„ვანო მერაბიშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის ჩატარებამდე ყველაფერი იცოდა“
ზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულმა ლევან ჩაჩუამ სასამართლო პროცესზე აღნიშნა, რომ ვანო მერაბიშვილმა, ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ, ექსპერტიზის ჩატარებამდე ყველაფერი იცოდა.
ექსპერტის თქმით, მას ეს ინფორმაცია მაშინ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის უფროსმა ლევან სამხარაულმა მიაწოდა.
როგორც ბრალდებულმა განაცხადა, იმყოფებოდა ლევან სამხარაულის კაბინეტში, ამ დროს ტელევიზიით ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა ვანო მერაბიშვილის მისამართით კრიტიკული განცხადება გააკეთა, თუ საიდან იცოდა მან დილით, ექსპერტიზის ჩატარებამდე, რომ რაულ უსუპოვი და ჟვანია CO-თი გარდაიცვალნენ.
ამის შემდეგ, როგორც ჩაჩუა ამბობს, სამხარაულმა მას უთხრა, რომ დილის 7 საათზე ვანო მერაბიშვილმა ყველაფერი იცოდა.
აღნიშნული განცხადების შეფასებისგან ბრალდებულმა ექსპერტმა თავი შეიკავა. მისმა ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ კი, მედიის წარმომადგენლებს მიმართა, რომ დასკვნები აღნიშნული განცხადების შემდეგ თავად გააკეთონ. ლევან სამხარაული აღნიშნულ პერიოდში ექსპერტიზის ბიუროს ხელმძღვანელობდა.
ოფიციალური ინფორმაციით, ლევან სამხარაული მისმა კლასელმა, დავით მჭედლიშვილმა 2005 წლის 22 მაისს, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი 2 გასროლით თავი მოიკლა. იმავე დროს, შს სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დავით მჭედლიშვილი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი იყო და მკვლელობა კლასელებს შორის ძველი წყენის გამო მოხდა.