თბილისში ჩამოსული ქართველი ემიგრანტი თაღლითობის მსხვერპლი გახდა – რატომ არ შეუშვეს ის სასტუმროში

თაღლითობის ფაქტი და მოტყუებული მომხმარებელი. ისტორია, რომელიც ქართველ ემიგრანტს თავს გადახდა, აღმაშენებლის გამზირზე მდებარე ერთ კერძო სასტუმროს უკავშირდება.
მედეა, 20-წლიანი ემიგრაციის შემდეგ, საქართველოში პირველად დაბრუნდა. მან აღმაშენებლის #144-ში მდებარე სასტუმრო “Hostel Shark”-ი უცხოეთიდან „ბუქინგ. ქომ“-ის მეშვეობით დაჯავშნა. დარწმუნებული იყო, რომ მისი დაუვიწყარი მოგზაურობა თბილისში სწორედ აქედან დაიწყებოდა, თუმცა დედაქალაქში დაბრუნებიდან რამდენიმე საათში აღმოაჩინა, რომ მისი მოლოდინი რეალობისგან ძალიან შორს იყო. შერჩეული სასტუმრო, არამცთუ არ შეეფერებოდა სასურველ სერვისს, არამედ, საერთოდ არ არსებობდა. უფრო კონკრეტულად კი, „ბუქინგ.ქომ“-ზე განთავსებულ გვერდზე გამოქვეყნებული გესთჰაუზ – „Hostel Shark“-ის შენობის ფასადი მითითებულ მისამართზე საერთოდ არ აღმოჩნდა.
მაინც რას ყვება მოტყუებული ტურისტი და რა დახვდა მას აღმაშენებელზე სასტუმროს ნაცვლად? ქართველმა ემიგრანტმა „კვირას“ თავისი ისტორია დეტალურად მოუყვა.10967932_1540823842835854_1915780462_n
„თბილისში დილის 5 საათზე ოჯახთან ერთად ჩამოვფრინდი. ძალიან მძიმე ბარგი გვქონდა. დაღლილებმა ტაქსი ავიყვანეთ და ის მისამართი ვუთხარით, რომელზეც წესითა და კანონით ჩემ მიერ დაჯავშნული სასტუმრო უნდა არსებულიყო. თუმცა, ნანახმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთია, როდესაც სასტუმროს სერვისი შენს მოლოდინს არ შეესაბამება და მეორეა, როდესაც შენ მიერ, წინასწარ დაჯავშნილი სასტუმრო საერთოდ არ არსებობს. აღმაშენებლის #144 -ში, 2- სართულიანი მწვანე რიკულებიანი, ულამაზესი სასტუმროს „Hostel Shark“-ის ნაცვლად, დაჟანგული, ნახევრად ღია კარი დაგვხვდა, რომელსაც არც აბრა ჰქონდა და არც მინიშნება იმისა, რომ აქ ნამდვილად სასტუმრო უნდა ყოფილიყო“.
შეწუხებული ტურისტი, რომელმაც თავი მოტყუებულად ჩათვალა, მაშინვე „სასტუმროს მფლობელს“ დაუკავშირდა. მამაკაცმა უხეში ხმით უპასუხა, რომ იქ დალოდებოდა, სადაც იმყოფებოდა, რადგანაც მისამართი სწორი იყო, თუმცა, როდესაც ბნელი სადარბაზოდან შესახვედრად გამოვიდა, საუბრის თემა შეცვალა და თქვა, რომ სასტუმროში ადგილი აღარ იყო და მას ვერ მიიღებდა.
„ჩვენს დასახვედრად საშუალო სიმაღლის შავგვრემანი მამაკაცი გამოვიდა, რომელმაც თავი გაიოზ მხეიძედ წარგვიდგინა. ეს სწორედ ის ადამიანი უნდა ყოფილიყო, ვისთანაც მანამდე კორესპონდენცია მქონდა. გარდა იმისა, რომ სასტუმრო წინასწარ დავჯავშნეთ, მასაც პირადად შეუთანხმდით, როგორც სასტუმროს დირექტორს. მან ჩვენი გეგმების შესახებ წინასწარ ყველაფერი იცოდა, თუმცა ჩვენი დანახვისთანავე შეთანხმების პირობების საწინააღმდეგო საუბარი წამოიწყო. ვკითხე, რატომ იყო „ბუქინგ. ქომ“-ზე შენობის სხვა ფოტო გამოქვეყნებული და რატომ დამხვდა ბნელი, ძველი სადარბაზო? რა თქმა უნდა, ბუნებრივი კითხვა გამიჩნდა. წინასწარ შევთანხმდით და მან ძალიან კარგად იცოდა, რომ დილის 5 საათზე უნდა ჩამოვფრენილიყავი… ის კი არა, წინასწარ მომწერა, ჩვენი სერვისის თანახმად, თუკი ათ დღეზე მეტხანს რჩება მომხმარებელი, მაშინ აეროპორტიდან ტრანსპორტირებასაც ჩვენ უზრუნველვყოფთო, რაზეც უარი განვუცხადე. ახლობლები მხვდებოდნენ და არ დამჭირდა.10966987_1540837242834514_679590302_n
როცა აღმაშენებელზე მისულს სხვა პირობები დამხვდა, ბუნებრივია, გავვოცდი და დავუსვი კითხვები. იმ გაიოზს კი, როგორც ჩანს, არ ესიამოვნა, სახის გამომეტყველება შეეცვალა და განაცხადა, რომ სასტუმროში ადგილი აღარ ჰქონდა და ვერ მიგვიღებდა. მან გვითხრა, ამ სასტუმროში თქვენ ახლა არ შეხვალთ, რადგანაც დაკავებულია, იქ სომეხი სტუმრები გვყავს, ყველას სძინავსო და ათ საათზე დაგვიბარა. ძალიან დავვეჭვდით, შეგვეშინდა კიდეც, მაგრამ კონფლიქტის ასაცილებლად იქაურობას გავეცალეთ. მადლობა ღმერთს, ნათესავებმა შეგვიფარეს, თორემ ბარგით ხელში ამდენი ადამიანი ღია ცის ქვეშ დავრჩებოდით. მოგვიანებით, ამ გაიოზმა, უკვე ათ საათზე მომწერა, რომ შემეძლო სასტუმროში მიბრუნება, რადგან ნომერი განთავისუფლდა, რაზეც უარი განვუცხადე. გაღიზიანებულმა შეურაცხმყოფელი სიტყვებით მომმართა და უფრო მეტიც, „ბუქინგ. ქომ“-ს მისწერა, რომ მე არაკეთილსინდისიერად მოვიქეცი… რა თქმა უნდა, „ბუქინგ. ქომ“-ს მეც ვუპასუხე და ავუხსენი, რა სიტუაციაშიც აღმოვჩნდი, რომ ადგილი ჰქონდა თაღლითობას“, – აცხადებს მედეა.
„ბუქინგ.ქომ“-ი სასტუმროს მაძიებელი ტურისტებისთვის დღეს ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული ვებგვერდია. მსოფლიოს მაშტაბით ის 600 ათასამდე სასტუმროს სთავაზობს მომხმარებლებს, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, რამდენად სანდოა ეს სერვისი და რამდენად არის რეალობასთან ახლოს ის პირობები, რასაც ვებგვერდი დაინტერესებულ ტურისტებს სთავაზობს?
„კვირა“აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და თავდაპირველად „ბუქინგ.ქომ“-ს დაუკავშირდა. სააგენტოში განაცხადეს, რომ ყველა სასტუმრო, რომელიც ვებგვერდზე იყო განთავსებული, სააგენტოს წარმომადგენლის მიერ იყო შემოწმებული. გარდა ამისა, ნებისმიერ ადამიანს შეეძლო ამა თუ იმ სასტუმროზე კომენტარის გაკეთება, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ სასტუმროს მისამართით რაიმე თაღლითობას ექნებოდა ადგილი, გამორიცხული იყო.
აღმაშენებლის #144-ში მისვლის შემდეგ ჩვენი გადამღები ჯგუფი საწინააღმდეგოში დარწმუნდა და, „ბუქინგ. ქომ“-ის სერვისზე რომ აღარაფერი ვთქვათ, სასტუმრო „Hostel Shark“-ის საიმედოობაშიც ეჭვი შეიტანა. თუმცა, ჩვენი ამბავი ამით არ დასრულებულა. სტატიის დასასრულს, გვინდა აღვნიშნოთ, „კვირას“ თანამშრომლები ე.წ სასტუმროს „მფლობელს“, ვინმე მურთაზ მხეიძეს დაუკავშირდნენ, თუმცა, ჩვენდა გასაკვირად, პასუხების ნაცვლად მან, კორექტურად რომ ვთქვათ, უშვერი სიტყვებით გამოგვისტუმრა და „სასტუმროს“ დათვალიერებაზე კატეგორიული უარი განგვიცხადა.
იმედი გვაქვს, რომ სამართალდამცავი ორგანოები სასტუმრო „Hostel Shark”-ის საქმიანობას გულდასმით შეისწავლიან და მსგავს ინციდენტებს აღარ დაუშვებენ. იმედი გვაქვს, რომ საქართველოში ჩამოსულ ტურისტებს აღარასოდეს შეექმნებათ მსგავსი პრობლემები.

ნინი ჯაფარიძე

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები