სამედიცინო ექსპერტი: დნმ-ის ანალიზში ცდომილება გამორიცხულია

იური ვაზაგაშვილის მკვლელობის ადგილზე ამოღებული აფეთქებული ხელყუმბარის ნაწილზე აღმოჩენილი გია სოსანაშვილის დნმ-ის კვალი, სავარაუდოდ, მისი ოფლი იყო. ამის შესახებ „კვირას“ დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ-ბიოლოგმა ლელა ხუციშვილმა განუცხადა.
მისი განმარტებით, დნმ-ის კვალი შესაძლოა იყოს ნებისმიერი ბიოლოგირი გამონაყოფი – ოფლი, ცრემლი, სისხლი, ნერწყვი.
მისივე თქმით, იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის მასალებს არ იცნობს, თუმცა მისი პრაქტიკიდან გამომდინარე ფიქრობს, რომ საფლავზე აღებული დნმ-ის კვალი, სავარაუდოდ, ოფლი იქნებოდა.
ხუციშვილი დნმ-ის კვალის მიხედვით ადამიანის იდენტიფიკაციის პროცესს განმარტავს.
„გადამოწმება ხდება მარტივი შედარების პრინიცპით ანუ სავარაუდო პირებს ვადარებთ იმას, რასაც იღბენ შემთხვევის ადგილიდან. რა შეიძლება იყოს ეს? საქმის მასალებს არ ვიცნობ, მაგრამ პრაქტიკიდან გამომდინარე ვვარაუდობ, რომ ეს დასაშვებია ყოფილიყო ოფლი. დოლბანდს, რომ გამოაცალოთ თუნდაც ერთი სანტიმეტრი ძაფი და ის დავასველოთ რაიმე ჩვენი ბიოლოგიური გამონაყოფით – ნერწყვით, ცრემლით, ოფლით, სისხლით და ა.შ. ჩათვალეთ, რომ აქედან უკვე შესაძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია.
ეს შეიძლება იყოს უმცირესი მასალა. ადამიანს აქვს ერთი გენეტიკური პროფილი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ორგანიზმი დნმ-ის მოლეკულას შეიცავს, რაც ამ ქვეყანაზე ყველა ორგანიზმისთვის ინდივიდუალურია, ამის განმეორება მილიარდში ერთი შეიძლება მოხდეს ან ისიც არ მოხდეს. ამიტომ როდესაც ექსპერტიზა ამბობს, რომ კვალი ეკუთვნის კონკრეტულ პირს, ეს ნიშნავს, რომ დამთხვევა არის 99,9%.
საქართველოში ნამდვილად არის ისეთი ლაბორატორია, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიური, რომელსაც შეუძლია გენეტიკურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით ძალიან მაღალი კვლევების ჩატარება. ნებისმიერი დნმ-ის გენეტიკური ექსპერტიზის შედეგი იდება პროცენტებით. როდესაც ექსპერტიზა აცხადებს, რომ ეს არის დადასტურებული, ეს ნიშნავს 99,9% სიზუსტით მტკიცებას“, – განაცხადა ხუციშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები