პატრიარქის ნათლულები და შობადობის სტატისტიკა – ეხმარება თუ არა საპატრიარქო უწმინდესის ნათლულებს

საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, 2008 წელს, ნათლისღების დღესასწაულზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი, რომლის თანახმად, მშობლების სურვილის შემთხვევაში, იგი ჯვარდაწერილ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე და მომდევნო შვილის ნათლია ხდება.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს უკვე 22 059 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილი წყვილების ოჯახში მესამე და მომდევნო შვილები არიან.
პატრიარქის ნათლული დღეს კიდევ 1000-ზე მეტი ბავშვი გახდება, ჩვილთა საყოველთაო 38-ე ნათლობა ნათლისღების დღესასწაულზე, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება.
უწმინდესის ნათლულებს ტრადიციულად საჩუქრად ნათლობის მოწმობა, ჯვარი და პატრიარქის საშობაო ეპისტოლე გადაეცემათ.
“კვირა“დაინტერესდა, ეხმარება თუ არა საქართველოს საპატრიარქო, უწმინდესი ნათლულებს მატერიალურად და რა პრინციპით ხდება ასეთი ოჯახების შერჩევა.
როგორც საყოველთაო ნათლობის საორგანიზაციო ჯგუფში აცხადებენ, საპატრიარქოს სპეციალური პროგრამა, რომელიც პატრიარქის ნათლულების ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს, არ აქვს. საორგანიზაციო ჯგუფის წევრი ლელა ჩუბინიძე „კვირასთან“ საუბრისას აცხადებს, რომ პატრიარქის ნათლული ბავშვების ოჯახების დახმარება საპატრიარქოში შესულ შემწირულობებზეა დამოკიდებული.
შემოწირულობები რიგდება იმ კატეგორიის ოჯახებზე, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ დახმარებას.
“კვირა“ დაინტერესდა, თუ რა პრინციპით ხდება ასეთი კატეგორიის ოჯახების შერჩევა.
როგორც საინიციატივო ჯგუფში აცხადებენ, არსებობს ანკეტა, რომელსაც დახმარების მსურველი ოჯახები ავსებენ, ასევე მათთან იმართება შეხვედრები და საპატრიარქოს წარმომადგენლები პირადად ისმენენ პატრიარქის ნათლულების ოჯახების საჭიროებების შესახებ.10927931_336996053173251_17114117_n
საპატრიარქოში შესული შემოწირულობები სწორედ ასეთი კატეგორიის ოჯახებზე ნაწილდება.
“ჩვენი მხრიდან პატრიარქის ნათლულების ოჯახების დახმარება დამოკიდებულია საპატრიარქოში შემოსულ შემოწირულობებზე . ოფიციალურად არ გვაქვს პროგრამა, რომელიც გეგმიურ დახმარებას ითვალისწინებს. ყოფილა შემთხვევა, რომ პატრიარქის ნათლულების ოჯახებს ერთდჯერადად ფინანსურადაც დავხმარებივართ. პატრიარქის ნათლულების იმ ოჯახებს, რომლებიც ხელმოკლედ ცხოვრობენ, გადავცემთ შემოწირულობებს, ეს შეიძლება იყოს ტანისამოსი, ფეხსაცმელი, ასევე მედიკამენტები. დახმარების მსურველი ოჯახები ავსებენ ანკეტებს, ასევე უშუალოდ ვსტუმრობთ უწმინდესის ნათლულების ოჯახებს, შემდეგ საპატრიარქოში შემოსული შემოწირულობები მათზე ნაწილდება, ვცდილობთ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში მაქსიმალურად დავეხმაროთ უწმინდესისი ნათლულებს და მათი ოჯახის დანარჩენ წევრებს“, – განუცხადა “კვირას“ ლელა ჩუბინიძემ.
როსტიაშვილების თერთმეტსულიანი ოჯახი ერთ-ერთია, რომელთაც საპატრიარქო წლებია პროდუქტითა და ტანისამოსით ეხმარება. უწმინდესის ნათლული მათი ბოლო-მეცხრე შვილი – ნინოა.
როსტიაშვილები გლდანში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ, მათ სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ.
მათ ერთადერთ ფინანსურ შემოსავალს სწორედ აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახებისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი დახმარებაა.
“კვირა“ როსტიაშვილების ოჯახის დიასახლისს ირმა როსტიაშვილს ესაუბრა.
“ როცა პატრიარქმა მესამე და შემდეგომი შვილის მონათვლის ტრადიციის დამკვიდრების შესახებ განაცხადა, რვა შვილი უკვე გვყავდა, თითქმის ყველა მათგანის ნათლია სასულიერო პირია. თუმცა, ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, რომ ოჯახში პატრიარქის ნათლული გვყოლოდა და გაგვიჩნდა პატარა ნინო, რომელიც უწმინდესმა მონათლა, ნინო უკვე ხუთი წლისაა. სოციალურად დაუცველების სტატუსი გვაქვს, არც მე და არც ჩემი მეუღლე არ ვმუშაობთ, ის დახმარება, რომელსაც საპატრიარქო გვიწევს, ჩვენი ოჯახისთვის სერიოზული შვებაა. გვეხმარებიან პროდუქტით, ტანსაცმლით, ფეხსაცმელებით, და ყველაზე მთავარი – უკიდურესი სიდუხჭირის მიუხედავად, უწმინდესისი ლოცვა და მისი მზრუნველობა გვაძლევს ყველაზე დიდი იმედს, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება“, – აცხადებს ირმა რუსიტაშვილი.
ცნობისთვის, 2014 წელს საქართველოში 60 736 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში დაბადებულთა უმრავლესობა – 51.65 % (31 371) ვაჟია და 48.35 % (29 318) გოგონა. ყველაზე მეტი ბავშვი (5 755 – 2 978 ბიჭი და 2 777 გოგო) 2014 წლის ივლისში დაიბადა. დაბადების რეგისტრაციის კუთხით ლიდერი ქალაქებია: თბილისი –15 454; ბათუმი – 2 695; ქუთაისი –2 541; გორი – 2 049; რუსთავი – 2 029. რაც შეეხება რაიონების მისამართების მიხედვით ახალშობილთა რეგისტრაციას: იმერეთში 8 516 ბავშვი დარეგისტრირდა, ქვემო–ქართლში–7 209; აჭარაში–6 139, კახეთში–5 425; სამეგრელო–ზემო სვანეთში–4 138, შიდა ქართლში–4 014, აფხაზეთის მისამართებზე – 3 285 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა, სამცხე–ჯავახეთში–2 397, გურიაში–1 690, მცხეთა–მთიანეთში–1 436, ცხინვალის მისამართბზე 429 ახალშობილის რეგისტრაცია მოხდა, ხოლო რაჭა–ლეჩხუმ–ქვემო სვანეთში 400 ახალშობილი დარეგისტრირდა.
გასული ექვსი წლის დაბადების რეგისტრაციის მაჩვენებელი კი ამგვარია: 2013 წელს 57 860 ახალშობილს დაიბადა, 2012 წელს – 58 175, 2011 წელს–59 381, 2010 წელს– 63 726, 2009 წელს–63 806, ხოლო 2008 წელს 57 976 ახალშობილი დაიბადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები