„შენი იმიჯი ისევ შენს მედიაპროდუქტს ეხმარება…“

„როდესაც რომელიმე თემა იბლოკება, ჟურნალისტური აზარტი გეკარგება. საბედნიეროდ, მე მაქსიმალური თავისუფლება მაქვს. ახლა, გაზეთ „24 საათის“ Weekend-ში ვწერ და დიდი მადლობა მაია ჭალაგანიძეს, რომ მაძლევს სრულ თავისუფლებას.“ – ჟურნალისტი მზეხა მახარაძე.

– პროფესიის არჩევამდე საინტერესო გზა გამოიარე…10961983_805045752877812_189317130_n
– ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა ათწლედი“ – საფორტეპიანო მიმართულებით დავამთავრე. ოჯახში ვფიქრობდით, რომ სწავლას კონსერვატორიაში გავაგრძელებდი. დავიწყე მომზადება, მაგრამ შეიძლება ითქვას, ბოლო წუთს გადავიფიქრე. ვფიქრობდი, კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, ან აქტიური პიანისტი უნდა ვყოფილიყავი, ან პედაგოგი. ვერ დავინახე საკუთარი თავი ამ მიმართულებაში. გარდა ამისა, გერმანული ენა კარგად ვიცოდი. მინდოდა, დასავლეთ ევროპული ენების ინსტიტუტში ჩაბარებაც. ბოლოს, რატომღაც ჟურნალისტიკა ავირჩიე, ალბათ, იმიტომ, რომ ბავშვობიდან ძალიან აქტიური ვიყავი. მისაღები გამოცდების ჩაბარებისთანავე, დავიწყე მუშაობა. ჩემი პირველი მასალა სუხიშვილების პროექტის შესახებ გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკაში“ დაიბეჭდა.  ეს იყო ჩემი თავისუფალი არჩევანი და, პირველი ინტერვიუდან დღემდე, უკვე 12 წელია ასე ვმუშაობ. ვთვლი, რომ ეს სწორიც არის, რადგან, როდესაც ჟურნალისტი ხელოვნებაზე წერ, აქტიურად ხარ ჩართული პროცესებში, უკეთესად იცი, რა არის აქტუალური, საინტერესო და მნიშვნელოვანი. წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი: ინტერნეტჟურნალში „კვალი“, ჟურნალებთან: „ომეგა“, „მუდმივი“, „ამარტა“, გაზეთში „ქართული უნივერსიტეტი“.
– მუშაობ კულტურის განყოფილებაში…10961752_805045749544479_1114664644_n
ვცეკვავდი ქართულ ხალხურ ცეკვებს, ვსწავლობდი მუსიკალურ ათწლედში, მამაჩემს დავყავდი გამოფენებზე, კონცერტებზე, თეატრებში, მხატვრების სახელოსნოებში, ვფიქრობდი, რომ ეს სფერო ჩემთვის კარგად ნაცნობი იყო და ავირჩიე ეს მიმართულება. არჩევანზე არასდროს მინანია, რადგან ჩემი მუსიკალური განათლება ჟურნალისტიკაში ძალიან მეხმარება, ვწერო პიანისტებზე, კლასიკურ და თანამედროვე მუსიკაზე, თანამედროვე ვიზუალურ ხელოვნებაზე, თეატრზე, მოდაზე. იმაზე, რაც ძალიან მიყვარს.
– როგორ ფიქრობ, რა აკლია ქართულ ჟურნალისტიკას?
– სოლიდარობა, თავისუფალი სიტყვის ხარისხი და ყველაზე მთავარი განათლება, რაც ძალიან კარგად ჩანს პრესკონფერენციებზე. ჩემი უმცროსი თაობის კოლეგები ისეთ კითხვებს სვამენ, რომ გაოცებული ვრჩები. ძალიან უხერხულია და სირცხვილი, როდესაც ჟურნალისტი ხელოვნებაზე მუშაობს და არ იცის ბარიტონის, სოპრანოს, მეცო სოპრანოს მნიშვნელობა. თუ არ ვიცით, არსებობს ლიტერატურა და უნდა წავიკითხოთ.
როდესაც რესპონდენტთან მივდივარ, ვცდილობ, მაქსიმალურად მოვემზადო, რადგან ეს, უპირველეს ყოვლისა, რესპონდენტის პატივისცემას ნიშნავს, შემდეგ საკუთარი პროფესიისა და რედაქციის.
გარდა ამისა, თეორიული ბაზა ჟურნალისტიკაში არაფერს გაძლევს, თუ პრაქტიკულ გამოცდილებას არ მიიღებ. მე ეს დიდი სკოლა რუსუდან მუხიგულაშვილთან გავიარე. სწორედ მან მასწავლა, როგორ უნდა ამეგო ინტერვიუ, რაზე გამეკეთებინა აქცენტები, რესპონდენტთან ურთიერთობა და დამოკიდებულება, ჟურნალისტური ეთიკა და ეტიკეტი, საქმის სიყვარული, ობიექტურობა, ოპერატიულობა… მადლობა მინდა ვუთხრა ბიძინა მაყაშვილს, რომელმაც გაზეთ „24 საათში“ მომიყვანა, რომლისგანაც ასევე, ძალიან ბევრი ვისწავლე, ძალიან განათლებული ადამიანია და, მასთან მუშაობა ყოველთვის საინტერესოა.
– სირთულეები, ბარიერები, რომლებიც მუშაობის პერიოდში გხვდება…10859350_805584876157233_2103370684_n
– მე ვაკეთებ ექსკლუზიურ ინტერვიუებს ცნობილ ქართველ ხელოვანებთან, რომლებიც საზღვარგარეთ კულტურის ელჩები არიან. ადამიანებთან, რომლებითაც ჩვენ ვამაყობთ და მე დიდ პატივს ვცემ მათ შემოქმედებას. ძალიან ბევრი ხელოვანისგან ამიღია ინტერვიუ, მათ შორის არიან: ნინო მაჩაიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გია გაგნიძე, დევიდ კომა, ეთერ ჭკადუა, თინა ჯაფარიძე, ვაჟა მიქაბერიძე, ლუკა ლაზარი, ბარტ კუკი, ირინა გაბიანი, ბორის ეიფმანი… ვერ გეტყვი, რომ დიდ სირთულეებს ვაწყდები. საერთოდ, ჟურნალისტიკა რთული პროფესიაა. რესპონდენტი რომ ინტერვიუზე დაითანხმო, ჯერ მისი ნდობა უნდა მოიპოვო, რაც ვფიქრობ, კარგად გამომდის, რადგან ყოველთვის ვცდილობ, სათანადოდ მოვემზადო. როდესაც რესპონდენტი ხვდება, რომ მომზადებული ხარ, პატივს გცემენ, მოდიან დიალოგზე და თვითონაც გეხმარებიან. მაგალითად, ჩვენთვის, ელისო ვირსალაძე ლეგენდა არის. ელისო რომ გეტყვის, შენ ასეთმა პატარა გოგომ, საიდან იცი მუსიკაში ასეთი ნიუანსებიო, ეს ძალიან დიდი კომპლიმენტია. მით უმეტეს, რომ საქართველოში ჩვენი პროფესია დაუფასებელია, რესპონდენტები გაფასებენ, პატივს გცემენ და დიდ სითბოს გრძნობ მათგან.
– თუ ყოფილა შემთხვევა, რომ ინტერვიუზე უარი უთქვამთ?
– იცი, არ მახსენდება. ვისგანაც მინდა ინტერვიუს აღება, ყოველთვის ვაკეთებ. შეიძლება იმ მომენტში დრო არ ჰქონდეთ და დროებით გადაიდოს, მაგრამ ბოლოს მაინც ვხვდები…
იყო ასეთი შემთხვევა. როდესაც  ჟურნალ „კვალში“ ვმუშაობდი, რეჟისორი გია დანელია იყო საქართველოში ჩამოსული. მაშინ ასეთი გამოცდილი ჟურნალისტი არ ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მოვემზადე. რომ დავურეკე და ინტერვიუ ვთხოვე, უარი მითხრა. დახმარებისთვის ბუბა კიკაბიძეს მივმართე. მან კი მითხრა, რომ გია დანელია საერთოდ არ იძლევა ინტერვიუებსო. დახმარებას მაინც დამპირდა. შეხვედრაზე რომ მივედით, ბატონმა გიამ ისევ უარი გამოგვიცხადა. მე მაინც დავიწყე საუბარი და ვუთხარი: იცით, ბატონო გია, სანამ მე თქვენთან მოვიდოდი, ქუჩაში ადამიანები გამოვკითხე: გია დანელიას ფილმებიდან ყველაზე მეტად რომელი ფრაზა დაგამახსოვრდათ-მეთქი? და ყველამ იცით, რა მითხრა? უკვე დაინტერესდა. „лариса ивановну хочу…“ ბევრი იცინა და, ინტერვიუ შედგა. მივედი რედაქციაში, გახარებული ვარ, რომ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რეჟისორისგან ინტერვიუ ავიღე. ჩავრთე დიქტოფონი და ინტერვიუ ჩაწერილი არ იყო. სასწრაფოდ დავწერე, რაც მახსოვდა…
– რას სწავლობ შენი რესპონდენტებისგან?
– ყველა დიდი ხელოვანი, რომლებთანაც მქონია ინტერვიუ, არიან თავმდაბლები, უშუალოები, ფანატიკურად შეყვარებულები საკუთარ საქმეზე. ყოველთვის მომზადებულები არიან და პასუხისმგებლობით ეკიდებიან საქმეს. ყველაფერს, რასაც აკეთებენ, ცდილობენ  მაღალი ხარისხითა და სტანდარტებით შეინარჩუნონ. ყველა მათგანი არის ინდივიდუალური, საკუთარი ხელწერა აქვთ. საკუთარ „მე“-ს არასდროს კარგავენ. არიან ცნობილები, წარმატებულები და იციან, როგორ შეინარჩუნონ წარმატების ხარისხი, როგორ დარჩნენ მუდმივად მწვერვალზე.
– საზოგადოებამ გაგიცნო პოდიუმზეც…10966920_805082659540788_639195628_n
– ძალიან სასიამოვნო მომენტი მოხდა ჩემს ცოხვრებაში. ერთ დღეს  ლიკა ყაზბეგმა დამირეკა და მითხრა: მაქვს პროექტი „წარმატებული ქალი პოდიუმზე“ და მინდა მოგიწვიოო. სიამოვნებით დავთანხმდი. უნდა ვთქვა, რომ რამდენადაც სასიამოვნოა, ორჯერ იმდენად რთული აღმოჩნდა. პოდიუმზე გამოსვლამდე, გვქონდა ფოტოგადაღებები პროფესიონალ ფოტოგრაფებთან. მე ვანო ფიცხელაურთან მომიწია მუშაობამ. ჩვენ გვგონია, რომ დადგები პროფესიონალი ფოტოგრაფის წინაშე, გაიღიმებ, გადაგიღებენ ფოტოს და ამით ყველაფერი სრულდება. თურმე, ასე არ ხდება. პირველად რომ მივედი გადაღებაზე და გავიღიმე, ვანომ მითხრა, რატომ იღიმები…  მერე დავურეკე ჩემს მეგობარს, ქრისტინე ძიძიგურს და დახმარება ვთხოვე. მან მასწავლა ფოტოკამერასთან, ვიდეოკამერასთან ურთიერთობა და პოდიუმზე სიარული. გვემსახურებოდნენ პროფესიონალი სტილისტები, რომლებისგანაც ვისწავლე თვალის მოვლის საშუალებები. მე მადლობელი ვარ, რომ ლიკასთვის ლამაზიც აღმოვჩნდი და წარმატებულიც. იმ წელს პროექტი საიუბილეო იყო, 5 წელი შეუსრულდა.
– მე მგონი, შენ სტილისტი ნაკლებად გჭირდება, ყოველთვის ფორმაში იყავი და ხარ…
– იცი რა არის, ჟურნალისტური ეთიკის გარდა, არსებობს ეტიკეტი, რომელშიც უნდა ჩაჯდე, რაც გარკვეულწილად ისევ რესპონდენტის პატივისცემას გულისხმობს. ქალი ყოველთვის, ნებისმიერ დროს და სიტუაციაში ფორმაში უნდა იყოს, მით უმეტეს, სამსახურში. ყოველთვის მოწესრიგებული მივიდეს, რადგან შენი იმიჯი ისევ და ისევ შენს მედიაპროდუქტს ეხმარება.
– როგორც ვიცი, არაერთი პროექტის პიარმენეჯერი და კოორდინატორი იყავი…10962010_805045736211147_379858758_n
– დიახ, ბევრ საინტერესო პროექტზე ვმუშაობდი, მაგრამ განსაკუთრებით გამოვყოფდი ქართულ-გერმანული საზოგადოების პროექტს „შეხვედრა ფიროსმანთან“, რომლის მთავარი კოორდინატორი  თენგიზ მირზაშვილი იყო, ხოლო პროექტის ხელმძღვანელი – გოჩა ღულელაური. ეს პროექტი დაიგეგმა და განხორციელდა ჩუფჩიკას სახელოსნოში და დიდი სიამოვნება მივიღე.
აგრეთვე, 2007 წელს ფესტივალ „ჩვენებურების“ ფარგლებში, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მხატვრები შევკრიბეთ და ჩამოვიყვანეთ. ამ პროექტში გამოფენის კურატორი ვიყავი და გავიცანი ლეგენდარული ხელოვანი გოჩა ლაღიძე, რომლის ნამუშევრები  საზღვარგარეთ, ცნობილ მუზეუმებშია მიმოფანტული. რასაც გოჩა აკეთებს, ნამდვილად რჩეულთა ხვედრია, რადგან ადვილი არ არის ლითონთან მუშაობა.
მიუხედავად ამისა, ჟურნალისტიკა ჩემთვის მაინც ყოველთვის ყველაზე აზარტული პროფესიაა, რომელიც გაძლევს საშუალებას, მუდმივად იყო მობილიზებული, ფორმაში. ვერსად ვერ ვგრძნობ ასე კარგად თავს, როგორც ჟურნალისტიკაში. შეუძლებელია სხვაგან გადახვიდე და კმაყოფილი იყო. ეს არის პროფესია, რომელსაც არ გააჩნია სქესი, სადაც გაქვს არანორმალური გრაფიკი და ყველაზე კარგად იცი დროის ფასი. რაც საოცრად მხიბლავს ამ პროფესიაში – ჯაზივით არის, საოცარი იმპროვიზაციაა, არ იცი, სად, როდის წახვალ… რა მოხდება. ღამეც კი, ჩემი ტვინი სულ მუშაობს, ვერ ვწყნარდები. მართალია, ვისწავლე პოდიუმზე სიარული და უნდა ვიარო დინჯად, მაინც სულ დავრბივარ, მეჩქარება.  ჩემი საათი ყოველთვის 15 წუთით წინ არის, სულ საათზე ვიყურები… მაინც ვერც ერთი პროფესიაზე ვერ გავცვლი.

მზევინარ ხუციშვილი

10965644_805045742877813_1691414067_n

10967789_805045732877814_327775436_n

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები