმარი და მამამთილი დააკავეს.
თამარ ბულიას თქმით, მისმა მეუღლემ და მეუღლის მამამ არასრულწლოვანი შვილის თვალწინ იძალადეს.
ქალი ამბობს, რომ მისთვის შვილის წართმევას ცდილობდნენ.
“ჩემზე მოხდა ძალადობა 17 ნოემბერს, საღამოს. ჩემზე იძალადეს ჩემმა მეუღლემ, დათა პაპავამ და ჩემმა მამამთილმა კობა პაპავამ. იქ იმყოფებოდნენ ჩემი მცირეწლოვანი შვილი, ვის წინაც მოხდა ეს ძალადობა და ჩემი დედამთილი, რომელმაც ატეხა კივილი რომ წაერთმიათ ჩემთვის შვილი. დაზიანებები მაქვს, სილურჯეები მაქვს, ტკივილები მაქვს ძლიერი ზურგის არეში”, – ამბობს თამარ ბულია ,,ტვ პირველთან” საუბრისას.
თამარ ბულიას დედამთილი ძალადობის ფაქტს უარყოფს და აცხადებს, რომ ქალმა დაზიანებები მანქანიდან გადმოსვლის დროს მიიღო.
“1 კვირის წინ, თამარ ბულიამ ბავშვი გაიტაცა, მამამაც კი არ იცოდა, სად წაიყვანა … ძალადობა არ ყოფილა … დაზიანებები მაშინ მიიღო მანქანიდან გადმოხტომას რომ ცდილობდა… ეტყობა ისეთებს ეუბნებოდა იჩხუბეს… ჩემს შვილსაც აქ დაზიანებები და მუქარა მისგან”,- აცხადებს ეკა კოდუა.