ერთ დღეში გავრცელებული ორი ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია – რა იცის არეშიძემ ვაზაგაშვილის საქმეზე? (ვიდეო)
ვერსია თუ ინფორმაცია? რაში დასჭირდა მამუკა არეშიძეს ერთ დღეში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის გაჟღერება ისეთ სენსიტიურ საქმეზე, როგორიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაა? ექსპერტი „კვირას“ პრესკლუბში ამტკიცებდა, რომ სავარაუდო მკვლელმა საქართველო დატოვა, მოგვიანებით კი, პროკურატურაში განაცხადა, რომ ეს მხოლოდ მისი ვერსია იყო. იყო თუ არა ეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანის შეგნებული მცდელობა, რაში დასჭირდა ეს არეშიძეს?
„კვირა“ ერთი დღეში ექსპერტის მიერ გაკეთებული ორივე განცხადების ვიდეოვერსიას გთავაზობთ. აღსანიშნავია, რომ მამუკა არეშიძემ დღეს მედიის წარმომადგენლების სატელეფონო ზარებს აღარ უპასუხა.
„მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია, საქართველო-თურქეთის საზღვრის მეშვეობით უკვე დატოვა“, – ეს სკანდალური განცხადება „სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ექსპერტმა კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძემ „კვირას“ პრესკლუბში, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
არეშიძე ირწმუნებოდა, რომ საზარელი მკვლელობის შესახებ „კიდევ ბევრ ინფორმაციას“ ფლობდა, თუმცა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.
„მე მაქვს ინფორმაცია, რომ იური ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელმა საქართველოს ტერიტორია თურქეთის საზღვრის მეშვეობით დატოვა. ჩემთვის უფრო მეტად მნიშვნელოვანია ამ მკვლელობის შემკვეთები, ეს ის სიტუაციაა, როცა ზუსტად შემკვეთებისგან, მათი ზემდეტი აქტიურობისაგან და მათი დატოვებული კვალისაგან გაიხსნება ეს საქმე, რომელშიც ძალოვანების მონაწილეობის კვალი იკვეთება, – ყოფილის თუ ახლანდელის, ამას მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა გუშინ მამუკა არეშიძემ.
არეშიძის მიერ „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებულ განცხადებას რამდენიმე საათში მთავარი პროკურატურის მხრიდან რეაგირება მოჰყვა. არეშიძე საგამოძიებო უწყებაში გუშინვე დაიბარეს და დაჰკითხეს.
დაკითხვიდან გამოსულმა ექსპერტმა ჟურნალისტებთან დაადასტურა, რომ პროკურატურას კითხვები, ვაზაგაშვილის სავარაუდო მკვლელის საქართველოს დატოვების თაობაზე მის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით ჰქონდა.
არეშიძემ, „კვირას“ პრესკლუბში გაკეთებული სკანდალურ განცხადებას ამჯერად, მხოლოდ მისი ვერსია უწოდა და განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებას „ძალიან შეზღუდული“ და მწირი ინფორმაცია მიაწოდა.
„ეს იყო ვერსიის დონეზე ნათქვამი და ამან პროკურატურის ბუნებრივი დაინტერესება გამოიწვია, აინტერესებდათ, რა ინფორმაციას ვფლობდი. მე რა ინფორმაციაც მქონდა – ძალიან შეზღუდული, მწირი და ვერსიული იყო, რაც მათ მივაწოდე “, – განაცხადა ექსპერტმა.
რამდენად გამართლებულია ექსპერტის მხრიდან ისეთ ხმაურიან საქმეზე, როგორიც იური ვაზაგაშვილის მკვლელობაა, ვერსიების დონეზე სკანდალური განცხადების გაკეთება?
რის საფუძველზე მისცა დღის პირველი ნახევრში მის ხელთ არსებულ ცნობას მამუკა არეშიძემ „ინფორმაციის“, ხოლო მეორე ნახევარში „ვერსიის“ ფორმულირება – ამ და სხვა კითხვებზე „კვირა“ პასუხების“ მოსმენას თავად მამუკა არეშიძისგან შეეცადა, თუმცა, არაერთი მცდელობის მიუხედავად, ექსპერტთან დაკავშირება ვერ მოხერხდა.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავარი პროკურატურა იური ვაზაგაშვილის გარდაცვალების საქმეზე გამოძიებას აწარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. გამოძიებამ აღნიშნულ საქმეზე რამდენიმე ათეული პირი უკვე დაჰკითხა.
https://www.youtube.com/watch?v=D9stB5Oym8w
https://www.youtube.com/watch?v=cVN5NLpAPF8