სკანდალი – რატომ გასხვისდა კინო „საქართველო“ და როგორ გახდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები კინოთეატრის მესაკუთრეები?

კინოთეატრი “საქართველო”, რომელიც ნაძალადევის რაიონში არსებული ერთადერთი კინოს სახლი იყო, დღეს გაყიდულია. 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ აღნიშნულ ტერიტორიაზე სუპერმარკეტების ქსელი “ფურშეტ ჯორჯია” და გასართობი ცენტრი შპს “ბალუ” ფუნქციონირებს. 1957 წელს აშენებული კინოთეატრის სტატუსი მთლიანად შეცვლილია, 2470 კვ მეტრის ტერიტორია კი – გასხვისებული.

 ნაძალადევში, გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოთეატრი “საქართველო” სს “ქართული ფილმის” საკუთრება იყო, თუმცა 2007 წელს  ის შპს “მერიდიანი XXI”-ს იჯარის ხელშეკრულებით,  25 წლის ვადით გადაეცა. სტატუსის შეცვლა და, მით უმეტეს, შენობის გაყიდვა ხელშეკრულებით გაწერილი არ იყო, თუმცა, სულ რაღაც 8 წლის შემდეგ, შპს “მერიდიანი XXI” თავად ხდება აღნიშნული შენობის მფლობელი და 2470 კვ მეტრის ფართსაც თავად გასცემს იჯარით.

10877929_1541555389429366_1346548591_n„კვირას” მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილი კინოთეატრის მფლობელები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები არიან. შპს „მერიდიანის“ 100%-იანი წილი 4 ადამიანზეა გადანაწილებული, თითოეული მათგანი კი 25 პროცენტიანი წილის მფლობელია. მათ შორის არიან: პარლამენტის სამგზის მოწვევის დეპუტატის, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის მერაბ სამადაშვილის ძმა, ომარ სამადაშვილი; საკრებულოს ყოფილი წევრი „ნაციონალური მოძრაობიდან“ მამუკა გუგეშაშვილი, ვინმე ნოდარ გეორგაძე რუსეთის ფედერაციიდან და მერაბ სამადაშვილის მიერ დაარსებული კომპანია „მ.ს.“, რომლის 100- პროცენტიანი წილის მფლობელიც თავად მერაბ სამადაშვილია.

რა გახდა 1957 წელს აშენებული მოქმედი კინოთეატრის გასხვისების მიზეზი; როგორ  აღმოჩნდა სს „ქართული ფილმის“ კუთვნილი კინოსახლი „ნაციონალური მოძრაობის წევრების ხელში და რატომ ფუნქციონირებს ნაძალადევის რაიონში მდებარე ერთადერთი კინოთეატრის შენობაში სუპერმარკეტი. „კვირა“ ამ საკითხების გარკვევას შეეცადა.

ჩვენ მიერ მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ  კინოთეატრის გასხვისების ამბავი სწორედ სს „ქართული ფილმიდან“ იწყება. სააქციო საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს დღევანდელი დირექტორი თამაზ ორაშვილი აცხადებს, რომ 2007 წელს, კინემატოგრაფისტთა საზოგადოება კინო „საქართველოს“  გასხვისების თაობაზე ინფორმირებული არ იყო. მისი აზრით, კინოთეატრის გაყიდვის რეალური დაკვეთა სახელმწიფოსგან მოდიოდა.

„პრობლემები 2004 წელს, „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო. „ქართულ ფილმთან“ დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს ეკონომიკის სამინისტრო ისე იღებდა, რომ კინომატოგრაფისტებს არ უთანხმდებოდა. კინო „საქართველოს“ შემთხვევაშიც ასე მოხდა. „ქართულმა ფილმმა“ ისე გაასხვისა ეს შენობა, რომ კინემატოგრაფისტებმა ამის შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ“.

– იმის თქმა გინდათ, რომ კინო საქართველოს გასხვისებაში „ქართული ფილმიც ფიგურირებდა?

– ფაქტები ამაზე მეტყველებს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ კინოთეატრის გასხვისება კინემატოგრაფისტების სურვილით მოხდა. კინოთეატრის გაყიდვის მთავარი ინიციატივა ეკონომიკის სამინისტროდან მოდიოდა. „ქართულ ფილმს“ არსებული აქციების მხოლოდ 1/3 ეკუთნოდა, შემდეგ კი ესეც ჩამოერთვა. ეკონომიკის სამინისტრო აქციების 2/3-ს ფლობდა. შესაბამისად, ზეწოლაც დიდი იყო. კინოთეატრების გასხვისება, შეიძლება ითქვას, ფარულად ხდებოდა. გადაწყვეტილების მისაღებად ინიშნებოდა კრება, რომელსაც, წესითა და კანონით, სააქციო საზოგადოების ყველა თანამშრომელი უნდა დასწრებოდა. კრების ჩატარების თარიღის შესახებ ინფორმაციას გაზეთში ბეჭდავდნენ, თუმცა ეს ისეთი გაზეთები იყო, რომლებსაც არავინ კითხულობდა. შესაბამისად, როდესაც ორ კრებას არავინ დაესწრებოდა, მესამე კრებაზე უკვე გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო ერთპიროვნულად ღებულობდა. ოთხი ადამიანიც რომ ყოფილიყო სხდომაზე, გადაწყვეტილება ლეგიტიმურად ითვლებოდა. სავარაუდოდ, კინო „საქართველოს“ შემთხვევაში ასე მოხდა.

„კვირას“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით დგინდება, რომ კინო „საქართველოს“ შენობა, რამდენიმე კინოთეატრთან ერთად, 2007 წლის ზაფხულში გამართულ აუქციონერთა საერთო კრებაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, 1 მილიონ ლარად გაასხვისეს.  კრებას სულ რამდენიმე ადამიანი დაესწრო, მათ შორის სს “ქართული ფილმის” კონსულტანტი არჩილ მენაღარიშვილი, კანცელარიის უფროსი ნათელა ნამგალაძე და იურისტი ეკა მიგრიაული. ოქმს, რომელიც კინო „საქართველოს“ გასხვისებას ეხებოდა, „ქართული ფილმის“ მაშინდელი სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი დავით ნაცვლიშვილი აწერს ხელს.

2007 წელს გაფორმებული ხელშეკრულების პირობებში მკაცრად იყო გაწერილი ორი მნიშვნელოვანი პირობა, რომლებიც არ უნდა დარღვეულიყო: 1 – კინოთეატრს 5 წლის განმავლობაში პროფილი არ უნდა შეცვლოდა; 2 – ახალ მფლობელს ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთი წლის განმავლობაში კულტურულ-საგნმანათლებლო ცენტრის შექმნაზე პასუხისმგებლობა უნდა აეღო, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასხვისებამდე რამდენიმე თვით ადრე სს „ქართულ ფილმს“ კინოთეატრი 25 -წლიანი იჯარის ვადით შპს „მერიდიან XXI“-თვის ჰქონდა გადაცემული.

“ქართული ფილმის” იურისტის დავით ალავიძის განცხადებით, 8 წლის წინ გაფორმებული ხელშეკრულებით არაერთი სამართლებრივი ნორმა დაიღვა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ხელშეკრულება არაუფლებამოსილი პირების მიერ იყო ხელმოწერილი.

“სს „ქართული ფილმის“ იმდროინდელი პარტნიორი „სს ქართული ფილმის თანამშრომლები“ იყვნენ. ისინი სააქციო საზოგადოების მთლიანი ქონების 1/3-ს ფლობდნენ. იმისათვის, რომ ხელშეკრულება ლეგიტიმური ყოფილიყო, სს „ქართული ფილმის თანამშრომლებს” კინო „საქართველოს“ გასხვისებასთან დაკავშირებით თანხმობა უნდა განეცხადებინათ. მათ კი ამ საკითხის შესახებ არც კი იცოდნენ. ვიმეორებ, ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ კინოთეატრის გასხვისების აღნიშნული გადაწყვეტილება არაუფლებამოსილმა პირებმა მიიღეს“, – აცხადებს ალავიძე.

ამასთან, სს „ქართული ფილმის” იურისტი მიიჩნევს, რომ კინო „საქართველოს“ გასხვისება თავიდანვე მოტივირებულად მოხდა.

„კინოთეატრის გასხვისებამდე რამდენიმე თვით ადრე, ის 25 წლის ვადით იჯარით გაიცა. ეს „ქართული ფილმისთვის“ საკმაოდ მომგებიანი გარიგება იყო, რადგან 25 წლის განმავლობაში აღებული ქირა, სააქციო საზოგადოებას კარგ შემოსავალს მოუტანდა. თუმცა, იჯარის გაცემიდან რამდენიმე თვეში, ხელშეკრულების შეწყვეტა და  მისი ნასყიდობის ხელშეკრულებით ჩანაცვლება ხდება. ის, ვინც რამდენიმე თვის წინ მოიჯარე იყო, უკვე მესაკუთრე გახდა. მინდა აღვნიშნო ისიც, რომ კინოთეატრი „საქართველო“ არ არის ის ერთადერთი კინოთეატრი, რომელიც იმ პერიოდში უკანონოდ გასხვისდა. სს „ქართული ფილმის“ მიერ, დღის განმავლობაში რამდენიმე კრება ტარდებოდა და ათეულობით კინოთეატრი სხვისდებოდა. სწორედ ასე გასხვისდა კინო „ამირანიც“, თუმცა ეს უკვე სხვა სტატიის თემაა“, – აცხადებს ალავიძე.

აღსანიშნავია, რომ 5 თებერვლიდან კინო „საქართველოს“ მფლობელი კომპანიის შპს „მერიდიანი XXI“-ის წილები უკვე სხვაგვარად არის გადანაწილებული. საკრებულოს ყოფილი დეპუტატი მამუკა გუგეშაშვილი, რომელიც 25 პროცენტს ფლობდა, დღეს უკვე 8 -პროცენტიანი წილის მფლობელია. მერაბ სამადაშვილის მიერ დაარსებული კომპანია „მ.ს.“ კი 42 -პროცენტიანი წილის მფლობელი გახდა.10968077_1541555999429305_1065080104_n

„კვირა“ პარლამენტის ყოფილ დეპუტატთან მერაბ სამადაშვილთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

ფაქტს, რომ 2007 წელს, „კინო საქართველოსთან“ ერთად ათეულობით სხვა კინოთეატრი გასხვისდა, ამაზე ჩვენ მიერ მოპოვებული ოქმებიც ადასტურებს.

10841268_1541556796095892_1711816739_n2007 წლის ზაფხულში სხვადასხვა ხელშეკრულების ნიადაგზე სს „ქართული ფილმის“ მიერ სხვადასხვა მფლობელზე გასხვისდა: სიღნაღის კინოთეატრი, რუსთავის კინოთეატრები – „ივერია“ და „რუსთაველი“, გორის კინოთეატრი „გამარჯვება“, ახალქალაქის კინოთეატრი, ქარელის კინოთეატრი, თბილისში არსებული კინოთეატრი „ახმეტელი“ და „ამირანი“.

ცნობილი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი და საქართველოს სახალხო არტისტი გიორგი შენგელაია კინოთეატრების გასხვისების საკითხს უარყოფითად აფასებს და აცხადებს, რომ კინემატოგრაფიის განვითარება დღეს ცისფერ ოცნებას ჰგავს.

“ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის, კინოთეატრების გაუქმება ძალიან დასანანი მოვლენაა, მაგრამ ვერაფერს ვუპირისპირებთ ამას და ესეც ძალიან ცუდია. ჩვენი ცისფერი ოცნება არის10962121_1541556862762552_796751730_n ის, რომ ბევრი კინოთეატრი და ბევრი ფილმი იყოს საქართველოში. განსაკუთრებით ქართული ფილმები, მაგრამ რეალურად, ეს არის ჩამონგრეული სისტემა, რომელიც აღარ არსებობს. რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, რომ საქართველოში მეტ კინოთეატრს ემუშავა, მაგრამ ვინ არის ამის გამკეთებელი… წლების წინ, კინოთეატრების სს “ქართულ ფილმისთვის”გადაცემა იყო ერთგვარი იმედი იმისა, რომ ეს კინოთეატრები შემოსავლებს მოიტანდნენ და არსებული სურათიც შეიცვლებოდა. სამწუხაროდ, მოვლენები სხვაგვარად განვითარდა და სწორედ ამიტომაც არის, რომ დღეს თბილისში მხოლოდ ორი კინოთეატრი შემოგვრჩა,“ – აცხადებს შენგელაია.

ნაძალადევის რაიონში, კინო “საქართველო“, მართლაც, ერთადერთი კინოთეატრი იყო, თუმცა წელიწადზე მეტია, რაც იქ კინოჩვენება აღარ  იმართება. გურამიშვილის გამზირზე მდებარე კინოსახლის ყოფილ შენობაში დღეს სუპერმარკეტების ქსელი „ფურშეტ ჯორჯიაა“ განთავსებული. იქ, სადაც წლების განმავლობაში მაყურებელს ქართულ და უცხოურ ფილმებს უჩვენებდნენ, დღეს სურსათ-სანოვაგე იყიდება.

 ნინი ჯაფარიძე

10961891_1541561342762104_32208767_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები