კლიჩკოს დამმარცხებლის მკვლელებს განაჩენი გამოუტანეს (ვიდეო)
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქის პრეტორიის სასამართლომ ცნობილი სამხრეთ აფრიკელი მოკრივის კორი სანდერსის მკვლელობაში ბრალდებულ სამ ზიმბაბველს განაჩენი გამოუტანა. სასამართლომ 21 წლის პაიდუ ფიშუს, 28 წლის კრის მოიოს და 29 წლის სამუელ მაბენეს 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გასამართლებულები არ ეთანხმებიან სასამართლოს განაჩენს და მის გასაჩივრებას აპირებენ. ზიმბაბველებმა 2012 წლის 22 სექტემბერს პრეტორიაში არსებულ ერთ-ერთ რესტორანზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყვეს. რესტორნის დაყაჩაღებისას მათ მოკრივე კორი სანდერსი მოკლეს, რომელიც თავდამსხმელების სროლისას თავის გოგონას საკუთარი სხეულით გადაეფარა.
მეორე დღეს 46 წლის სანდერსი გარდაიცვალა. სამხრეთ აფერიკელმა კორი სანდერსმა პროფესიონალური კარიერა 2008 წელს დაასრულა. რინგზე მან 46 ბრძოლა გამართა, რომელთაგან მხოლოდ 4 შეხვედრაში დამარცხდა. სანდერსი მსოფლიო კრივის ორგანიზაციის (WBO) და მსოფლიო კრივის კავშირის (WBU) ვერსიებით მსოფლიო ჩემპიონი გახლდათ. სანდერსი იმ სამი მოკრივიდან ერთ-ერთი იყო, რომლებმაც კარიერის განმავლობაში ვლადიმერ კლიჩკოს დამარცხება შეძლეს. სანდერსმა კლიჩკო 2003 წელს გამართულ ბრძოლაში მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა და WBO-ს ვერსიით მსოფლიო ჩემპიონის ქამარს დაეუფლა.
წყარო: nr2.com.ua