თსუ-ს გერბის ორი მხარე
თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს უკვე ოფიციალურად დამტკიცებული ახალი გერბი აქვს, რომლის ირგვლივ დავა და მსჯელობა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან რამდენიმე დღეა არ წყდება.
ახალი გერბის მოწინააღმდეგე სტუდენტების, ლექტორებისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლების პრეტენზია ეხება წარწერას: “ტფილისის უნივერსიტეტი” – “UNIVERSITAS TPHILISENSIS”.
თემასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელებში სტუდენტები, ლექტორები და საზოგადოების სხვა წევრები საკუთარ მოსაზრებებს აფიქსირებენ და გერბზე ამოტვიფრულ წარწერას აპროტესტებენ.
“რუსული მონობის პერიოდის ასოციაციებს იწვევს “ტფილისი” . მისი ლათინური ასოებით ამოტვიფრული ვარიანტი “Tphilisensis” კი, საერთოდ ასოციაციას არ იწვევს. ამ სიტყვის ინტერნეტში „დაგუგვლაც“ კი შეუძლებელია. საძიებო სისტემა “Google-ი” , უბრალოდ, იბნევა და სხვა უნივერსიტეტების დასახელებას გვთავაზობს.
ამასთან, იკარგება უნივერსიტეტის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრის შესაძლებლობა. თუკი, წარწერა არანაირ ინფორმაციას არ მაძლევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შესახებ, კითხვა ჩნდება: საერთოდ, სჭირდება კი, ეს წარწერა გერბს?!” – აცხადებს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი თამარ კურატიშვილი.
სადავო თემას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი, ხელოვნებათმოცდნე თამარ ბელქანია გამოეხმაურა.
როგორც ბელქანიამ “კვირასთან” საუბრისას აღნიშნა, ახალი გერბი მისთვის მიუღებელია, რადგან ის გერბის პრინციპებს და მის წინაშე არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
“ჩემთვის, როგორც ხელოვნებათმცოდნესთვის, ახალი გერბი ბევრი თვალსაზრისით მიუღებელია, თუნდაც ის, რომ ზედმეტად გადატვირთულია და ვფიქრობ, ბევრი არასაჭირო ხაზი და ორნამენტია მასზე.
ასევე, ჩემთვის გაუგებარია წარწერა “ტფილისი”. მესმის, რომ ძველ წყაროებში „ტფილისი“ წერია, მაგრამ დღეს ამ ქალაქს თბილისი ჰქვია და დღეს 2015 წელია, ამიტომ ჩემს უნივერსიტეტს თბილისის უნივერსიტეტი უნდა ერქვას“.
ბელქანიას განმარტებითვე, ის პრინციპები, რომლებსაც გერბი წარმოაჩენს, მისთვის მიუღებელია.
„პრინციპები, რომლებსაც ეს გერბი წარმოაჩენს, ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან უნივერსიტეტის გერბში გამოსახული უნდა იყოს ეპოქის სული და ის ახალი გამოწვევები, რომლებიც 1918 წლის შემდეგ მკვეთრად შეიცვალა. ეს გერბი კი, არც ჩვენი ეპოქის სულს გამოხატავს და არც ჩვენ წინაშე მდგარ ახალ გამოწვევებს პასუხობს. უნივერსიტეტის ახალი გერბი, როგორც სახელმწიფოს სახე, წარსულისკენაა შებრუნებული, წარსულს უყურებს და როცა წარსულთან სახით ხარ, მომავალთან, კარგ შემთხვევაში, ზურგით აღმოჩნდები”, – აღნიშნა “კვირასთან” საუბრისას თამარ ბელქანიამ.
ახალ გერბს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, მარიამ გერსამიაც აკრიტიკებს. როგორც იგი “კვირასთან” საუბრისას აცხადებს, ის აპროტესტებს უნივერსიტეტის ახალ გერბზე ამოტვიფრულ წარწერას “ტფილისი”.
გერსამიას თქმით, საქართველოში არ არსებობს არც ერთი მოქმედი სახელმწიფო დაწესებულება, რომლის დასახელებაშიც დაფიქსირებულია სიტყვა “ტფილისი”, ამიტომ არც სახელმწიფო უნივერსიტეტის დასახელებაში უნდა იქნას გამოყენებული.
მარიამ გერსამიას მიაჩნია, რომ გადაწყვეტილება ახალი გერბის დამტკიცების შესახებ, ნაჩქარევად არის მიღებული და აღნიშნული, საკითხი საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს.
“მე პრეტენზია არა გერბის, არამედ კონკრეტულად გერბზე დაწერილ “ტფილისთან” დაკავშირებით მაქვს. ჯერ ერთი, საქართველოში არ არსებობს არც ერთი მოქმედი სახელმწიფო დაწესებულება, რომლის დასახელებაშიც გამოყენებულია სიტყვა “ტფილისი”. მეორეც, დღეს ჩვენს ქალაქს ჰქვია თბილისი და შესაბამისად, ჩვენ თუ ტერმინს ვცვლით, მაშინ გამოდის, რომ ქალაქის ტერმინის შეცვლა გვინდა. ტფილისი რომელ წელსა და საუკუნეში იყო, ამას უნივერსიტეტის სახელწოდებასთან კავშირი არ აქვს. უნივერსიტეტი დაარსებულია 1918 წელს, როგორც „ტფილისის“ ქართული უნივერსიტეტი, მას მერე ქალაქს თბილისი ჰქვია და თანამედროვე სალიტერატურო ენით, რა თქმა უნდა, უნდა იყოს თბილისის უნივერსიტეტი. მინდა აღვნიშნო, რომ ეს თემა აუცილებლად საჯარო განხილვის საგანი უნდა იყოს და ასე ნაჩქარევად არ უნდა მიეღოთ“, – განაცხადა მარიამ გერსამიამ.
სადავო გერბის შესახებ “კვირა” ენათმეცნიერ ლევან ღვინჯილიას ესაუბრა, რომელმაც გერბზე ამოტვიფრული სიტყვა “ტფილისის” შესახებ განგვიმარტა.
“გერბზე ამოტვიფრული წარწერა “ტფილისი” თუ მოაზრებულია, მაგალითად, როგორც სუვენირი, მაშინ სადავო არც არაფერია. ხოლო, თუ ეს არის უნივერსიტეტის ამჟამინდელ სახელწოდებაში დედაქალაქის დასახელების კორექტირების მცდელობა, მაშინ ეს ყოვლად დაუშვებელია. ხოლო ამ გადაწყვეტილების მიმღებთა სურვილი თუ იყო უნივერსიტეტის თავდაპირველი გერბის აღდგენა და მისი, როგორც პირვანდელი ვარიანტის, პოპულარიზაცია, ეს კიდევ სხვა საქმეა. გერბი, ზოგადად, სიმბოლური დანიშნულებისაა და წარწერასაც ფაქტობრივად ნახატის მნიშვნელობა აქვს. თუ ის ოფიციალურ მიმოქცევაში არ იქნება, მაშინ პრობლემა იხსნება. მაგრამ თუ საუბარია, რომ უნივერსიტეტის იურიდიულ დასახელებაში სიტყვა “ტფილისი” უნდა ჩასვან, როგორც საქართველოს დედაქალაქის აღმნიშვნელი ტერმინი, ეს მხოლოდ მაშინ იქნება დასაშვები, თუ დედაქალაქის სახელწოდება შეიცვლება.
უმაღლესი სასწავლებლების დასახელება ადგილმდებარეობის აღმნიშვნელი გეოგრაფიული ტერმინით იწყება. ამდენად, სავალდებულოა, გეოგრაფიული ტერმინის უცვლელად და ზუსტად გადატანა ობიექტის დასახელებაში. ეს მხოლოდ ჩემი სურვილით ჩამოყალიბებული აზრი არ არის, ამის შესახებ სალიტერატურო ენის მუდმივმოქმედი სახელმწიფო კომისიის დადგენილება არის მიღებული.
როგორც ენათმეცნიერი აღნიშნავს, სალიტერატურო ნორმების დაცვა ყველასთვის სავალდებულოა.
„ყველასთვის სავალდებულოა სალიტერატურო ნორმების დაცვა და არა მისი განგებ დამახინჯება. “ტფილისი”, როგორც რომელიმე ობიექტის დასახელება, როგორც საკუთარი სახელი, მაგალითად, პირობითად რომ ვთქვათ, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი “ტფილისი” – შესაძლებელია. რადგან “ტფილისი” ამ შემთხვევაში საკუთარი სახელი იქნებოდა და არა – გეოგრაფიული სახელის აღმნიშვნელი ტერმინი”,- განმარტა ლევან ღვინჯილიამ “კვირასთან” საუბრისას.
აღსანიშნავია, რომ უნივერსიტეტის რექტორმა, ისევე, როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა “კვირის” სატელეფონო ზარებს არ უპასუხეს.
აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით “კვირას” სენატის ერთ-ერთი წევრი, სტუდენტი ლევან ლორთქიფანიძე ესაუბრა.
როგორც მან ჩვენთან საუბრისას განმარტა, უნივერსიტეტმა გერბის ოფიციალური ვერსიის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის ჰერალდიკის ეროვნული კომისია მოიწვია და ახალი გერბი უნივერსიტეტის ბეჭდის ერთადერთი შემორჩენილი არტეფაქტის მიხედვით დამტკიცდა.
ამასთან, ლორთქიფანიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნივერსიტეტს სახელი არ შეცვლია და კვლავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდება.
“უნივერსიტეტის გერბი ოფიციალურად დამტკიცებული არსად არ ყოფილა. არც ერთი ოფიციალური დოკუმენტი არ არსებობდა, რომელიც ჩვენი სასწავლებლის სიმბოლიკას სცნობდა და აღიარებდა. არც ერთი სიტყვა გერბის შინაარსის შესახებ არსად არ იყო ნახსენები, ამიტომ, უნივერსიტეტმა გერბის ოფიციალური ვერსიის შესაქმნელად საქართველოს პარლამენტის ჰერალდიკის ეროვნული კომისია მოიწვია, რომელმაც ესკიზები წარმოადგინა. ჩვენი გერბი ხან სკანდინავიურ ფარზე იყო შემოდებული, ხან კიდევ ტევტონთა ორდენის საბრძოლო ნივთებით აფორმებდნენ, ზოგჯერ კი არშიები ერტყა ირგვლივ – ყველა აღნიშნული ვარიანტი ჩავარდა.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ გერბის ოფიციალური ვერსია, ივანე ჯავახიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და დიმიტრი შევარდნაძის მიერ ერთობლივად შედგენილი და დამტკიცებული უნივერსიტეტის ბეჭდის ერთადერთი შემორჩენილი არტეფაქტის მიხედვით აღდგენილიყო.
ჩვენ მოვახერხეთ და “ზიზილ-პიპილოებისგან” გადავარჩინეთ გერბი და ბეჭდის ერთადერთი შემორჩენილი ესკიზის მიხედვით აღვადგენინეთ.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის აბსოლუტურად ნორმალური პრაქტიკა, ისტორიული სახელის გერბზე შენარჩუნება მიღებული ფორმაა. მსოფლიოს ათობით უნივერსიტეტის გერბზეა შენარჩუნებული მისი პირველადი სახელწოდება ლათინურად, ძველ გერმანულად და ა.შ… ამიტომ, მე ტრაგედიას ვერ ვხედავ იმაში, რომ ჩვენს სიძველეს გერბზე წარმოჩენილი უძველესი წარწერით ხაზი გავუსვათ. ეს გერბი თუ ვინმეს არ მოსწონს, ჩვენი სენატის სხდომა ღიაა და ნებისმიერს შეუძლია ალტერნატიული ვარიანტის წარმოდგენა.
აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ უნივერსიტეტს სახელი არ შეცვლია. უბრალოდ გერბზეა მისი პირველადი წარწერა დაფიქსირებული. უნივერსიტეტს, კვლავ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეწოდება”, – განმარტა ლევან ლორთქიფანიძემ.
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, გერბის მოწინააღმდეგეთა ნაწილი ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს და ოფიციალური წერილით უნივერსიტეტის სენატსა და რექტორს მიმართავს, რათა პირველ რიგში, გერბი მოიხსნას თსუ-ს ოფიციალური ვებ გვერდიდან და დოკუმენტაციიდან.
ამასთან, ითხოვს შეიქმნას ხელახალი კომისია, რომელშიც არა მხოლოდ ჰერალდიკოსები შევლენ, არამედ ხელოვნებათმცოდნეები, უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები (არა მხოლოდ საბჭოებისა და სენატის წევრები) გაწევრიანდებიან.
ასევე, აღნიშნულში მონაწილეობას, უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები და თემით დაინტერესებული საზოგადოების სხვა წევრები მიიღებენ, რათა უნივერსიტეტის სიმბოლიკა გახდეს ფართო საზოგადოების განსჯის საგანი და საბოლოო ვარიანტი მხარეთა უმეტესობისთვის მისაღები იყოს.
შეგახსენებთ, რომ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორთა საბჭომ 29 დეკემბერს უნივერსიტეტის ახალი გერბი დაამტკიცა, გერბი, როგორც გამაერთიანებელი სიმბოლო, რომელმაც საზოგადოების აზრი ორად გაყო.
თაკო სონღულაშვილი