“ნარმანიას დაპირება, რომ წინა მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტები გაგრძელდებოდა, – არ შესრულდა„
დედაქალაქის საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კამპანიისას, დედაქალაქის მერის, დავით ნარმანიას დაპირება, რომ წინა მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტები გაგრძელდებოდა, – არ შესრულდა.
როგორც ფრაქციის განცხადებაშია აღნიშნული, დავით ნარმანიამ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ინფრასტრუქტურული სამუშაოები შეაჩერა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდგომ ,,ქართული ოცნების“ და თბილისის მერის დავით ნარმანიას ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა თბილისის წინა მთავრობის მიერ წამოწყებული პროექტების ეფექტურად გაგრძელება უნდა ყოფილიყო. ამის ნაცვლად, დავით ნარმანიამ პირველივე რაც გააკეთა, უკვე ჩატარებული ტენდერების შედეგების გაუქმება და შესაბამისად, თბილისში ინფრასტრუქტურული სამუშაოების შეჩერება იყო. მათ შორის გაუქმდა ტენდერები, რომელთა შედეგადაც უკვე სექტემბერში უნდა დაწყებულიყო ათეულობით ავარიული საცხოვრებელი შენობის გამაგრება, რასაც იქ მაცხოვრებელი ასეულობით ოჯახი დღემდე უშედეგოდ ელოდება.
ბინათმშენებლობისა და ავარიული შენობების გამაგრებისათვის თბილისის 2014 წლის ბიუჯეტში 41 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული, რომელიც ,,ქართული ოცნების“ მიერ განხორციელებული ორი სეკვესტრის შედეგად შემცირებული იქნა დაახლოებით 7-ჯერ და საბოლოოდ 6 215 400 ლარით განისაზღვრა. შესაბამისად, გამაგრების გარეშე დარჩა ის ათეულობით
საცხოვრებელი კორპუსიც, სადაც სამუშაოები უკვე დასრულებული უნდა იყოს. ეს მაშინ, როდესაც წლის ბოლოს დავით ნარმანიას და ,,ქართულ ოცნების“ მთავრობას დაუხარჯავი დარჩა 110 მილიონი ლარი.
გაურკვეველია ამ კორპუსების ბედი 2015 წლის განმავლობაშიც, რადგან ამ მიმართულებით თბილისის 2015 წლის ბიუჯეტში მხოლოდ 7 550 000 ლარია გათვალისწინებული.
იქიდან გამომდინარე, რომ 2014 წელს უკვე დაწყებული შენობების გამაგრებაზე 2015 წლის ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხა შეადგენს დაახლოებით 3 800 000 ლარს, ეს ნიშნავს რომ წელს მთელ თბილისში ჯამში მაქსიმუმ 5-6 კორპუსის გამაგრება განხორციელდება.
ასეთი ბუნდოვანი პერსპექტივა აქვს, მაგალითად: ვარკეთილი 3, მე-3ა მ/რ # 330 კორპუსს, რომელიც მწვავე ავარიულ მდგომარეობაში იმყოფება. მისი გამაგრების მიზნით ტენდერი დასრულებული იყო და სამუშაოები უკვე 2014 წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო. თუმცა დავით ნარმანიას გაუაზრებელი გადაწყვეტილებების გამო ამ კორპუსში მაცხოვრებელი ოჯახები საშიშროების წინაშე დღემდე რჩებიან“-აცხადებენ ფრაქცია“ ნაციონალურ მოძრაობაში“