შსს: „წყალმომარაგების კომპანიასთან“ დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში არც ერთი პირი დაკავებული არ არის
საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტო, “საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას აწარმოებს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიების მიმდინარე ეტაპზე საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის.
“2015 წლის 4 თებერვალს საქართველოს შს სამინისტროს ანტიკორუფციულ სააგენტოში საქართველოს ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროდან შემოვიდა მასალები საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში 2013-2014 წლებში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტთან დაკავშირებით, რის საფუიძველზეც, იმავე დღეს დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 182 მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. დღეისათვის საქმეზე ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო მოქმედება, დაკითხულები არიან მოწმეები, ამოღებულია დოკუმენტაცია როგორც წყალმომარაგების კომპანიიდან, ისე შესაბამისი საბანკო დაწესებულებებიდან, ჩატარებულია თემატური რევიზია. გამოძიების მიმდინარე ეტაპზე საქმეზე არცერთი პირი დაკავებული არ არის. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოება დაუყოვნებლივ იქნება ინფორმირებული. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ითვალისწინებს შვიდიდან თერთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას“, -აცხადებენ შს სამინისტროში.
“ნაციონალურმა მოძრაობამ“ დღეს გაავრცელა განცხადება, რომ დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ (სგწკ) ყოფილი მთავარი ბუღალტერი თამარ ფხოველიშვილი, რომელიც ამჟამად სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილეა. პარტიის ინფორმაციით, საუბარია დიდი ოდენობით (ორ მილიონზე მეტი ლარი) სახელმწიფო სახსრების გაფლანგვაზე, რომელიც „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ მუშაობის პერიოდს უკავშირდება.