სანდრო გირგვლიანის გარდაცვალებიდან 9 წელი გავიდა – გახმაურებული საქმის ქრონოლოგია

9 წლის წინ, 2006 წლის 28 იანვარს, “გაერთიანებული ქართული ბანკის“ საერთაშორისო ურთიერთობათა განყოფილების ხელმძღვანელი, 28 წლის სანდრო გირგვლიანი  ოქროყანის შემოგარენში  გარდაცვლილი იპოვეს.

გირგვლიანს მრავალჯერადი დაზიანებები აღენიშნებოდა, რომლებიც, სავარაუდოდ, ფიზიკური ძალადობის შედეგი უნდა ყოფილიყო.

მაშინ, ტელეკომპანია “იმედის“ ეთერში 12 თებერვალს გასულ გადაცემა “დროებაში“ მკვლელობის ზოგიერთი დეტალი გახმაურდა. “დროების“ ვერსიის მიხედვით, სანდრო გირგვლიანმა 27 იანვარს მეგობარ ლევან ბუხაიძესთან ერთად, “შარდენ ბარში“ თავის მეგობარ გოგონას, თამარ მაისურაძეს, მიაკითხა , რომელიც იქ შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლესთან, თაკო სალაყაიასთან და  შს სამინისტროს  მაღალჩინოსნებთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მოხდა შელაპარაკება.
sandro2

ბარიდან გასვლის შემდეგ გირგვლიანთან ერთად ისინი უცნობმა პირებმა გაიტაცეს. გატაცებულები ოქროყანაში წაიყვანეს და სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც გირგვლიანი გარდაიცვალა, ხოლო მისმა მეგობარმა გაქცევა მოახერხა. მეორე დილას გირგვლიანის “ნაწამები და გაშიშვლებული ცხედარი” სასაფლაოს მახლობლად იპოვეს.

სანდრო გირგვლიანის დედამ ირინა ენუქიძემ შვილის მკვლელობის დაგეგმვაში შინაგან საქმეთა სამინისტროს იმჟამინდელ მაღალჩინოსნებს დასდო ბრალი, რომლებიც გირგვლიანთან ერთად „შარდენ ბარში“ იმყოფებოდნენ.

გირგვლიანის ოჯახის წევრების ვერსიის საწინააღმდეგოდ, რომ მკვლელობა შსს-ის მაღალჩინოსნების დაკვეთილი იყო, 2006 წელს წარმოებული გამოძიებითა და სასამართლოს შესაბამისი განაჩენით, სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების ფაქტი შეფასდა,  როგორც კუდის პირველი სამმართველოს  უფროსის გერონტი ალანიასა და  სანდრო გირგვლიანს შორის შორის ლესელიძის ქუჩაზე, „შარდენ ბარის“ გასასვლელთან შემთხვევით წარმოშობილი პირადი კონფლიქტის გაგრძელება.
sandro3
საქმეზე 2006 წლის 6 ივლისის გასამართლდა 4 პირი: კუდის პირველი სამმართველოს   უფროსი გერონტი ალანია, ასევე კუდის თანამშრომლები:  ალექსანდრე ღაჭავა, მიხეილ ბიბილურიძე და ავთანდილ აფციაური, რომლებსაც მსჯავრი დაედოთ საქართველოს სს კოდექსის 117 მუხლის მე-6 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა),  143 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (თავისუფლების უკანონო აკვეთა) და 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ნივთის დაზიანება და განადგურება).

მაშინდელმა სასამართლომ გერონტის ალანიას  8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო  ბიბილურიძეს,  აფციაურს და  ღაჭავას  7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2009 წლის 5 ოქტომბერს, საქართველოს   იმჟამინდელი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  2008 წლის 24 ნოემბრის შეწყალების აქტის საფუძველზე, საპატიმროდან გაათავისუფლეს სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში  მსჯავრდებულები – გერონტი ალანია, ავთანდილ აფციაური, მიხეილ ბიბილური და ალექსანდრე ღაჭავა. მანამდე, 2007 წლის 8 აგვისტოს კი უზენაესმა სასამართლომ მათ 6 თვით შეუმცირა სასჯელი.

მიხეილ სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების დიდი ნაწილში კრიტიკა და  ხმაურიანი აქციები მოჰყვა.

მოგვიანებით საქმე  სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში გასაჩივრდა.

გურამ გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის პირველი სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში განსახილველად 2007 წლის ივნისში შევიდა. ორ თვეში, 2007 წლის აგვისტოში სანდრო გირგვლიანის დედა  ირინა ენუქიძე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. თუმცა, ევროპულმა სასამართლომ სარჩელი ოფიციალურ წარმოებაში 2008 წლის 17 მარტს მიიღო პირვანდელი სახელწოდებით: „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ”. ირინა ენუქიძე და გურამ გირგვლიანი სასამართლოს მიმართავდნენ თხოვნით, საქართველო დამნაშავედ ეცნო ევროკონვენციის ოთხი მუხლის დარღვევაში. ეს მუხლებია: სიცოცხლის უფლების, სამართლიანი სასამართლოს უფლების, წამების აკრძალვისა და დაცვის ეფექტური ზომების უფლებების დარღვევა.

სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ განაჩენი 2011 წლის აპრილში გამოიტანა. სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გირგვლიანის ოჯახის სარჩელი და განაცხადა, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გამოძიებას “აშკარად აკლდა საჭირო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საფუძვლიანობა“. სტრასბურგში არსებულმა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას მოსარჩელისთვის  მორალური ზიანის ასანაზღაურებლად 50 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროკურატურამ გირგვლიანის საქმეზე  ხელახალი გამოძიება დაიწყო.

პროკურატურის ინფორმაციით, 2012 წლის ბოლოს საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაწყებული გამოძიებით,  2006 წელს წარმოებული გამოძიების საპირისპირო დადგინდა.

sandro4

სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორება განხორციელდა შეკვეთით და ეს შეკვეთა  ე.წ. “შარდენის სუფრიდან”, ანუ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმდროინდელი გენერალური ინსპექციის უფროსის ვასილ სანოძის დაბადების დღის აღსანიშნავი სუფრიდან  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის იმდროინდელმა უფროსმა დათა ახალაიამ გასცა;

საგამოძიებო უწყების ძიების შედეგად, სანდრო გირგვლიანზე ანგარიშსწორებაში, რასაც  მისი გარდაცვალება მოჰყვა, დათა ახალაიას გარდა, მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ზემოაღნიშნული განაჩენით  მსჯავრდებული პირები, არამედ, როგორც მინიმუმ, პოლიციის კიდევ ორი მაღალი თანამდებობის პირი;

“სისხლის სამართლის საქმეზე ობიექტური ჭეშმარიტების დადგენისთვის ხელის შეშლის, დანაშაულის შემკვეთისა და თანამონაწილეების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან განრიდების მიზნით, მსჯავრდებულმა პირებმა, დუმილის სანაცვლოდ მიიღეს ფულადი ანაზღაურება თითოეულმა რამდენიმე ათეული ათასის ოდენობით;

მსჯავრდებულები სასჯელს იხდიდნენ განსაკუთრებით პრივილეგირებულ მდგომარეობაში, ისე, რომ მათი ყოფა, პრაქტიკულად არ განსხვავდებოდა თავისუფლებაში მყოფი მატერიალურად უზრუნველყოფილი მოქალაქეების ყოფა-ცხოვრებისგან – ამ ეტაპზე თავს შევიკავებთ ყველა პიკანტური დეტალის გადმოცემისგან, თუმცა გაცნობებთ ერთ უპრეცედენტო ფაქტს  – შინაგან საქმეთა და სასჯელაღსრულების სისტემის მაღალი თანამდებობის პირების დანაშაულებრივი ხელშეწყობითა და ორგანიზებით, მსჯავრდებულები პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში და რაც ყველაზე საგულისხმოა, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს, კერძოდ – შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს; საქართველოს პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებული პირების შეწყალება და მათი ვადამდე-პირობით გათავისუფლება განხორციელდა ტენდენციურად, კანონის მოთხოვნათა და დადგენილი პროცედურების უხეში დარღვევით“,-აცხადებდნენ პროკურატურაში.

რაც შეეხება იმჟამინდელ შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს, გამოძიების ცნობით, ვანო მერაბიშვილისთვის, დანაშაულის ჩადენის დღიდან, ანუ 2006 წლის 28 იანვრიდან ზედმიწევნით ზუსტად იყო ცნობილი მომხდარი დანაშაულის უკლებლივ ყველა დეტალი.

ვანო მერაბიშვილს პროკურატურამ ბრალდება 2013 წლის 24 ივნისს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ), წარედგინა.

2014 წლის 20 ოქტომბერს სანდრო გირგვლიანის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მერაბიშვილი ბრალდებულად ცნეს სამსახურებრივ სიყალბესა და უფლებების ბოროტად გადამეტებაში.

მერაბიშვილთან ერთად საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო საქმეში არსებული ყველა ბრალდებული.

მათ შორისაა გერონტი ალანიაც, რომელსაც ქართული მხარე ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებს. ალანიას მოსამართლემ დაუსწრებლად 4 წლითა 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

საქმეში კიდევ ერთ ბრალდებულს ოლეგ მელნიკოვს თავისუფლების აღკვეთის ვადად, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, 3 წელი და 9 თვე განესაზღვრა.

ოლეგ მელნიკოვმა გასული წლის  11 აგვისტოს გამართულ პროცესზე ყველა წარდგენილი ბრალი აღიარა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები, მათ შორის დათა ახალაია ამხილა.

გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე ძებნილ დათა ახალაიას ბრალი 2013 წლის ივლისში წაუყენეს.

საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე ბრალდებულდათა ახალაიას საქმე გასული წლის მაისში  ცალკე წარმოებად გამოყო.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე გასამართლებული მსჯავრდებულებისათვის ციხეში პრივილეგირებული მდგომარეობის შექმნის ფაქტზე  საქალაქო სასამართლომ ასევე დამნაშავედ ცნო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი ბაჩო ახალაია.

ბაჩო ახალაიას  2005-2008 წლებში  სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა.

“ძალიან განვიცდი, იმიტომ, რომ ყველაზე მეტად ამ ქალის მიმართ მქონდა სოლიდარობის განცდა, დანაშაულის განცდა; მე პირადად იმიტომ, რომ ამ ქვეყნის პრეზიდენტი ვარ და ასეთი რამე არ უნდა ხდებოდეს არც ერთ ქვეყანაში, რომ ადამიანი საღამოს წავიდა რესტორანში და აღარ დაბრუნდა”, – აცხადებდა  სააკაშვილი 2013 წლის მაისში.

ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ შეიწყალა მან შსს–ს მაღალჩინოსნები, რომლებიც გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს. სააკაშვილმა უპასუხა, რომ მაშინ გირგვლიანის მკვლელობის საქმე „ზეპოლიტიზებული“ გახდა. მისი თქმით, ეს საქმე გახდა „შავი ლაქა“ მისი პრეზიდენტობის პერიოდში არა იმიტომ, რომ იგი როგორღაც ჩართული იყო ამ საქმეში, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოხდა.

დღეს, მიხეილ სააკაშვილს, სხვა საქმეებთან ერთად, გირგვლიანის საქმეზე ბრალი აქვს წარდგენილი.

სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით მთავარმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 2014 წლის ნოემბერში ცნო ბრალდებულად. გამოძიების თანახმად, იკვეთება სისტემური დანაშაული, რადგანაც სახელმწიფო სტრუქტურები „კოორდინირებულად“ მოქმედებდნენ დანაშაულის დაფარვის მიზნით.

პროკურატურის ცნობით, საქმეზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით გრძელდება.

9 წლის შემდეგ, წუხელ, სანდრო გირგვლიანის მეგობრები და ახლობლები  ტრადიციულად ტრაგედიის ადგილზე შეიკრიბნენ და სანფრო გირგვლიანის ხსოვნას პატივი მიაგეს. მათ ტრაგედიის ადგილზე სანთლები დაანთეს.
დღეს ისინი სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავზეც იმყოფებოდნენ.
sandro5
სანდრო გირგვლიანის მამა გურამ გირგვლიანი “კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ 9 წლის შემდეგ  სამართლიანობა  ნაწილობრივ აღდგა.

მისი თქმით, “მთავარი დამნაშავეების“ ნაწილი კვლავ თავისუფლებაშია.

დათა ახალია საქართველოდან არის გაქცეული, ასევე- გერონტი ალანია. საქმეზე ბრალი წარედგინა მიხეილ სააკაშვილსაც. ჩემი შვილის მკვლელობის საქმეში, მერაბიშვილთან და სხვა პირებთან ერთად, ისინიც მონაწილეობდნენ. ვიმედოვნებ, საბოლოოდ მათაც მოუწევთ პასუხის გაცემა და სათანადოდ დაისჯებიან“, -აღნიშნა გურამ გირგვლიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები