„მანდარინების“ სცენარის ისტორია – რა ინტერესი ჰქონდა ესტონურ მხარეს

კინომცოდნეებს მიაჩნიათ, რომ რეჟისორ ზაზა ურუშაძის “მანდარინები” ქართულ-ესტონური კულტურული დიპლომატიური ურთიერთობისთვის ერთ-ერთი ძლიერი მონაპოვარია.
ფილმის სცენარი დოკუმენტურ ფაქტებზეა დაფუძნებული. კერძოდ, მხატვრული ფილმის მთავარი ეპიზოდი აფხაზეთში ესტონელების ცხოვრებას ეხება.
პრეისტორია: სოფელი „ესტონკა“ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაახლოებით მე-19 საუკუნის ბოლოს და მე-20 საუკუნის დასაწყისში გაჩნდა. სწორედ ამ პერიოდში აფხაზეთის ტერიტორიაზე ესტონელები დასახლდნენ. სოხუმიდან 12 კმ-ის მოშორებით გულრიფშის რაიონის სოფელი „ესტონკა“ გაშენდა.
10928098_891233774232450_1280598334_n„მათ შექმნეს თავიანთი თემი. ეს ხალხი გამოირჩეოდა თავიანთი კულტურით, ქცევით, აფხაზეთში შემოიტანეს სხვადასხვა მცენარის ნაირსახეობა და აფხაზეთის ფლორა უფრო გაამრავალფეროვნეს. მთელი ბავშვობა იქ გავატარე, ამ სოფელში ნათესავები მყავდა და ხშირად ვისვენებდი“, – იხსენებს წარსულს „კვირასთან“ საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილი მინისტრი გურამ ოდიშარია.
აფხაზეთის ომის დროს, 1993 წელს, სოფელი „ესტონკა“ დაცარიელდა. ესტონეთის მთავრობამ აფხაზეთში დასახლებულ ესტონელებზე იზრუნა და საომარ მოქმედებებს განარიდა. „ესტონკელები“ ესტონეთში გადასახლდნენ. თუმცა, აფხაზეთის ომის დროს „ესტონკა“ ზოგიერთებმა მაინც ვერ მიატოვეს. „მანდარინების“ სცენარში სწორედ ეს ისტორიაა გადმოცემული.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პერსონაჟებს ქართველ მსახიობებთან ერთად ესტონელი არტისტებიც ანსახიერებენ.
„მთელი ომის პერიოდში აფხაზეთში ვიყავი. ვხედავდი, როგორ დატოვეს ესტონელებმა აფხაზეთი. ეს იყო თვალსაჩინო მაგალითი იმისა, რომ მთავრობამ საკუთარი ხალხი არ მიატოვა და როგორ ზრუნავდნენ მათზე. ესტონეთის მთავრობამ აფხაზეთში დასახლებულ ესტონელებზე იზრუნა, მაგრამ აფხაზეთში მაინც დარჩა რამდენიმე ესტონური ოჯახი, რომლებმაც ომის პერიოდშიც არ მიატოვეს აფხაზეთი. ზაზას ფილმშიც ზუსტად იმ ოჯახების ცხოვრებაა გადმოცემული, რომლებიც თავის დროზე იქ დარჩნენ. მაშინ, 1992-93 წლებში, ესტონეთის მთავრობის მსგავსად, ბერძნულმა და ებრაულმა მხარეებმა საკუთარი ხალხი აფხაზეთიდან გაიყვანეს“,- ამბობს გურამ ოდიშარია.10921902_891233820899112_1332928345_n
როგორ იქმნებოდა ფილმი “მანდარინები”, “კვირას” ამის შესახებ საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თამარ ტატიშვილი ესაუბრა. 2011 წელს, საქართველოს ეროვნულ კინო-ცენტრში გამართულ კონკურსში „მანდარინებმა“ გაიმარჯვა. ის მაშინ ჯერ პროექტის სახით არსებობდა, თუმცა კინომცოდნეები „მანდარინებს“ დიდ წარმატებებს უწინასწარმეტყველებდნენ. ესტონეთის მთავრობის დაფინანსების ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო, რომ იქ, აფხაზეთში ესტონელები ცხოვრობდნენ, რაც სცენარშიც აღნიშნული იყო.
„2011 წელს, ფილმის წარმოების პროცესში მთელი რიგი ტექნიკური პრობლემები არსებობდა. ზაზა ურუშაძეს ესტონელი პროდიუსერი სჭირდებოდა. ამიტომ, პირადად ჩავედი ესტონეთში და ესტონეთის კინოპრიოდიუსერთან დაკავშირება მოვაგვარე. ამის შემდეგ პროექტმა მოიპოვა ესტონეთის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერა, ანუ რეალურად პირველი დამფინანსებელი ეროვნული კინოცენტრი იყო. რადგან პროექტი ორი ქვეყნის ისტორიას ასახავდა, აქედან გამომდინარე, ძალიან საინტერესო იყო ორივე ქვეყნის კულტურულ – დიპლომატიური ურთიერთობებისთვის. „მანდარინები“ ერთ-ერთი ძლიერი მონაპოვარია“, – აღნიშნა „კვირასთან“ საუბრისას საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა თამარ ტატიშვილმა.
მისი თქმით, ფილმის წარმოების პირველ ეტაპზე ქართულმა მხარემ დაახლოებით 250 ათასი ლარი გამოყო, ხოლო ესტონეთის მხარემ – 100 ათასი ევრო.10928599_891233687565792_1658050772_n
„ეს იყო ჩვენს – თანამედროვე ისტორიაში პირველი ესტონურ-ქართული ოფიციალური კოპროდუქცია, ანუ ფილმი ესტონეთში ითვლება ესტონურად, ხოლო საქართველოში – ქართულად, რაც ფილმს აძლევდა იმის საშუალებას, რომ დაფინანსება და მხარდაჭერა როგორც ესტონეთში, ასევე საქართველოში მოეპოვებინა. გარდა ამისა, ფილმის წარმოებას მხარი დაუჭირა ევროპის კავშირის კინოს განვითარების ფონდმა „ევრიმაჟი“. საკმაოდ ბევრი ფონდი უჭერდა მხარს ამ ფილმს, მაშინ, როდესაც ფილმი ჯერ კიდევ სასცენარო, ანუ პროექტის დონეზე იყო. როდესაც ვარშავის კინოფესტივალზე და შემდეგ სხვა ფესტივალებზე „მანდარინების“ პრემიერა შედგა, ყველგან ითქვა, რომ ეს არის ესტონურ-ქართული კოპროდუქცია. „ოსკარის“ ნომინაციაში რატომ წარდგა მხოლოდ ესტონურის სახელით? ეს იმიტომ მოხდა, რომ 2014 წელს ესტონეთმა ნომინაციებში პირდაპირ წარადგინა და დაასახელა „მანდარინები“. ჩვენ ძალიან მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდით – ეს არის ჩემი შეფასება“, – აღნიშნა თამარ ტატიშვილმა.
როგორც „კვირასთან“ საუბრისას კულტურისა და ძეგლთა დაცვის ყოფილმა მინისტრმა გურამ ოდიშარიამ აღნიშნა, მასთან ფილმის რეჟისორი ზაზა ურუშაძე ფინანსური დახმარებისთვის 2013 წელს მივიდა.
„ზაზა ჩემთან იმ დროს მოვიდა, როდესაც ესტონეთის მხარეს ფილმის წარმოება უკვე დაფინანსებული ჰქონდა, მაგრამ გადაღებებისთვის გარკვეული თანხა 10921867_891233787565782_295692995_nკიდევ აკლდებოდათ. ჩემთან მოვიდა დამატებითი ფინანსური დახმარებისთვის. როდესაც ფილმის სცენარი წავიკითხე, მივხვდი, რომ ძალიან დიდ ფილმთან გვქონდა საქმე, რომლითაც დაინტერესდებოდა მთელი მსოფლიო. ის, რაც აფხაზეთში დატრიალდა, ფაქტობრივად იმის ანალოგიაა, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ამიტომ მოვალე ვიყავი, რომ თანაფინანსებაში მონაწილეობა მიგვეღო და ფილმის გადაღებისთვის ხელი შეგვეწყო. ფილმი ძალიან ძვირად ღირებული იყო. ჩვენ, სარეზერვო ფონდიდან გავიღეთ დაახლოებით 600 – 700 ათასი ლარი. „მანდარინების“ „ოსკარზე“ წარდგენა უკვე ისტორიაა და ჩვენი – საქართველოს გამარჯვებაა“, – ამბობს გურამ ოდიშარია. „ოსკარზე“ ნომინირებული ფილმის „მანდარინების“ რეჟისორი ზაზა ურუშაძე საქართველოში დღეს ჩამოვიდა.
ზაზა ურუშაძის ფილმი “მანდარინები” „ოსკარზე“ ნომინირებულ ხუთ საუკეთესო უცხოენოვან ფილმს შორის მოხვდა.
ფილმი ესტონურ – ქართული კოპროდუქციაა და მისი მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ეროვნული კინოცენტრი, ევროპის საბჭოს კინოს განვითარებისა და მხარდაჭერის ფონდი ევრიმაჟი, ესტონეთის ეროვნული კინოცენტრი, ესტონეთის კინოს ფონდი და ესტონეთის კულტურის სამინისტრო.

იზა შაქარაშვილი

10928545_891235207565640_1657134336_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები