„მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ…“

„ყველამ  თავისი საქმე აკეთოს… ქვეყნად სიკეთე და სიყვარული სუფევდეს, რადგან ღმერთი თვით სიყვარულია…“ – მსახიობი ეკა ქუთათელაძე.

– როგორ  აირჩიე პროფესია?10961956_808508652531522_1655454313_n
– პროფესიის არჩევა ალბათ, იმ გარემომ განაპირობა, რომელშიც ვიზრდებოდი. ყოველდღიურად ვხვდებოდი ბუმბერაზ მსახიობებს, კულისებსა თუ სახლში, სცენაზე. მიყვარდა სპექტაკლის შემდეგ ცარიელ დარბაზში ჯდომა, დაცლილი სცენის ყურება და ჩემი თავის წარმოდგენა სცენაზე. თუმცა იყო პერიოდი, როდესაც მხატვრობამ გამიტაცა და სამხატვრო აკადემიაში გადავწყვიტე ჩაბარება. მაგრამ ერთმა შემთხვევამ საბოლოოდ გადამაწყვეტინა მსახიობობა. ეს  მარჯანიშვილის თეატრის მოსკოვში გასტროლების დროს მოხდა. „ძველი ვოდევილები“ გადიოდა სამხატვრო თეატრის სცენაზე. ქანდარაზე ვიდექი. იმდენად გადაჭედილი იყო დარბაზი, რომ დასაჯდომი ადგილი არ მოიძებნებოდა… დასრულდა წარმოდგენა და ისეთი ოვაცია გაიმართა, ფარდა მგონი 25-ჯერ გაიხსნა და მივხვდი, რომ თეატრის მეტი არაფერი მაინტერესებდა.
– რა როლი შეასრულა თქვენს ცხოვრებაში ბატონმა ანზორ ქუთათელაძემ – როგორც მამამ, რეჟისორმა
– მამა  საოცარი ადამიანი იყო, ყოველთვის ცდილობდა  სხვა წარმოეჩინა, თავად კი ჩრდილში მდგარიყო. ჩემგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვდა. რაც სხვას ეპატიებოდა, ჩემთვის იმის გაკეთება წარმოუდგენელი იყო. ჩვენს ოჯახში ისე გავიზარდეთ მე და ჩემი და, ხმამაღალი სიტყვა არ გაგვიგია, სითბო და სიყვარული სუფევდა. სტუდენტები მამას ბაბუს ეძახდნენ. ჰყავდა აფხაზური ჯგუფიც. ერთხელ გახარებული მოვიდა სახლში, აფხაზ სტუდენტებს მამის სიყვარულით ქართული ენის სწავლა მოუთხოვიათ. ეს მისთვის დიდი ბედნიერება იყო.
– რამდენად რთულია მამასთან მუშაობა?10984824_808508659198188_261966390_n
– როგორც უკვე გითხარით, ყველაზე მკაცრი და მომთხოვნი ჩემ მიმართ იყო. ჩეხოვის „თოლიაში“ ნინა ზარეჩნაია ვითამაშე. მოსკოვში გასტროლების დროს დიდი წარმატება ჰქონდა. სპექტაკლს რუსმა ჩეხოვის მცოდნეებმა რომანტიკული, პოეტური სპექტაკლი უწოდეს. იმ პერიოდში მცირე თეატრშიც იდგმებოდა „თოლია“. ყველა მსახიობს აგვეკრძალა წასვლა და იმ სპექტაკლის ნახვა. ჩუმად გავიპარე. აინთო სინათლე და დავინახე გამოპარული ჩვენი თეატრის მსახიობები. მეორე დღეს ჩვენი „თოლია“ ბრწყინვალედ წავიდა და მქუხარე ტაშიც დაიმსახურა.
– როგორც ვიცი, სოხუმის თეატრში, სპექტაკლში „ოიდიპოს მეფე“ პირველად ანტიგონეს როლი ითამაშეთ – დღევანდელი გადასახედიდან როგორ   შეაფასებთ?
– მაშინ მხოლოდ ათი წლის ვიყავი. ეს იყო საოცარი ზღაპარი, ახდენილი ოცნება, სიზმარი… სპექტაკლის შემდეგ მორთმეული პირველი თაიგული, პირველი გასტროლი ოდესაში, თანაც გემით… წარმოიდგინეთ, რა ემოცია ექნებოდა პატარა გოგონას?
– სპექტაკლი „დარაბებს მიღმა გაზაფხულია“ – საზოგადოებას უყვარს და მოსწონს ეს სპექტაკლი, თქვენთვის რა იყო ის?
– ამ სპექტაკლის შემდეგ თთქმის 37 წელი გავიდა და დღემდე უყვარს და მოსწონს  სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ახალგაზრდებს ტელეეკრანზე ან ინტერნეტით აქვთ ნანახი. ჩემთვის იყო პოპულარობის, ხალხის სიყვარულის მომტანი, დღემდე მცნობენ და სიყვარულით იხსენებენ „დარაბებს“. საქართველოში ადგილი არ დარჩენილა, რომ არ გვეთამაშოს. ერთხელ კოლონიაშიც კი გავმართეთ წარმოდგენა. ჩვენსა და მაყურებელს შორის ერთი ხელის გაწვდენა იყო და მე არასდროს დამავიწყდება მათი თვალები, როგორ განიცდიდნენ და ტიროდნენ ჩვენთან ერთად. მოსაგონარი ძალიან ბევრია…
– მსახიობის ცხოვრების დაძაბული რიტმი...10979263_808508642531523_1680764799_n
– ახლა თეატრისა  და კინოს უნივერსიტეტში ვასწავლი სასცენო მეტყველებას. რატომღაც ჰგონიათ, რომ მსახიობის პროფესია ადვილია. მეცნიერების დასკვნით, მეშახტისა და მსახიობის შრომა (ფიზიკური თვალსაზრისით) იდენტურია. ამას გონებრივი და ემოციური მხარეც დაუმატეთ. თუ მონდომება და დიდი შრომა არ ჩადე, ბოლომდე არ დაიხარჯე, ისე, არაფერი გამოვა. მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ.
– კინო და თეატრი…
– თეატრში გრძნობ მაყურებელს, იმ მუხტს, რომელსაც დარბაზი გაწვდის. ყველა სპექტაკლი განსხვავებულია. მოქმედებს მაყურებელი, გარემო, განწყობა… დაშვებული შეცდომა მეორე სპექტაკლზე შეგიძლია გამოასწორო. კინოში კი ერთხელ დაშვებული შეცდომა, სამუდამოდ დარჩება ფირზე.
– რა შეგიძლიათ თქვათ თანამედროვე ქართულ თეატრზე...
– ყველა ჩემს კოლეგას ვუსურვებ წარმატებას. ასევე, ჩემს ყოფილ სტუდენტებს, მეტი კარგი სპექტაკლი და როლი ეთამაშოთ…

მზევინარ ხუციშვილი

10966553_808508649198189_2002756615_n

10984824_808508659198188_261966390_n

10917655_808508645864856_466967822_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები