ჩაწყობილი თამაშებისთვის ბრალდებულ 8 მსაჯს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა
საქალაქო სასამართლომ 8 მსაჯს, რომლებსაც ბრალად კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობა ედებოდათ, საპროცესო შეთანხმება გაუფორმა. სასამართლო პროცესი 5 თვეზე მეტხანს გრძელდებოდა. 9-თვიანი პატიმრობა და სახელმწიფოს სასარგებლოდ 3 ათასი ლარის გადახდა 8 დაკავებულიდან 5 მსაჯს შეეფარდა. დანარჩენი სამი კი, რომლებიც გამოძიების ხუთივე ეპიზოდში ფიგურირებდა, 1 წელი რეალური სასჯელი და სახელმწიფოს სასარგებლოდ 10 და 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრათ.
დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას არ აპირებს. ადვოკატები აცხადებენ, რომ შექმნილ ვითარებაში მიღებული გადაწყვეტილება ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2014 წლის 24 სექტემბერს შს სამინისტრომ საფეხბურთო მსაჯთა თაღლითური სქემა გამოავლინა და საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის 8 მსაჯი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მსაჯები მოქალაქეებს წინასწარ ურიგდებოდნენ თუ რომელ თამაშში, რამდენ წითელ და ყვითელ ბარათს დაარიგებდნენ და რამდენ პენალტს დადებდნენ. შემდეგ ეს მოქალაქეები ფსონებს აზიურ ტოტალიზატორებში დებდნენ, მოგებულ თანხას კი მსაჯებთან ინაწილებდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადებით, მსაჯების მიერ თითოეული მოქალაქისგან მიღებული თანხა საშუალოდ 2500-დან 5000 დოლარამდე მერყეობდა.