ირაკლი ღარიბაშვილი “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში დაიწყო. მიუნხენის 51-ე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პირველი შეხვედრა საქართველოს მთავრობის მეთაურმა “ახალი ამერიკული უსაფრთხოების ცენტრის” პრეზიდენტ რიჩარდ ფონტეინთან და ცენტრის აღმასრულებელ დირექტორთან, მიშელ ფლურნოისთან გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემები საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების საკითხები, მათ შორის საქართველო-ამერიკის სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრაციის საკითხები იყო.
აღინიშნა, რომ ნატოს უელსის სამიტზე საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა ჩრდილოატლანტიკური ალიანსისკენ. საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის არსებითი პაკეტის განხორციელების პერსპექტივებს.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებზე და ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესზე.
შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ სიტუაციაზე. გამოითქვა შეშფოთება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული ე.წ. „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების» და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან დაგეგმილი მსგავსი „ხელშეკრულების”გაფორმების გამო.
მხარეებმა გლობალური უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრეს. აღინიშნა საქართველოს მიერ საერთაშორისო მისიებში შეტანილი წვლილი. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ მდგომარეობას, მათ შორის უკრაინის კრიზისს.
შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი და პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები