მალარია, სტიქიები, შიმშილი -„ნასა“ მსოფლიოს აფრთხილებს

დედამიწაზე საშუალო გლობალური ტემპერატურა საუკუნეზე მეტია, უწყვეტად იმატებს. შესაბამისად, 2014 წელი ყველაზე ცხელი აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს, „ნასას“ მონაცემებიდან ირკვევა, რომ ბოლო 38 წელია მსოფლიოში ყოველწლიურად საშუალოზე მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება.
2005 და 2010 წლებთან შედარებით კი 2014 წელს ტემპერატურა 0.04 გრადუსი ცელსიუსით გაიზარდა. რას შეცვლის და რისი გამოწვევა შეუძლია გლობალურ დათბობას დედამიწაზე?
როგორც „ნასა“ გვატყობინებს, გარდა იმისა, რომ დედამიწის ზედაპირი კიდევ უფრო ცხელი იქნება, ვიდრე აქამდე, გლობალური დათბობა პლანეტებზე შორს მიმავალ ზეგავლენას მოახდენს.
ამასთან, დედამიწის დათბობა გამოწვევს ნალექიანობის გაზრდას, გაძლიერდება სანაპირო ეროზია, ზოგიერთ რეგიონში გახანგრძლივდება სეზონი, დადნება ყინულის ქუდები და მყინვარები. საგანგაშოა, რომ მოსალოდნელია ინფექციური დაავადებების გახშირება, გავრცელება და ახალი სახეობების გაჩენა.10947809_1020733871287962_970383911_n
რას შეცვლის ადამიანის ცხოვრებაში აღნიშნული მოსალოდნელი ცვლილებები? როგორც „ნასა“ განმარტავს, ამინდის და ეკოსისტემების ცვლილებები ადამიანის ცხოვრების წესზე პირდაპირ ზეგავლენას მოახდენს. მათივე განმარტებით, ეს უმძიმესი დარტყმა იქნება მათთვის, ვინც სანაპირო და ღარიბ რეგიონებში ცხოვრობს. ღარიბ ქვეყნებს წყლის რესურსის არქონის გამო ტემპერატურის ცვალებადობასა და მისგან გამოწველ პრობლემებთან გამკლავება გაუჭირდებათ. ამასთან, ტროპიკულ ზონებში ინფექციური დაავადებების, მაგალითად, მალარიის გავრცელების არეალი შეიცვლება და გაფართოვდება. გახშირდება ინტენსიური წვიმები და ქარიშხლები, რის გამოც აიწევს ზღვის დონე, საბოლოოდ კი დედამიწაზე უფრო ძლიერი წყალდიდობებია მოსალოდნელი. შესაბამისად, ქონების დაკარგვის რისკი გაიზრდება. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნულ სამმართველოში აღნიშნავენ, ცხელი ზაფხული ხანძრის გამოწვევის მეტი შემთხვევის მიზეზი გახდება, გახშირდება ინსულტებისა და, შესაბამისად, სიკვდილიანობის შემთხვევები, ოზონის შრის დაბინძურება კი დღითიდღე გააუარესებს ჰაერის ხარისხს. წყლისგან გაღარიბებული მიწა ინტენსიური გვალვების მიზეზი გახდება.
გლობალურმა დათბობამ, შესაძლოა, კაცობრიობა შიმშილობამდე მიიყვანოს. დედამიწის უმეტეს ნაწილში მაღალი ტემპერატურა მოსავლიანობაზე და, შესაბამისად, სასურსათო წარმოებაზე უარყოფითად და წარმოიქმნება საკვების დეფიციტი. დაბალი ტემპერატურის არეებში კი ტემპერატურის მომატება მოსვლიანობაზე დადებითად აისახება. მიუხედავად ამისა, ეს ორი პროცესი ბალანსს ვერ შექმნის და უარყოფითი შედეგები დადებითს გადაწონის. „ნასა“ მსოფლიო საზოგადოებას აფრთხილებს, რომ გლობალური დათობობისაგან გამოწვეული უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად დროულად იმოქმედოს. მათი განმარტებით, კაცობრიობას საკუთარი გადაწყვეტილებებით შეუძლია შეამციროს მოსალოდნელი საფრთხეები. „ნასაში“ მიიჩნევენ, რომ დროა, ადამიანებმა შეიცვალონ ცხოვრების წესი და გაუფრთხილდნენ ეკოსისტემას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები