ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი მიიღეს

2015 წლის 9 თებერვალს, ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ გამატყუნებელი ვერდიქტი მიიღო იოსებ ჭელიძისა და ელვარდი მიმინოშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ ზურაბ  გორგაძის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლო ავრცელებს. მასვე ბრალად ედებოდა  ცეცხლსასროლი იარაღის (ბერეტას სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის (TT-ს სისტემის)  და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
ნაფიც მსაჯულთა გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ სასჯელის დანიშვნის სხდომაზე გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი ვერდიქტი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე მეორე, ექვსსაათიან დამატებით დროში ერთხმად  მიიღეს. ასევე, ბრალდებული ცნობილ იქნა დამნაშავედ ცეცხლსასროლი იარაღის (TT-ს სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებისათვის. ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის (ბერეტას სისტემის) და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისათვის ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს.
წარდგენილი ბრალდების თანახმად, საქმე ეხება 2014 წლის 12 მაისს, ლისის ტბის დასახლებაში მიწის ნაკვეთის გაყიდვასთან დაკავშირებით  მომხდარ  უთანხმოებას, რომელსაც მხარეებს შორის ურთიერთშელაპარაკება და ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება მოჰყვა. ბრალდებულმა რამდენიმე გასროლა განახორციელა. დაჭრილი ორი პირი მიღებული დაზიანებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გაიმართა 17 სხდომა, დაიკითხა დაცვის 3 და ბრალდების 28  მოწმე, ასევე, თავად ბრალდებული, რომელმაც თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.
მხარეთა პოზიციების  გათვალისწინებით, ნაფიც მსაჯულებს მონაწილეობა არ მიუღიათ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში  გაიმართა. სასამართლომ ზურაბ გორგაძეს სასჯელის სახედ და ზომად 14 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
განაჩენი გამამტყუნებელ ნაწილში ერთჯერადად, საკასაციო წესით, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით, საქართველოს სსსკ-ის 266-ე მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული გარემოებების არსებობისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები