კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილე დაკითხვაზე იმყოფება
კრწანისის ყოფილი გამგებლის მოადგილის, რომეო ფარულავას დაკითხვა ე.წ. მოდულის შენობაში მიმდინარეობს. როგორც “კვირას“ საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა, რომელიც ე.წ. მოდულის შენობასთან იმყოფება, რომეო ფარულავას დაბარება კრწანისის გამგეობაში მის საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ კი, ფარულავა სავარაუდოდ, იმ შუალედური დასკვნის საფუძველზე დაიბარეს, რომელიც საკრებულოს კომისიამ მოამზადა და შსს-ს კანონდარღვევით გადაუგზავნა. დასკვნა საკრებულომ უკან გამოითხოვა. თუმცა, როგორც ჩანს, საქმე ანტიკორუფციულ სამსახურს არ დაუხურავს.
“ეს რბილად რომ ვთქვათ უცნაურია, რადგან დღეს ყველამ მოვისმინეთ სარევიზიო კომისიის თავმჯდომარის და ზოგადად, ამ კომისიის პოზიცია, რომ მათ შეცდომა მოუვიდათ, როდესაც აღნიშნული დასკვნა სამართალდამცველ ორგანოებში გადააგზავნეს. აქტის განხილვა დასრულებული არ არის, ანუ მას საბოლოო სახე ჯერ მიცემული არ აქვს და განხილვა პარასკევს გაგრძელდება. ასე, რომ დღეს სამართალდამცველი ორგანოების ასეთი გააქტიურება ნამდვილად მიანიშნებს, რომ საქმე გვაქვს პოლიტიკურ დევნასთან, რაც ყოფილი გამგებლის დღევანდელ საზოგადოებრივ საქმიანობასა და აქტიურობას უკავშირდება, რომელმაც ახალი ხელისუფლება კორუფციასა და სხვადასხვა ტიპის კანონდარღვევაში არაერთხელ ამხილა”, – განაცხადა აბესაძემ.
მისივე თქმით, რომეო ფარულავა ე.წ. მოდულის შენობაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.