პრემიერი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას დღეს დააკმაყოფილებს

შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის თაობაზე ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი დღეს უნდა მოაწეროს.
შესაძლოა, დღესვე გახდეს ცნობილი, თუ ვინ დაიკავებს ჭიკაიძის ადგილს. გავრცელებული ცნობით, შს მინისტრის პოსტზე ვახტანგ გომელაურის, სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი მღებრიშვილის, სასაზღვრო პოლიციის უფროსის ზურაბ გამეზარდაშვილისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას კანდიდატურები განიხილება. თუმცა, აღნიშნული პირები გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.
ალექსანდე ჭიკაიძემ თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნით პრემიერს 23 იანვარს მიმართა. როგორც მის განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება ბოლო დროს მის მიმართ გაჟღერებულმა ბრალდებამ განაპირობა. „ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას“, – აღნიშნულია ჭიკაიძის განცხადებაში. ახალი შს მინისტრის დამტკიცებამდე, შს მინისტრის უფლებამოსილებას, მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ გომელაური ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები