ჯოკია ბოდოკია ბრალდებას არ აღიარებს
მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსს ჯოკია ბოდოკიას ე.წ. მოდულის შენობაში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
ჯოკია ბოდოკია წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ქრთამი არ აუღია. ამის შესახებ ე.წ. მოდულის შენობის დატოვების შემდეგ ჯოკია ბოდოკიას ადვოკატმა გიორგი ყავლაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
აღკვეთის ღონისძიების შესახებ კი, როგორც ადვოკატი აცხადებს, სასამართლო, სავარაუდოდ, ხვალ იმსჯელებს.
“ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ამ ეტაპზე გამოიყენა დუმილის უფლება. ბრალდების შინაარს გააცენო. ბრალდების შინაარსი არის ქრთამის აღება თანამდებობის პირის მიერ, რასაც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი კატეგორიულად გამორიცხავს“, – განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, ქალაქ თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსი 1972 წელს დაბადებული ჯოკია ბოდოკია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის აპარატის უფროსმა ჯოკია ბოდოკიამ ერთ-ერთი კერძო კომპანიის წარმომადგენელს სასტუმროს მშენებლობის ნებართვის გაცემაში დახმარებისა და მშენებლობის პროცესში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა სასტუმროს მშენებლობის ღირებულების 10 % – 180 000 აშშ დოლარი, საიდანაც წინასწარ ქრთამის სახით აიღო მოთხოვნილი თანხის ნაწილი – 50 000 აშშ დოლარი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).